კოდორელი დევნილები მარჯანიშვილის ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან
კოდორელი დევნილები მარჯანიშვილის ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან
[ნათია ნოდია. ”ვერსია”]თბილისში პლეხანოვზე, მოძველებულ ადმინსტრაციულ შენობაში, კოდორიდან დევნილი 80 ოჯახი, სულ 220 ადამიანია შესახლებული. ფოიეში, ქალები სხედან და ხეობას იხსნებენ, ჟურნალისტებთან შეხვედრას არ ერიდებიან, პირიქით, აქტიურად ერთვებიან საუბარში და კითხვებსაც სვამენ:
რატომ არაფერს წერენ კოდორის ხეობაზე? ჩვენ არ ვართ ქართველები? თუ ხეობის გაკონტროლებას კოდორის დაბრუნება დაერქვა, რატომ დაკარგვაზე არაფერს ამბობენ? თავად ხეობის მკვიდრნი, იქაურ ამბებს სვანებისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით ჰყვებიან.
როენა არღვლიანი, 70 წლის: სანამ ხეობას დავტოვებდი, წინა ღამეს უსიამოვნო შემთხვევა მოხდა, 4 რუსულმა თვითმფრინავმა ჩხალთას თავზე ხმაურით გადაიფრინა, შემეშინდა, მთელი ღამე, მე და ჩემი მეუღლე (ისიც ასაკოვანია, 80 წლის) ჩაცმულები მივწექით.
მეორე დილიდან, დაბომბვა დაიწყო, კმ-ის მოშორებით საკენს ბომბავდნენ, საშინელი ზრიალი იყო, იმ დღეს, საკუთარი ყურით მოვისმინე, სამხედრო პირი ტელეფონით საუბრობდა, ცეცხლი არ გახსნათ, ბრძანებამდე.
იმავე დღეს, უკვე გამოაცხდეს, რომ ჩხალთა უნდა დაგვეტოვებინა, არაფერი წამომიგვიღია, უკან მოუხედავად გამოვიქეცით და ვართ ამ გაუსაძლის პირობებში, უწყლოდ, უდენოდ, უგაზოდ, საწოლები არ არის საკმარისი რაოდენობის და გარეთ მიწევს დაძინება. დღე კიდევ არაფერი, დაღამდება და უკუნ სიბნელეში ვართ. ერთადერთი ნათურაა, ისიც შემოსასვლეში ბჟუტავს.
ლამარა მარგველიანი, 25 წლის: ჩვილი ბავშვიანი ვარ, აქ ელემნტარული საცხოვრებელი პირობები არ არის, ამიტომ ჩემს დას გამოვართვი, გაზი და დავიდგი, წყალი არ არის, მაგრამ ახლოს, კაფე-ბარია და იქედან მოგვქონდა, დღეს უკვე, გადაგვიკეტეს, ეტყობა ძალიან შევაწუხეთ, საქართველოში ჩვენისთანა გაჭირვებული მილიონია , ვისაც თბილისში ჰყავს ახლობელი დღის განმავლობაში მაინც მასთან რჩება, დანარჩენებმა რა უნდა ჰქნან, სხვისი არაფერი გვინდოდა და სამათხოვროდ კი გაგვიხდა საქმე.
ახალგაზრდა ქალბატონი: როცა თბილისში მოვაღწიეთ, თავდაპირველად, სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ და განათლების სამინისტროს მივადექით, იქ გულისხმიერი გოგონები დაგვხდნენ, ამ შენობის კარი გაგვიღეს.
მას შემდეგ არსად წავსულვართ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ასეთი გაუსაძლისი პირობები სხვაგან არ ყოფილა. ჩემი მეზობლები, ახლობლები სხვა და სხვა ობიექტებზე გადაანაწილეს, წყალი და დენი აქვთ, ამბობენ, დელისთან ყოფილი სასამართლოს შენობაა და იქ გადაგიყვანენო, ჯერჯერობით, საშველი არ ჩანს.
როზეტა არაქნია, 50 წლის: აქ ერთმა ქალმა მითხრა: არ გეგონოთ დიდხანს გაგაჩერებთ, თქვენს სამშობლოში წადითო. პედაგოგი ვარ, ჩემი სამყოფი ყველაფერი მქონდა, ჯერ მარტო, იმდენი საქონელი გვყავდა, პლეხანოვზე, ან ვაკეში ბინას თავისუფლად ვიყიდდი, ეხლა, თურმე, ქართველები არ ვყოფილვართ, დღეს, მთავარი აქცენტი გორზე კეთდება, “ზაკვოს” შენობაში გადაგვიყვანდნენ, მაგრამ გორელ დევნილებს ცოცხალი თავით არ უნდათ იქაურობის დატოვება, არადა, ამ პირობებში სადამდე გაძლებს ადამიანი? როგორც თქვენ გცივათ, ისე ჩვენთვისაც ძნელია, უტანსაცმლოდ, ყველაფრის გარეშე ვართ. ისე დავტოვეთ ხეობა, საბუთებიც არ წამოგვიღია.
