დევნილები წყობილებიდან გამოდიან
დევნილები წყობილებიდან გამოდიან
[ნინო ხარშილაძე. ”ვერსია”]ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში შესახლებულ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ 1 800-ზე მეტ ადამიანს ცხოვრება დღემდე გაუსაძლის პირობებში უწევს. ყოფილი ჰოსპიტლის მძიმე ყოფისა და იქ გამეფებული ანტისანიტარიის შესახებ ”ვერსიამ” რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. ხელისუფლება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ამბობდა, რომ არსებული პრობლემები რამდენიმე დღეში მოგვარდებოდა.
ხელისუფლების დაპირება დღემდე არ სრულდება. დევნილები დღემდე არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ. მათ საპირფარეშოები და ელექტროენერგია არა აქვთ. რვასართულიან შენობაში მხოლოდ ორი სართულია განათებული. დანარჩენ სართულებზე, საღამოს 8 საათის მერე, უკუნეთია. აქ მცხოვრებ დევნილებს არც დაბანისა და პირადი ჰიგიენის მოწესრიგების საშუალება აქვთ. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა კანის დაავადებების - მუნისა და პიოდერმიის შემთხვევები.
დევნილთა ნაწილი ყოფილ ჰოსპიტალში სწორედ იმ ოთახებში ცხოვრობს, სადაც ადრე ლაბორტორიები იყო და იქ შესვლა მხოლოდ სპეციალისტებს შეეძლოთ. დევნილები ამ ოთახებში ისე შეუშვეს, დეზინფექციაც კი არავის ჩაუტარებია. ამიტომაც აქ შესაძლოა, სხვა ეპიდემიებმაც იფეთქოს. თუმცა, ესეც რომ არა, ჰოსპიტლის ტერიტორიაზე გამეფებული ანტისანიტარიაც საკმარისია, დევნილებს სხვადასხვა ინფექციებმა რომ დარიოს ხელი.
ერედვიდან დევნილი ირმა გიუაშვილი აცხადებს, რომ თავიდან ყოფილ ჰოსპიტალში საშინელი პირობები და სიბინძურე დახვდათ. დევნილებმა, როგორც შეძლეს, შენობა გაასუფთავეს. თუმცა, ის, რაც მათ ძალებს აღემატება, დღემდე მოუწესრიგებელია - საპირფარეშოები არ არის და 21-ე საუკუნეში ადამიანები ბუნებრივ მოთხოვნილებებს ეზოში ან სარდაფში იკმაყოფილებენ. ასევე, დღემდე არ არის დაბანის საშუალება და ელექტროენერგია. განათება მხოლოდ პირველ ორ სართულზეა და ზოგმა დენი ზედა სართულებზე კუსტარულად აიყვანა.
- ”მე მეშვიდე სართულზე ვარ და ჩემამდე დენი ჯერ ვერ ამოვიყვანეთ. ბიოტუალეტებიც 19 სექტემბერს მოიტანეს და დღემდე არ გაუმართავთ. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ყურადღებას მოგვაქცევს”, - ამბობს ”ვერსიასთან” საუბრისას ირმა გიუაშვილი.
ერედვის მკვიდრი სპირიდონ სასანაშვილიც ხელისუფლების მხრიდან მათდამი უყურადღებობითაა შეწუხებული: ”20 სექტემბერს რომ იწვიმა, ოთახებში წყლის გუბეები იდგა. არც შუქი გვაქვს და არც დაბანის პირობები. დღემდე გვპირდებიან, გავაკეთებთო, მაგრამ ჯერ ამათი გაკეთებული არაფერი გვინახავს. ხალხი ავად არის - ზოგს რა სჭირს, ზოგს რა, მაგრამ დღემდე ჩვენი პატრონი არავინაა. აგერ, დედაჩემს მუწუკები გამოუვიდა, წამალი კი არ არის. ტუალეტები ხომ ნახე, რას გავს? ხვალაც თუ არ გაკეთდა, თქვენც აღარ გნახოთ აქ მოსული!”
ასეთი გაუგებარი აგრესიით დაასრულა რესპოდენტმა ჩვენთან საუბარი. თუმცა, ეს ადამიანები ისე არიან წყობილებიდან გამოსულები, ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის გაუგებარი არაფერია.
სპირიდონ სასანაშვილის თქმით, დევნილებს კვებაც არანორმალური აქვთ - ”მარტო ლობიო, კარტოფილი და მაკრონი მოდის. ადრე ძეხვი მაინც მოჰქონდათ. ახლა ისიც აღარ არის. ხალხს ძეხვი ენატრება”.
დევნილმა, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა, გვითხრა, რომ მუნი ორი კვირის წინ მასაც ჰქონდა, ერთხელ რაღაც დეზადორის მსგავსი მიასხეს და მას შემდეგ დღემდე მისთვის წამლები არავის მიუტანია.
ქეთევან ჩიხლაძე ტყვიავის ყოფილი პედიატრია. ექიმის პროფესია დევნილობაშიც არ მიატოვა. ყოფილ ჰოსპიტალში მოხალისედ მუშაობს. მანვე დაგვიდასტურა, რომ დევნილთა შორის, პიოდერმიის 7 და მუნის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. დღესდღეობით, ეს ადამიანები მკურნალობენ.
ქეთევან ჩიხლაძის თქმით, მუნის, პიოდერმიისა და სხვა მსგავსი ინფექციების გავრცელების პირველი პირობა ანტისანიტარიაა.
ტყვიაველი პედიატრი საკვებით მოწამვლისა და ნაწლავური ინფექციების გავრცელების შემთხვევებსაც იხსენებს. რაც შეეხება მედიკამენტებს, დევნილებს წამლებით ეკლესია ამარაგებს, კერძოდ - დედა თეკლა. მედიკამენტების ნაწილი პოლონელებმა დაუტოვეს. სახელმწიფოდან, მედიკამენტების სახით, დღემდე არაფერი მიუღიათ.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4083