უკრაინაში "მართლმადიდებელთა საზოგადოება" ქვეყნის ნატო-ში შესვლას აპროტესტებს
უკრაინაში "მართლმადიდებელთა საზოგადოება" ქვეყნის ნატო-ში შესვლას აპროტესტებს
მსვლელობის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ იმ წერილის გამოწვევას, რომელიც უკრაინის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმის დაწყებას უკავშირდება.
მსვლელობა კიევის პეჩორის ლავრის წმინდა უსპენსკის ტაძრიდან დაიწყება და დასრულდება საარბიტრაჟო სასამართლოსთან, სადაც დღეს უნდა განიხილონ მართლმადიდებელი საზოგადოების სარჩელი ხელისუფლების მიმართ "ნატო-ში უკრაინის უკანონო ჩათრევის შესახებ".
მსვლელობის დროს მონაწილეები ლოცვით შეჩერდებიან უმაღლესი რადას, მთავრობის, პრეზიდენტის სამდივნოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობებთან.
მსვლელობის ორგანიზატორები, "სრულიად უკრაინელთა საზოგადოება მართლმადიდებლური არჩევანის" წევრები მიიჩნევენ, რომ ნატო-ს წევრობის შემთხვევაში უკრაინა გადაიქცევა ალიანსის პლაცდარმად რუსეთის და ბელორუსის წინააღმდეგ.
"ნებისმიერ მომენტში ჩვენი ქვეყანა, შესაძლებელია, დასავლეთმა საომარი გეგმებისთვის გამოიყენოს ", -განაცხადეს მსვლელობის ორგანიზატორებმა.
ამასთან, "მართლმადიდებელთა ორგანიზაცია" მხარს უჭერს პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს იმპიჩმენტს. ისინი ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვენ.
