მამა დავითი: როცა ცხინვალის მისადგომებთან ომია თბილისში არ უნდა ქეიფობდნენ
მამა დავითი: როცა ცხინვალის მისადგომებთან ომია თბილისში არ უნდა ქეიფობდნენ
[ია კიკაძე]ომს ტკივილი, დანაკარგი, ცრემლები და სინანული მოაქვს. ომში ადამიანს ყველაზე მეტად სულიერი დამხარება სჭირდება, ასე ბრძანებს სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის დეკანოზი დავით ისაკაძე.
სასულიერო პირებმა იციან, რომ საბრძოლველად წასული, იარაღ ასხმული ადამიანისათვის, ძნელია, ცოდვების მოუნანიებლად და სინანულის გარეშე, თამამად გაილაშქროს მტრის წინააღმდეგ.
ამიტომ მამა დავით ისაკაძემ თავისი სულიერი შვილების ტკივილის შემსუბუქების მიზნით და სანუგეშოდ, საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს გორისკენ გაეშურა.
მამა დავით რა მდგომარეობა დაგხვდათ გორში?
ჩემი მრევლიდან ბიჭები იყვნენ წასული საომარ მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გადავწყვიტე მომენახულებინა ისინი და ლოცვები წამეკითხა მათთვის. კარალეთს იქით გადასვლა შეუძლებელი გახდა და ამიტომ, გავჩერდით გორის საავადმყოფოში, სადაც, პარაკლისებს ვკითხულობდით.
საკმაოდ დიდი ტექნიკა იყო მობილიზებული და ვითარებაც საომარი გახლდათ. იმ ღამით უკან დავბრუნდით თბილისში. დილით, როდესაც შევიტყვეთ რომ დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, ისევ გორში ჩავედი, რათა, შევხვედროდით ჩვენს ბიჭებს, რათა ლოცვები წაგვეკითხა. გორის საავადმყოფოში გავიცანით ექიმები, რომლებიც, სრულიად მობილიზირებულნი იყვნენ, მათთან სუფთა, წმინდა ადამიანური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. უმეტესობა ეკლესიურად ცხოვრობდა და სურდათ მათთან ერთად მოძღვარიც ყოფილიყო.
შემდეგ, უკვე დაიწყო დიდი რაოდენობით დაჭრილების, დაღუპულების შემოყვანა, ასევე, შემოდიოდნენ ბიჭები, რომლებიც, სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათთან ურთიერთობა, დამშვიდება აუცილებელი იყო. ზეთს ვცხებდით, პარაკლის ვიხდიდით. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს გმირული შემართება ამ ბიჭებისა. ისინი მოჰყავდათ საოცრად დასახიჩრებული, ჯარისკაცები ან ფეხი ან ხელი არ ჰქონდათ.
შემომყვანები ნახევარ საათს ისვენებდნენ და შემდეგ, როდესაც შემოდიოდა მორიგი პიკაპი, უკვე, ახალ მანქანაში სხდებოდნენ და უკან გარბოდნენ საომრად. მიუხედავად ამ ყველაფრის შემხედვარენი, ჯოჯოხეთურ ომში მიდიოდნენ. იყო შემთხვევები, ჩვენ ორი დღე და ღამე თვალი არ მოგვიხუჭია. ექიმებს და ექთნებს საჭმელი, სასმელი არ ჰქონდათ. ვკრიბავდით რაც გვქონდა და ერთადერთ მაღაზიაში ვყიდულობდით საკვებს.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ექიმებისა და ექთნების ღვაწლი, რომლებმაც, უამრავი გმირობის მაგალითი ჩაიდინეს. საოცარი მობილიზაცია იყო. დაჭრილებს და დახოცილებს, ყველას ერთდროულად ემსახურებოდნენ, მაშინ, როდესაც 3-4 პიკაპი ერთად შემოვარდებოდა. სხვათაშორის, მესამე დღეს, როცა ყველაფერი გაგვითავდა, სასწრაფოებს ვაბარებდით საჭმელს, რომ ექიმებს არ მოკლებოდათ. ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა ამ ადამიანების საკვების გარეშე დატოვება.
ერთი ასეთი ეპიზოდიც მახსენდება: როდესაც, ტყვიავთან რაღაც პრობლემები იყო შექმნილი, დაჭრილი მეომრების დასახმარებლად ახალგაზრდა ექიმი ქალბატონი მიდიოდა, რომელიც ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა - ჩვენთან ეკლესიაში ჯვრისწერაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. მან მითხრა, ტყვიავში მივდივარო. ვუთხარი, ჩვენ მივხედავთ-მეთქი და მიპასუხა – მამაო, პირველ დახმარებას შენ ვერ აღმოუჩენო. ჩახტა მანქანაში და გაიქცა. ასეთი გმირი ქალბატონებიც იყვნენ...
როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა ომი?
- ეს პოლიტიკაა, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს შევიკავებ. შეიძლებოდა თუ არა, ამას მე არავინ მეკითხება. ჩემი მოვალეობაა ვილოცო მშვიდობისათვის. აქედან გამომდინარე, ეს ჩემი მსახურების არეალს სცილდება. უბრალოდ, ერთი რამის თქმა შეიძლება, როდესაც ომი იწყება, ამ საქმეში მთელი ქვეყანა უნდა იყოს ჩაბმული. მაშინ, როდესაც, გორში ცხინვალის მისადგომებთან ომი მიმდინარეობს, კახეთში და თბილისში ქეიფი, დროსტარება, ფეიერვერკი არ უნდა იმართებოდეს.
ყველასთვის საგანგებო მდგომარეობა და მობილიზება უნდა ყოფილიყო, რაც იმ პერიოდში არ იგრძნობოდა. მიწევდა ჩამოსვლა და ყველაფერს ვხედავდი, რაც აქ ხდებოდა. დაკარგვა ძალიან ადვილია, დაბრუნება კი რთული. შეიძლება მოგვცენ საშუალება, ავაშენოთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დარჩა, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ...
რას ურჩევთ ასეთ განსაცდელში მყოფ ერს?
- ერს ვურჩევ სინანულს საკუთარი ცოდვების გამო!