გარეთ, დამპალი კარადა ეგდო, გადავაბრუნე და საწოლად ვაქციე, ეს გადასაფარებელი ფარავს, ალბათ, მშვენიერი ტახტი გეგონათ კიდევ გვეუბნებიან , შუა ღამეს შეგამოწმებთ და შენობაში იყავითო, ვერ დავაკონკრეტებ ვინ, არ მინდა ახალი პრობლემები, თავად გაჩერდნენ ამ უკუნ სიბნენლეში, კისერს მოიტეხს ადამიანი, თანაც ჰიგიენის დაცვა ხომ გვინდა? ჩემი შვილიშვილ მყავდა, 2 წლის ბავში მოყვანილი და ყელ-ყურის ინფექცია დაემართა. იატაკს ყოველ დღე მოვწმენდდი, მაგრამ წყალი არ გვაქვს, ახლო მდებარე კაფე-ბარშიც გადაგვიკეტეს. ვარ ასე, მათხოვრად ქცეული, პირველ სექტემბერს ტირილით შევხვდი, ყვევილები მაინც ვიყიდე, რომ ცხოვრება გამეხალისებინა.
ეხლა,ამ შენობაშიც აღარ დაგვაყენებენ თურმე, კერძო პირი გამოჩნდა, ეს ფართი იჯარით მაქვს აღებული, ცოტა ხანი გიყურებთ, მერე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას ჩამოგიხსნით, რადგან ჩემი საკუთრებააო, ზღავრი გაგვივლო, ამის იქეთ აღარავინ ჩასახლდეს, ისედაც საკუთარ ტერიტორიას გიყოფთო, თუ რამე არ გამოსწორდა, აქ ჩასახლებულ დევნილებმა მარჯანიშვილის გადაკეტვა გადავწყვიტეთ, თუ “დუბინკებს” დაგვცხებენ? არც ეს გამიკვირდება, ხეობაა ჩააბარეს და მოგვხედონ არაფერი უჭირთ, დამიჭერენ და კიდევ უკეთესი, ციხეში სამჯერადი კვება, საკუთარი საწოლი და უკეთესი პირობები მაინც იქნება, ნეტავ, ხეობაში ჩავეხოცეთ, ჩემი მეუღლე, არ ჭამს, არ სვამს, ღამეებია არ სძინავს, ყველანი დათრგუნულები ვართ.
გიორგი არღვლიანი, აჟარიდან დევნილის მამა: 1993 წელს, სოხუმიდან დევნილი ვარ, აქ რაც პირობებია, მაშინ აფხაზეთის დევნილებისთვის, რომ შეექმნათ, ღმერთს მადლობას ვეტყოდი, რა თქმა უნდა, კარგი მდგომარეობა არ არის, თანაც სხვა დევნილებთან უკეთესი სიტუაციაა, ალბათ, ამ შენობსაც მიხედავენ, კოდორელები უფალმა დაგვიფარა, რომ მსხერპლი არ ყოფილა და ამით მაინც ვართ ბედნიერები, სტუმრის მიღება სხვანაირი ვიცით, მაგრამ დღეს, თავად ვართ სტუმრები, სამწუხაროდ.
მინდა გითხრათ, ხეობის ხალხთან მჭიდრო ურთეიერთობა მაქვს და ვიცი, კვიციანს ხმებს უვრცელებენ, თითქოს, კოდორში გამოჩნდა, სიმართლე არ არის, 3 წელია ხეობაში არ გვინახავს.
კოდორელებმა უწინდელი უდარდელი ცხოვრება გაიხსენეს და “ ვერსიას” გულისნადები სვანური სიალალით გაანდეს:
“იმედი გვქონდა, ჩვენი სამხედროები დაგვიცავდნენ, იმიტომ რომ, ხეობაში დიდი რაოდენობით იყნენ მობილიზებული, ვერ ვხდები, კვიციანის გაქცევის შემდეგ, რატომ განგვაირაღეს? ჩვენ რომ გვქონოდა, ასე იოლად არ დავთმობდით ხეობას”.
“კვიციანი და მისი გარემოცვა 13 წელი ინახავდა კოდორს, ამ ხელისუფლებამ კი, წელიწადნახევარში დაკარგა. უმადურობა არ დაგვწამონ, რა თქმა უნდა, კვიციანის პირობებში ის ცხოვრება არ გვქონდა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ შეგვიქმნა: გზა გააკეთა, დენი 24 საათის განმავლობაში, თანაც უფასოდ. ყველაფრის მიუხედავად, ძველი დრო გვერჩია საკუთარ სახლებში ვცხოვრობდით, არ გვინდა თბილისი, დაგვაბრუნონ და ჩვენი ხის ძირიდან ისევ ავიწყობთ ცხოვრებას. რატომღაც არ ხმაურდება, რომ ხეობის სოფელი ბუძუგური რუსმა სამხედრობემა გადაწვეს, რადგან ჩვენმა მეომარმა იქედან საპასუხო ცეცხლი გახსნა”.
როზეტა არაქანია: რაც შეეხება, კოდორში ჩარჩენილ მოსახლეობას, მხოლოდ ათეულობით ოჯახია, მოხუცები და საზაფხულო საძოვარს შერჩენილი კაცები. თურმე, სოხუმიდან დღეში სამჯერ ამოდიან სეპარატისტები და იქაურებს ამოწმებენ, საქონლი სულ გადაურეკიათ აფხაზეთში, ეხლა, იმუქრებიან, თუ აჯარის მონატერს რუსულად არ გადააკეთებთ, მაშინ აქედან მიბრძანდითო.
ხოლო ამ მონასტერში, პატრიარქის კურთხევით, ერის გადასარჩენად გაძლიერებული წირვა-ლოცვა ტარდება. სასულიერო პირები არ ტოვებენ მონასტერს, ეს მონასტერიღა შემოგვრჩა ჩვენი ხეობიდან, ერთადერთი იმედი და სასოებაა. აქ შეფარებულები კი, ვართ ბედს შეგუებული და დღეები ჰუმანიტარული დახმარების მოლოდიმში გაგვაქს, ასეთ ცხოვრებას მოვესწარით.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3995