ბათუმში ჯარისკაცი წამებით მოკლეს
ბათუმში ჯარისკაცი წამებით მოკლეს
[ნინო მიქიაშვილი. ”რეზონანსი”]ომიდან დაბრუნებული ქართველი ჯარისკაცი - უფროსი სერჟანტიროინ (რომა) შავაძე 16 აგვისტოს ბათუმში ნიღბიანმა სპეცნაზელებმა დააკავეს. შავაძის ცხედარი იმავე დღეს გვიან საღამოს ბათუმის საავადმყოფოს პროზექტურიდან სახლში მიასვენეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული,მაგრამ ოფიციალური სტრუქტურები კომენტარს არ აკეთებენ.
სახალხო დამცველის ოფისი როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს. “ის არის სასტიკად ნაწამები. ეს ის საქმეა, რომელსაც ძალიან ფართო საერთაშორისო რეზონანსი უნდა მიეცეს. ოჯახი რომც გაჩუმდეს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დამნაშავეებმა, მკვლელებმა, მწამებლებმა პასუხი აგონ,” - აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე კი ამბობს, რომ მიუხედავად მუქარისა, სანამ ცოცხალია, გაჩუმებას არ აპირებს.
“ქართველ ჯარისკაცს ნიღბიანები რომ მივარდნენ, გვეგონა ბათუმში მტერი შემოვიდა და აქ პანიკა ატყდა,” - იხსენებენ შავაძის დაკავების თვითმხილველები. “არ ვიცი, საქმე რა მუხლითაა აღძრული, მაგრამ ვიცი, თითქოს ეჭვი მიიტანეს, რომ შავაძე მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობდა. ის დააპატიმრეს და თბილისში გადაყვანის დროს, გაქცევის მცდელობისას დაიღუპა,” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ მახარაძემ.
როინ შავაძის შესახებ ანალოგიური შინაარსის ხმები მისი დაკავებისთანავე გავრცელდა. ბათუმელები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ შავაძის წინააღმდეგ სს საქმე სამშობლოს მოღალატეობის მუხლითაა აღძრული, რაც ჩვენს მიერ ჩატარებული ჟურნალისტური მოკვლევით არ დასტურდება.
“რეზონანსმა” როინ შავაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა 11 სექტემბერს დაიწყო. იქიდან მოყოლებული დღემდე შევხვდით და ვესაუბრეთ შავაძის დაკავების თვითმხილველებს; იმ ადამიანებს, რომლებმაც იგი დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ნახეს; სახალხო დამცველის რწმუნებულს; ექიმს, რომელმაც ცხედარი დაათვალიერა; ადვოკატებს; მის მეუღლეს და საქართველოს სახალხო დამცველს. ოფიციალურმა სტრუქტურებმა, გარდა იუსტიციის სამინისტროსი, “რეზონანსთან” კომენტარის გაკეთება არ მოისურვეს. ჯარისკაცის მეუღლესთან და ადვოკატებთან პირად საუბრებში სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ საქმე ორი მუხლითაა აღძრული - განზრახ მკვლელობა (108) და ნარკოტიკები (260).
როინ შავაძე რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 აგვისტოს დაბრუნდა. მისი მეუღლის, ციცინო შავაძის თქმით, ბათუმში ჩასვლამდე თბილისში იარაღი ჩააბარა და სახლში მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა.
ციცინო შავაძე: “დასვრილი, გაშავებული იყო, ფეხები დახეთქილი ჰქონდა. საერთოდ, ფიზიკურად ჯანმრთელი იყო, ჭამა ძალიან უყვარდა, მაგრამ იმ დღეს მის საყვარელ კერძებს პირი არ დააკარა; წყალზეც უარი თქვა - ყელი მეკეტება; მომაკვდავ ბიჭებს წყალი უნდოდათ და მე წვეთიც არ შემეძლო მიმეწვდინაო. იმდენად დაღლილი იყო, საუბარი უჭირდა; დივანზე ჩაეძინა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ სამზარეულოში მყოფს ხმაური შემომესმა; ოთახში შევბრუნდი; დივანიდან გადმოვარდნილი იატაკზე იყო და ძილში ყვიროდა: “გაითვალეთ ბიჭებო! მესამე-მეოთხე გვაკლია.” გონზე ძლივს მოვიყვანე; “სადა ვარო”, - იკითხა და დავამშვიდე - სახლში ხარ-მეთქი. მაშინ პირველად ვნახე მისი ტირილი. რას ნიშნავს მესამე-მეოთხე გვაკლია-მეთქი, ვკითხე და მხოლოდ ის მითხრა - “ყველას სახელებს არ ვიძახდით და ასე ვითვლიდით, რომელიმე ხომ არ გვაკლიაო.” ომის დეტალებზე კითხვებს ვუსვამდი, მაგრამ მთხოვდა შემეწყვიტა - “ეს არ არის თქვენი საქმე; არ მინდა ტელევიზორი ჩართოთ და ნახოთ, რადგან ეს სახარბიელო არ არის. დაიჯერეთ, რომ ყველაფერი კარგადაა. აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენია და ჩვენი იქნებაო”. საერთოდ, რომა სამსახურებრივ საკითხებზე სახლში არასდროს ლაპარაკობდა”.
