რა ხდება ენგურჰესზე?
რა ხდება ენგურჰესზე? |
| ghn |
ზამთრის მოახლოებასთან ერთად კვლავ გააქტიურდა საუბრები მოსალოდნელი ენერგოკრიზისის თაობაზე
თუმცა, ამჯერად ეს ``შიშნეულობა`` გარკვეულწილად სხვა ხასიათისაა, ვიდრე 90-იანი წლების შუა ხანებისათვის, როდესაც ჯაბა იოსელიანმა იხუმრა ერთხელ ოქტომბრის დამდეგს: ``ყველა, ვინც ამ ზამთარს ცოცხლები გადავრჩებით და არ გავიყინებით - მომავალ გაზაფხულზე შევხვდეთ და სურათი გადავიღოთო``.
ამჟამად კი საუბარია არა ``სახსრების ნაკლებობაზე`` და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობაზე (ამ პრობლემას შევარდნაძის ეპოქაში ``კორუფცია`` ეწოდებოდა, რაც ყველასათვის ხელსაყრელი, თუმცა არც თუ ზუსტი განსაზღვრება იყო), არამედ იმის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ენერგეტიკული ბერკეტები, მათ შორის, რა თქმა უნდა ენგურჰესიც - ჩვენი ქვეყნის დასასჯელად, - 24-საათიან ელექტროენერგიას მიჩვეული მოსახლეობის (ადამიანი კომფორტს იოლად ეჩვევა) უკმაყოფილების გამოსაწვევად და, მთლიანობაში, ვითარების დასაძაბად.
``ენგურჰესი`` ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია კავკასიაში; ენერგეტიკული მხრივ კი, - მთელს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით. საინჟინრო თვალსაზრისით იგი მართლაც უნიკალური ნაგებობაა, ხოლო საქართველოს ელექტრომომარაგების კუთხით მას არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია და სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მის გარეშე ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკა კოლაფსის მდგომარეობაში აღმოჩნდება.
1993 წელს, აფხაზურმა ფორმირებებმა უპრობლემოდ, ერთი გასროლის გარეშე დაიკავეს საბერიო, სადაც ენგურჰესის სამართავი პულტია განლაგებული. აქვე უნდა ითქვას, რომ თვით ენგურჰესის სიმძლავრენი გადანაწილებულია საკუთრივ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე: ენგურჰესის კაშხალი მდებარეობს წალენჯიხის რაიონში, ხოლო ვარდნილ-ჰესები და სამართავი პულტი, - გალის რაიონის სოფელ საბერიოში.
ტექნიკური თვალსაზრისით, აფხაზებსა და რუსებს თითქოს არაფერი უშლით ხელს, მთელ საქართველოს შეუწყვიტონ ელექტროენერგიის მიწოდება და იგი რუსეთში გაყიდონ. ენგურჰესი 5 მილიარდ კილოვატ-საათზე მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, რაც მთელი სამხრეთ რუსეთის ელექტრომომარაგების თვალსაზრისითაც კი სერიოზული ფაქტორი იქნებოდა.
მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ რაკი წყალსაცავი წალენჯიხის რაიონშია, ქართულ მხარეს, ბოლო დრომდე ჰქონდა საშუალება, აუცილებლობის შემთხვევაში "დაეცალა" ენგურის კაშხალი, გაეშვა წყალი მდინარის ძველ კალაპოტში და, ასეთ შემთხვევაში, ეს სიმდიდრე ორივე (სამივე) მხარეს ხელიდან გამოეცლებოდა.
2004 წელს, ერთ-ერთი გამწვავების დროს, საქართველოს მთავრობაში ჰიპოთეტურად, თეორიულ დონეზე იმსჯელეს კიდეც ამგვარ ალბათობაზე და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ენგურის კაშხლის "დროებით დაცლა" შეუძლებელია; - თუ დაიცლება, მაღალი ალბათობით დაიცლება ერთხელ და სამუდამოდ! ანუ სისტემის ხელახლა ამოქმედება შემდგომ ვეღარც მოხერხდება;
აქედან გამომდინარე, 90-იანი წლებიდან დაწყებული, ქართველები და აფხაზები ენგურჰესის ენერგიას იყოფდნენ პროპორციით 60-40-თან. 8 აგვისტოს დაწყებული რუსული აგრესიის დროს აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ოკუპანტებმა დაიკავეს კაშხალი და ამით საქართველოს უკანასკნელი ბერკეტიც წაართვეს.
