ხელისუფლება პარტიზანული ომის დაწყებას არ გამორიცხავს
ხელისუფლება პარტიზანული ომის დაწყებას არ გამორიცხავს
[ნინო მიქიაშვილი. გაზეთი ”რეზონანსი”]დასავლეთის მხარდაჭერაზე, ყოფილ თანაგუნდელებზე, პარტიზანულ ომში ბრძოლაზე, ქუჩაში ადამიანების შეცდომით ლიკვიდაციაზე და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადადგომაზე, ”მთელი კვირა” შეხვდა და ესაუბრა მმართველი პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს, პარლამენტარ კობა ხაბაზს.
როგორ აფასებთ თქვენი ყოფილი თანაგუნდელების: ნინო ბურჯანაძის, ზურაბ ნოღაიდელის და ეროსი კიწმარიშვილის ახლანდელ პოზიციას?
- მათ ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს რიგითი მოქალაქეობა. ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს დღეებში ნინო ბურჯანაძემ თავის განცხადებით - აქ არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენო, პირდაპირ თუ ირიბად, ლამის საკუთარი თავი შესთავაზა რუსეთს - მოდით და დაგვეყრდენით, აქცენტი ჩვენზე გააკეთეთო.
იქნებ, არა რუსეთს, არამედ დასავლეთს?
- ეს არ იყო დასავლეთისკენ მიმართული განცხადება, რომელიც გაკეთდა იმ ფონზე, როცა რუსეთის მთელი ისტერია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, როცა აშშ-ს პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა - საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტიო. დასავლეთში ნამდვილად ასე რომ არ ფიქრობდნენ, მაშინ იტყოდნენ - საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, ან - რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს საქართველოს შიგა საქმეებში და გადაწყვიტოს, ვინ იქნება და ვინ არაო. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებებიც იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც იგი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მას თუ თანამდებობა არ უჭირავს, მისთვის ხელისუფლება მიუღებელია...
დასავლეთის მხარდაჭერაზე ოპოზიცია განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს; კერძოდ - დასავლეთში სააკაშვილის შეცვლაზე ფიქრობენო, ამბობენ აშშ-ში ახლახანს ნამყოფი ოპოზიციონერები. ამის შესახებ დავით გამყრელიძემაც განაცხადა ჩვენი გაზეთისთვის მოცემულ ინტერვიუში.
- ოპოზიციას გარკვეული სეგმენტების მიხედვით ვყოფ - ადამიანები, რომლებიც გულწრფელად არიან თავიანთ მოსაზრებებში დარწმუნებული, რომ ქვეყანა სხვა გზით უნდა განვითარდეს და ბრმა იარაღი ხდებიან სხვების ხელში; მეორე კატეგორია - ხელისუფლებაში ყოფნის წყურვილით დაბრმავებულები, საკუთარი ქვეყნის წინააღდმეგ უგუნურ ნაბიჯს დგამენ და მესამე ტიპის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ იმართებიან რუსეთიდან.
გამყრელიძეს დაუკვეთა რუსეთმა?
- მე არ შემიძლია ვთქვა გამყრელიძე იმართება, გულწრფელად ამბობს, თუ ხელისუფლებაში ყოფნის წყურვილით აკეთებს ამას, მაგრამ დანამდვილებით ვიცი და ეს ყველასთვის ცხადია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს მხარს მთელი მსოფლიო უჭერს.
საქართველოში მის მხარდაჭერაზე რას იტყვით? 7 ნომბერს ოპოზიცია ქუჩაში მრავალ ათას ადამიანს ელოდება.
- მიტინგის ჩატარება არავის არ დაუშლია, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლების ძალადობით შეცვლას რაც შეეხება, ეს მიუღებელი და გამორიცხულია.
ოპოზიცია ძალადობას გამორიცხავს.
- მაშინ გამოვლენ, მიტინგს ჩაატარებენ და იქ მისული ადამიანები აქციაში მონაწილეობას მიიღებენ.
ამბობენ, რომ აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს და დასრულდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით - უკრაინული ვარიანტის გამეორებას გეგმავენ.
- ეს არის დეკლარირებული გეგმა; 2007-შიც ასეთი ”გეგმა” ჰქონდათ, თორემ რეალურად საით მიდიოდა ყველაფერი, ეს ვიცით.
საით მიდიოდა?