ციცინო შავაძის თქმით, 15 აგვისტოს მისი მეუღლე ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაში მივიდა, საიდანაც უკან მობრუნებულმა განაცხადა - “ხვალიდან სამსახურში გავდივარო.” როინ შავაძე სენაკის 23-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდა, მზვერავი გახლდათ; 2005 წლის 1 დეკემბრიდან 2006 წლის 1 ივნისადმე ერაყში სამშვიდობო მისიას ასრულებდა. მანამდე, იგი სხვა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს. მიღებული აქვს მედლები, ჯილდოები და სერთიფიკატები, როგორც ქართული, ისე ამერიკული მხრიდან. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მის ოჯახში ინახება.
ომში სენაკიდან წავიდა. ციცინო შავაძე ამბობს, რომ მის მეუღლეს ბათუმიდან სენაკში ხშირი მიმოსვლა უჭირდა და იმისთვის, რომ ოჯახთან ერთად ყოფილიყო, სენაკიდან ხელვაჩაურში გადასასვლელად მზადებას ომის დაწყებამდე შეუდგა და ეს პროცესი საბოლოოდ 15 სექტემბერს დაასრულა.
- “იმ დღეს ფარაონებზე მხატვრული ფილმი გადიოდა და გვიანობამდე უყურებდა. დაახლოებით ღამის სამის ნახევარზექუჩიდან დაძახილი შემოისმა - “რომა, რომაო” და წამოხტა. ჩვენ მეორე სართულზე, ერთოოთახიან ბინაში ვცხოვრობთ. რომამ ფანჯრიდანგაიხედა - “მაქედან რატომ იძახი, “მაიმუნა”?! მობრძანდიო”, -სამჯერ სთხოვა.
- “არა საქმე გვაქვს და თუ შეგიძლია ჩამოდიო”, -უპასუხა. “პრობლემა არ არის, მაისურს ჩავიცვამო”, - მიუგო,ფლოსტები ჩაიცვა და ჩავიდა. ამ კაცის სახელი ქალაქიდან ვიცოდი და მასზე ცუდი წარმოდგენა მქონდა. “მაიმუნა” ადრე მუშაობდა“ობეერში” (ასლან აბაშიძის მიერ შექმნილი სპეცნაზი) და რომა, რომელიც ასევე “ობეერში” მუშაობდა, მას იქიდან იცნობდა.
ჩვენს სახლთან ორი შავი “მერსედესით” იყვნენ მოსულები. სანამ ჩავიდოდა, ფანჯრიდან დავინახე, “მაიმუნა” ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდა: “სახლშია და ჩამოდისო.” მას ჩემი მეუღლე ქუჩის მეორე მხარეს ესაუბრებოდა. რომას ხმა გავიგონე: “არსად არ მივდივარ, მე აქ ვარ “მაიმუნა”, რა პრობლემააო?!” “მაშინ თუ პრობლემა არ არის, მანქანაში დაჯექიო” და რომაც დაჯდა. მანამდე რომამ “მაიმუნას” მაისური წამოუწია და უთხრა - “ნუთუ შენ ჩემთან ასე გჭირდებოდა მოსვლაო?!” ეს გარკვევით დავინახე და გავიგონე. სახლში დაბრუნებულმა რომამ ჩემი ეჭვი დაადასტურა - მის წასაყვანად მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ მოსულები”.
რაც შეეხება “მაიმუნას” - ესაა გიორგი ჩიქოვანის მეტსახელი,რომელზეც ბათუმელები ამბობენ, რომ უპრობლემოდ ადის პირველიდან მეოთხე სართულზე და სხვა “საგმირო” საქმეებსაც ჩადისო. მაგალითად, 2007 წლის 28 აგვისტოს, ბათუმში ერას ქუჩაზე მეოთხე სართულზე ცოცვით ავიდა და განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა მისი ნაცნობი ქალბატონი, ბათუმელი ს.წ.; ჩიქოვანი მაშინ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, იგივე კუდი-ს, აჭარის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი, გამომძიებელი იყო.