მაგრამ ეს ინფორმაცია ``ჯი-ეიჩ-ენ``-თან საუბარში კატეგორიულად უარყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსანდრე ლომაიამ. მისი თქმით ``პირველ დღეებში ოკუპანტებს მართლაც ჰქონდათ მცდელობა მიახლოვებოდნენ კაშხალს, მაგრამ ეს მცდელობა მალევე შეწყდა. კაშხალს მთლიანად ქართული მხარე აკონტროლებს``. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ მჟავიამ ``ჯი-ეიჩ-ენ``-ს განუცხადა: ``ენგურჰესის სისტემა იმდენად მთლიანი და განუყოფელია, რომ მხოლოდ ერთობლივად შეიძლება მისი ექსპლოატირება ქართული და აფხაზური მხარის მიერ. რომც წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეგვიწყვიტონ ელექტროენერგიის მოწოდება საბერიოდან, სადაც სამართავი პულტი მდებარეობს, ეს იქნება პირდაპირ ენერგეტიკული ომი საქართველოს წინააღმდეგ და სანამ კაშხლიდან წყლის გაშვებაზე ვიფიქრებდეთ, საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ ამის თაობაზე. საეჭვოა ეს გაბედონ ანუ კაშხლის მუშაობის შეჩერებაზეც არ მიდგება საქმე.``
რაც შეეხება ხმებს იმის თაობაზე, რომ რუსული ``რაო ეეს` ``-ი და ანატოლი ჩუბაისი აპირებენ ხელთ იგდონ ენგურჰესი, რათა გაუძვირონ საქართველოს ელექტროენერგია, თემურ მჟავია თვლის, რომ ``რაკი აფხაზეთში ყველაფერს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ, რა თქმა უნდა, აფხაზები ხელს მოაწერენ ნებისმიერ ქაღალდს, რომელსაც მოსკოვი დაუდებთ წინ. მათ შორის ენგურჰესის - ჩუბაისის კომპანიისათვის გადაფორმების შესახებ, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე ჩუბაისი ენგურჰესის ექსპლოატირებას ვერ შეძლებს და ეს თავადაც კარგად უწყის``.
ინფორმაცია ჩუბაისის დაინტერესების შესახებ დაადასტურა ცნობილმა ენერგეტიკოსმა, გოგი გულუამ, რომელმაც განგვიცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ ანატოლი ჩუბაისი გეგმავდა ვარდნილ-ჰესთა და სოხუმჰესის რეაბილიტაციისათვის მსოფლიო ბანკის კრედიტის მიზიდვას, მაგრამ ეს პროექტი ვერ განხორციელდა, რაკი უცხოური ორგანიზაციები საქმეში არც ერთ ცენტს არ დებენ საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე.
ამრიგად, განურჩევლად პირადად ანატოლი ჩუბაისის სურვილისა, რუსული "რაო" რეალურად ვერ შეძლებს ენგურჰესის შესყიდვას, ანუ არა მხოლოდ ქაღალდზე გაფორმებას, არამედ ჰიდროელექტროსადგურის რეალურ ექსპლუატაციას.
ხოლო საქართველოს ხელისუფლება არც კი განიხილავს შპს ``ენგურჰესში`` 100 პროცენტიანი სახელმწიფო წილის გაყიდვის საკითხს.
გარდა ამისა, გოგი გულუას თქმით, არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ენგურჰესის სტაბილურ ფუნქციონირებას განაპირობებს და ანატოლი ჩუბაისის შესაძლო გეგმებს შლის: ამჟამად სოფელ საბერიოში, სადაც ``ჰეს``-ის სამართავი პულტი მდებარეობს, ძირითადად ქართველი სპეციალისტები მუშაობენ. თვით ყველაზე მწვავე პერიოდებშიც კი, აფხაზურ მხარეს მათთვის ``უბატონოდ ხმა არ გაუცია`` და ამჟამადაც აქვთ საშუალება, მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდნენ.
აფხაზურ მხარეს არასდროს უცდია რუსეთიდან შემოეყვანა ენერგეტიკოსები და ქართველები ჩაენაცვლებინა, ვინაიდან, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ქართველებს უფრო ენდობა და აქვს გარანტია, რომ ვითარების გაკონტროლებას ასე უფრო შეძლებს.
აფხაზეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში 90-იან წლებში აფხაზურ ენერგოკომპანია ``ჩერნომორენერგოს`` ხელმძღვანელობდა და ძალიან კარგად იცნობს პრობლემის არსს; სწორედ მისი ბრძანებით, ენგურის ``საზღვარზე`` კვლავ მოქმედებს ერთადერთი ლეგალური საშვი - ენგურჰესზე მომუშავე ქართველებისათვის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საბედნიეროდ, თვით ბუნებისა და გეოგრაფიის წყალობით, ვერც ანატოლი ჩუბაისი და ვერც რუსი გენერლები ენგურჰესის დასაკუთრებასა და საქართველოს წინააღმდეგ მის გამოყენებას ვერ შეძლებენ.
აქვე უნდა ითქვას: სულ სხვა ვითარება იქნებოდა, 90-იან წლებში საქართველოს ხელისუფლებას ანატოლი ჩუბაისის დაპირებები რომ ეღო ყურად და ნებისმიერ ფასად ენგურჰესი მისთვის მიეყიდა - ახლა კაშხალზე რუსი სამხედროები იდგებოდნენ სავსებით ``ლეგალურად`` და მათ პრეტენზიებს მსოფლიოც კანონიერად სცნობდა.
``ტექნიკური გაუმართაობის`` საბაბით ელექტროენერგიის შეწყვეტას და``საბაზრო ფასების`` დაწესებით მხოლოდ საქართველოსთვის ტარიფის მომატებას წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=1441&ct=5