- იქით, რომ ქვეყანა დაბრუნებულიყო იმ წარსულში, როცა ”მხედრიონი” და ა.შ. ქუჩებში დათარეშობდა. არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც პათოსით ამბობენ - ნოემბერში ხელისუფლების ქმედება იყო შეცდომაო. მიმაჩნია, რომ ნოემბერში საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა.
7 ნოემბერს ქუჩაში 200-300 ათასი ადამიანი რომ გამოვიდეს და აქციები პერმანენტულად გაგრძელდეს ერთადერთი მოთხოვნით - ”გადადგეს სააკაშვილი”, როგორ მოიქცევა იგი, შეიძლება გახდეს საქართველოს რიგითი მოქალაქე?
- მიხეილ სააკაშვილი გახდება საქართველოს რიგითი მოქალაქე, მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ.
თუ მანამდე ხალხმა მოითხოვა ამის გაკეთება?
- ამისთვის არის არჩევნები, რისი მეშვეობითაც მიხეილ სააკაშვილის შეცვლა არის შესაძლებელი და არა მარტო მისი, არამედ მთლიანად სახელისუფლებო გუნდის. 2007 წლის 7 ნოემბერს რამდენიმე მნიშვნელოვანი და მთავარი განხორციელდა; ცუდი იყო, რომ ქართველი ადამიანების წინაშე ძალის გამოყენება მოხდა, ამას ცალსახად ვაღიარებ, მაგრამ ამით საქართველო გადაურჩა, პირველი -საქართველოში დაინგრა ის ფსიქოლოგია, რომ თუ ვინმე რუსთაველზე 100 000 კაცს გამოიყვანს, აუცილებლად იქნება რევოლუცია, ეს ვინც მოახერხა, ყველა ხელისუფლებაში მოვიდა.
თქვენ გინდათ, აღმოფხვრათ ის მექანიზმი, რითიც ხელისუფლებაში მოხვედით?
- რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის აზრი, რომ თუ ვინმე მოიყვანს 100 000 კაცს რუსთაველზე. ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მოვა. მეორე - საქართველოს ხელისუფლებამ პირველად დაამყარა წესრიგი ხალხის ხალხზე დაპირისპირების სცენარის გარეშე და მესამე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო - საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია დესტაბილიზაციის აღკვეთა, ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე.
თუ ოპოზიციის ორგანიზებულ აქციაზე ავტობუსებით წამოვლენ გორიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან, ბათუმიდან... ისე, როგორც 2003 წლის ნოემბერში, დადგებიან რუსთაველზე სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას დასაშვებად მიიჩნევთ?
- თუ მოსახლეობის უმრავლესობა ასეთ ნებას გამოხატავს, იგივე, თუ გნებავთ, რეფერენდუმის გზით და ა.შ., რატომ არ მივიჩნევთ? რა თქმა უნდა, იმას, რაც კონსტიტუციურია, ნებადართულად მივიჩნევ. ჩემთვის ხელისუფლების ძალადობით შეცვლაა მიუღებელი.
”მხედრიონს” ხშირად ახსენებთ და ამ დროს, სახალხო დამცევილი თავის მოხსენებაში აღნიშნავს, რომ დათარეშობს შეიარაღებული ბანდა, რომელიც ხალხს ქუჩაში აქრობს. რატომ გეცინებათ? 16 აგვისტოს ცინდელიანი გაქრა ქუთაისში, შავაძე ბათუმში წამებით მოკლეს...
- სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ ქუჩაში დადიან ბანდები და ხალხს პანტა-პუნტით ხოცავენ.
ჩამოგითვალოთ - ხელებაწეული ამირან რობაქიძე როგორ მოკლეს, ზურაბ ვაზაგაშვილი როგორ ჩაცხრილეს და მერე ორივე კრიმინალებად როგორ გამოაცხადეს?!
- ნებისმიერ ქვეყანაში ხდება სამართალდამცავების მიერ ადამიანების შეცდომით ლიკვიდაცია. თუ იმ ქვეყანაში ხელისუფლება არ სჯის დამნაშავეებს, მაშინ შეიძლება ამაზე მწვავედ ლაპარაკი, მაგრამ მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში ქუჩაში დადიან და ხალხს ხოცავენ, არაერთხელ მოგვისმენია და თქვენს შეკითხვაშიც ირიბად არის ნათქვამი. ეს ძალიან ცუდია, რადგან ქვეყანა ემყარება გარკვეული ორგანოების, გარკვეული ძალების ავტორიტეტს. თუ დანაშაულზე ვსაუბრობთ, კონკრეტულად დამნაშავეზე უნდა ვლაპარაკოთ და არა მთლიანად სისტემაზე.