ციცინო შავაძის განმარტებით, 2008 წლის 16 აგვისტოს შუაღამეს როინ შავაძე სახლში დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა: “რა ხდება-მეთქი, - ვკითხე. გზაში “მაიმუნას” უკითხავს - “თუ იცი რამდენია მკვდარიო?” ამის გამო რომა აღელვებული იყო - “ნუთუ უნდა მომკლანო?!”
16 აგვისტო გათენდა და როინ შავაძე სახლიდან სამსახურში ცხრა საათზე წავიდა. როინ შავაძე შუადღეს ბათუმში, ყოფილი კამოს ქუჩაზე მდებარე ატელიეში მივიდა. ატელიედან “ოქროს ბირჟაზე” გაიარა, სადაც როინ შავაძის დეიდაშვილი მუშაობს. სწორედ იქ დააკავეს ნიღბიანმა სპეცნაზელებმა. არც ერთმათანამშრომელმა, მათ შორის, არც როინ შავაძის დეიდაშვილმა ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ მოინდომა. ”ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გავიდა, ყავა შეუკვეთა და ნათესავს იქ დაელოდა. უცებ პანიკა ატყდა, ქუჩიდან ხალხი შემოვარდა. ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა დაიძახა: “ქართველ ჯარისკაცს ოსები და რუსები ქოლავენო”. - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ქართველ ჯარისკაცს ნიღბიანები რომ ურტყამდნენ, გვეგონა მტერი შემოვიდა და ჩვენი ოქროულობის ჩალაგება დავიწყეთ, პანიკაში ჩავვარდით; ისიც კი ვიფიქრეთ, ტყვედ არ აგვიყვანონ-მეთქი. ძირს დაგდებულ ჯარისკაცს მივარდნენ, დააგდეს და დაახლოებით 20 სპეცნაზელი ურტყამდა. ძალიან დაუნდობლად და საცოდავად აიყვანეს.
როინ შავაძის დაკავების ამბავი ციცინო შავაძეს სამსახურში - ქალთა სილამაზის სალონში ერთ-ერთმა კლიენტმა შეატყობინა. იგი ნათესავებთან ერთად, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში უშედეგოდ ეძებდა თავის მეუღლეს. მისი გაუჩინარების ამბავიტელეფონით სახალხო დამცველის რწმუნებულს შეატყობინა დადახმარება სთხოვა.
ცხედარი, სახლში გადასვენების შემდეგ, მისი ოჯახის ახლობელმა ექიმმა დაათვალიერა. აი, რა გვიამბო ადამიანმა, რომელმაც თავად დათვალა ნატყვიარები როინ შავაძის სხეულზე: “წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია აქვს მოხვედრილი. მთელ სხეულზე ჰემატომები ჰქონდა. მარცხენა ბარძაყი იყო მოტეხილი, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში “დუბინკა”, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ ეს ტყვიისგან მიყენებული ჭრილობა არ იყო. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგჰლეჯილი ჰქონდა, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს,რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი,ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხირულული”.
29 აგვისტოს ციცინო შავაძე აჭარის პროკურორს ვასილ როინიშვილს თავისი ინიციატივით შეხვდა. ამ შეხვდერის დეტალებს ჩვენთან საუბრისას ასე იხსენებს: “მან ამიხსნა, რომ ჩემი მეუღლე ნარკოტიკების გამო აიყვანეს. გაოცება ვერ დავფარე და მივუგე, რომ ეს არ შეიძლება იყოს სიმართლე, რადგან ის ჯანსაღ ცხოვრებას ეწეოდა. პროკურორმა განმიცხადა, რომ ჩემი მეუღლის ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობისას მოხდა. ამაზე მივუგე - ლიკვიდაცია სროლის შედეგად ხდება და არა ძვლების დამტვრევით-მეთქი; შეკამათება მომივიდა. პროკურორმა მითხრა, თუ არ შევჩერდებოდით, მაჩვენებდნენ ისეთ რაღაცეებს, რომ ის იყო საქართველოს მოღალატე. მას იქვე ვუთხარი და ახლაც ვიმეორებ, რომ სანამ ცოცხალი ვარ გაჩერებას არ ვაპირებ, სიმართლის დასადგენად ბოლომდე ვიბრძოლებ. მე სასახელო მეუღლე მყავდა და არა საქართველოს მოღალატე. მე ამას დავამტკიცებ”.
როინ შავაძის საქმეში ჩართვა სახალხო დამცველის თხოვნით სცადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტმა გენადი ქარცივაძემ, მაგრამ ამაოდ - მას საქმეს არ აკარებენ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4085
