ჯარისკაცები სახალხო დამცველისგან შველას ითხოვენ
ჯარისკაცები სახალხო დამცველისგან შველას ითხოვენ [”ინტერპრესნიუსი”]
თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონიდან დათხოვნილმა 34-მა ჯარისკაცმა საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს მიმართა.როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის მოადგილემ სოფიკო ხორგუანმა აცნობა, განცხადებაში ჯარისკაცები აღნიშნავენ, რომ მათზე დეზერტირობის მუხლით გამოძიებაა დაწყებული.
- ”ჯარისკაცების განცხადების მიხედვით, ისინი საბრძოლო მოქმედებებში 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ მონაწილეობდნენ. განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც ავიაცია ტერიტორიას ბომბავდა, ჯარისკაცები გაიფანტნენ, რის შემდეგაც ისინი სამხედრო ბაზას დაუბრუნდნენ. ბაზაზე დაბრუნებულ ჯარისკაცებს უთხრეს, რომ გათავისუფლებულები იყვნენ და დეზერტირობაზე გამოძიება იყო დაწყებული. მათ ყველა მოწმობა და ბარათები ჩამოართვეს”,-განაცხადა ხორგუანმა.
მისივე ინფორმაციით, სახალხო დამცველისთვის ჯარისკაცებს, გარდა ამ განცხადებისა, არ წარუდგენიათ სხვა არანაირი დოკუმენტი, რაც მათ გათავისუფლებას დადასტურებდა.
როგორც ხორგუანმა აღნიშნა, სახალხო დამცველმა თავდაცვის სამინისტროს მიმართა და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ჯარისკაცების ბრაძანებები ითხოვა, ასევე მოტივაცია, თუ რატომ გაათავისუფლეს ისინი.
- ”გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციას, შეიარაღებული ძალებიდან რამდენი ადამიანია დათხოვილი და რა საფუძვლით, რამდენზეა გამოძიება დაწყებული და რამდენზე - დისციპლინური დევნა. ჩვენ ამ წერილით თავდაცვის სამინისტროს 5 სექტემბერს მივმართეთ. მათ ორკვირიანი ვადა აქვთ პასუხის გასაცემად”,-აღნიშნა ხორგუანმა.
სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატში ასეთი ტიპის ერთადერთი ფაქტია შესული.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3912