მართლა გეგმავთ პარტიზანული ომის დაწყებას რუსეთთან და ამაზე ამერიკის გარკვეული წრეებიდან მხარდაჭერაც გაქვთ? ამის შესახებ განცხადებებს თქვენი ოპონენტები აკეთებენ.
- როგორ მოვიქცევით და რას გავაკეთებთ, მხოლოდამხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული არ არის. ეს იმაზეა დამოკიდებული, მსოფლიო მოახრეხებს თუ არა, რუსეთს უკან დაახევინოს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც გვეუბნებიან, ასეთ ვარიანტს რატომ იხილავთო. აგრესორის წინააღმდეგ ყველა ვარიანტს განვიხილავთ, პარტიზანულიდან დაწყებული საკუთარი თავგანწირვით დამთავრებული. რუსეთი რომ შემოვიდეს თბილისში თავისი შეიარაღებული ძალებით, როგორ ვებრძოლოთ ამ დამპყრობლებს, ამის ვარიანტი არ უნდა განვიხილოთ?
უკაცრავად, მაგრამ სააკაშვილის მეთაურობით თქვენ და თქვენი თანაგუნდელები წახვალთ და იომებთ, როგორც პარტიზანები?
- იმდენად შეურაცხმყოფელი კითხვაა, რომ მაპატიეთ და პასუხის გაცემის სურვილიც კი მეკარგება. რა ვთქვა, რომ წავალ? აბა, სად ჯანდაბაში წავალ, გეკითხებით?! ერთი დღე გამოვსულვარ გორიდან იმ დღეებში?! ქუჩაში დავდიოდი ელემენტარულად იმისთვის, ხალხს დაენახა, რომ ხელისუფლება ვართ ხალხთან ერთად. დოჩანაშვილს აქვს მოთხრობა ასეთი სათაურით - ”ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება”. უკაცრავად, მაგრამ 8 აპრილს ტანკის ქვეშაც დავწოლილვარ და დავწვები, თუ საჭირო იქნება.
სააკაშვილიც დაუწვება ტანკებს?
- საომარი მოქმედებების დროს მიხეილ სააკაშვილი იყო თბილისში და არსად წასულა.
ინტერნეტ-საიტებზე კადრები უამრავმა ადამიანმა ვნახეთ, გორიდან როგორ გარბოდა.
- ვინც იცის, ელემენტარულად რას ნიშნავს დაცვის სამსახური, უნდა იცოდეს ისიც, რომ დაცვა სპეციალური ინსტრუქციით მოქმედებდა. 2003-ში შევარდნაძე გარბოდა პარლამენტის დარბაზიდან?
შევარდნაძე დაცვამ ძალით გაიყვანა და სააკაშვილი თვითონ გარბოდა და დაცვა ძლივს ეწეოდა.
- ეს არის აფეთქების შედეგად ადამიანის რეაგირება -ზუსტად ასე ირიაგირებთ ყველა ამაზე, მაგრამ გაქცევა არის სხვა; გაქცევაა, როდესაც ტოვებ შენს ქვეყანას; დამიჯერეთ, იმ დღეებში მიხეილ სააკაშვილს ყველა ქვეყნის პრეზიდენტი სთავაზობდა, წამოდი ჩვენთანო და ის არ წავიდა ამ ქვეყნიდან. ადამიანისთვის ასეთი რაღაცის დაბრალება იმის სურვილს ჰგავს, რომ რაღაცნაირად ჩირქი მოსცხო.
იმ კადრებში სააკაშვილის გარდა არავინ გარბის და სწორედ ამითაა გამოწვეული ასეთი რეაქცია.
- ის კადრები მეც მაქვს ნანახი და ვიმეორებ -პრეზიდენტი კი არ გარბის, არამედ რეაგირებს დაბომბვაზე; ეს არის მისი ბუნებრივი რეაქცია დაბომბვაზე. ანალოგიური რეაქცია შეიძლებოდა, მქონოდა მეც.
გაქვთ ინფორმაცია, რას აპირებს ახლა ოპოზიცია?
- არ ვიცი, რაც გეგმავს ოპოზიცია, მაგრამ, 7-ში იქნება ეს აქცია და რვაში მე გეტყვით, რა გეგმები იქნება და როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული რუსეთის მიერ, რადგან ახალ ველოსიპედს ვერ გამოიგონებენ, რაც არ აქვს ჩემს თაობას გამოვლილი.
