ცივი ომის დამქაშებს არ ეჭმევათ ხინკალი
ცივი ომის დამქაშებს არ ეჭმევათ ხინკალი
[ლევან სეფისკვერაძე, თინიკო ხუტურიძე]პირველი ხინკლის შესახებ ბევრი მითი და ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, პირველი ხინკალი, რამდენიმე საუკუნის წინ ფშაველი ხევისბერის ოჯახში მოიხარშა. ხევისბერს ხევსურეთიდან საპატიო სტუმრები სწვევია და ძალიან სურდა მათთვის განსაკუთრებული პატივი ეცა, ამიტომ თავისი ცოლისთვის უთხოვია, ისეთი რამე მოგვიმზადე ყველა გაკვირვებული დარჩესო. ქალს კი სახლში მხოლოდ ფქვილი და ცხვრის ხორცი ჰქონია. უფიქრია ხევისბერის ცოლს თუ რა მოემზადებინა და მაშინ მოსვლია აზრად თხელ ცომში ხორცის ჩადების იდეა. როგორც აღმოჩნდა, უცნაური “საჭმელი” ყველას მოეწონა და მას ამიტომაც დაერქვა ხევისბერის ცოლის პატივსაცემად (ქალს ხინდა რქმევია) ხინკალი.
თუმცა არსებობს მეორე, არანაკლებ გავრცელებული ვერსიაც, რომლის მიხედვით პირველად ხინკალი თუშმა მწყემსებმა გააკეთეს, ოღონდ თავიდან ცომს არ ხმარობდნენ და რაღაც გუფთის მსგავსი გამოსდიოდათ. ასეა თუ ისე, ხინკალი უდავოდ უძველესი ტრადიციული კერძია, თუმცა როგორც ჩანს, უწინ ასეთი ხინკლის “ბუმი” ნამდვილად არ ყოფილა.
მთიულური და თბილისური ხინკალი
დღეს ხინკლის ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ: მთიულურს, დაკეპილი ხორცით მომზადებულს და ე.წ. თბილისურს, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხორცით მომზადებულს. ფაქტია, რომ ხინკლის ეს ორი სახეობა, მართლაც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც მომზადების პრინციპით, ასევე გემოთიც.
მთიულური ხინკალი აუცილებლად ცხვრის ხორცისგან მზადდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სახინკლე ხორცი ერთი წლის ცხვრის მაინც უნდა იყოს. სახინკლე ხორცს მთაში დღესაც ხანჯლით კეპავენ და პატარ-პატარა ნაჭრებად ჭრიან. ასე დაკეპილი ხორცის რამდენიმე, დაახლოებით 10-15 ნაჭერი სრულიად საკმარისია ერთი ცალი ხინკლის გასაკეთებლად და იქიდან გამომდინარე, რომ მთაში სახინკლე ხორცი ხორსაკეპ მანქანაში არასოდეს ტარდება, იქაურები ან თვითონ ხინკლის სამშობლოში მცხოვრები ადამიანები, მიიჩნევენ, რომ ნამდვილი ხინკალი სწორედ ხანჯლით დაკეპილი ხორცისგან მზადდება. სხვანაირად დამზადებული კი, უკვე ხინკალი აღარ არის და სულ სხვა საჭმელია.
რაც შეეხება ხინკლის მეორე გავრცელებულ სახეობას, ე.წ. თბილისურ, გატარებული ხორცისგან გაკეთებულ ხინკალს, მისი მომზადების წესი მთიულურისგან განსხვავებით, უფრო რთულია. გარდა იმისა, რომ თბილისური ხინკლის ხორცის ზომები და ნაოჭთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის (ნაოჭები მთიულური ხინკლისთვის მნიშვნელოვანია და 13-დან 19 ნაოჭს უნდა ითვლიდეს), თბილისურ ხინკალს ემატება მწვანილეულობა, წვრილად დაჭრილი ხახვი და წიწაკა. ეს ყველაფერი კი განაპირობებს იმას, რომ დღეს თბილისურ ხინკალს უფრო მეტი მოყვარული ჰყავს.
ეს არც არის გასაკვირი, რადგან აშკარაა, რომ თბილისურმა ხინკალმა თავისი დამატებითი კომპონენტების გამო, გემოს მხრივ უფრო მეტი პროგრესი განიცადა ვიდრე მთიულურმა. თუმცა არიან ისეთი ხინკლის მოყვარული ადამიანები, რომლებიც ტრადიციულობის გამო უპირატესობას მაინც მთიულურ ხინკალს ანიჭებენ.
ხინკალი მხოლოდ ზომით არ ფასდება
რაც შეეხება უკვე მოხვეული ხინკლის მოხარშვის ტექნოლოგიას, ესეც რამდენიმენაირი არსებობს. სქელცომიან, ნახევრად უმად მოხარშულ ხინკლებს, ძირითადად მოხევეები აკეთებენ. თხელცომიან და პატარა, 13-15 ნაოჭიან ხინკლებს - დუშეთსა და ერწოში. ხოლო დღეისათვის ყველაზე პოპულარულ დიდ, მსხვილკუჭიან ხინკლებს, უმეტესად ყაზბეგის მხარეში ამზადებენ. თუმცა ხინკლის ზომა სულაც არ აღნიშნავს მის ხარისხს. ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთი ლეგენდა: ფშავი მელექსე ყაზბეგში სტუმრად ყოფილა, სადაც დიდი, დაახლოებით თეფშისოდენა ხინკლები მოურთმევიათ. ამის დამნახავ ენაკვიმატ ფშაველს ასეთი კაფია უთქვამს: “ხინკალს სიფართე რად უნდა, ფშაველი ქალისავითა, შესჭამ და უღელს გასტეხამ, გაბერილ ხარისავითა”.
თბილისის პირობებში, სადაც ხინკლის ჭამა გარკვეული თანხის გაღებასთანაა გაიგივებული, მაინც დიდი ზომის ხინკალს ენიჭება უპირატესობა. ჩვენს მიერ გამოკითხული ხინკლის მოყვარულ თბილისელთა უმეტესობა სწორედ ხინკლის ფასისა და ზომის სეფარდებაზე აკეთებს აქცენტს.
ადრე მთაში, ისეთი ქვაბები როგორებიც დღეს არსებობს, რა თქმა უნდა არ იყო, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, თუ რა ჭურჭელში მოიხარშებოდა ხინკალი. როგორც ჩანს, მთაში სახინკლე ქვაბებს იქაურ მკალავებსა და მეთუნეებს უკვეთავდნენ სპეციალურად. თუმცა კი, ყველაზე მეტად მოკალულ სპილენძის ქვაბებს ანიჭებდნენ უპირატესობას.
ასეთი ქვაბები სააღდგომო კვერცხის სესაღებადაც გამოიყენებოდა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სპილენძს გააჩნია ისეთი სპეციფიკური შემადგენლობა, რომელიც ამგვარ ქვაბში მომზადებულ საჭმელს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ეს კი თურმე ჩვენმა წინაპრებმა უძველეს დროშიც კარგად უწყოდნენ.
სხვათა შორის, ფშავსა და ხევსურეთში დღეობებზე ხინკლის მოხარშვას არასოდეს მიანდობდნენ ცუდი ავტორიტეტის მქონე ადამიანებს, რადგან მიაჩნდათ, რომ ცუდი სულის კაცს ხელიც ცუდი ექნებოდა და ვერც ხინკალი გამოუვიდოდა კარგი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4239