ცხინვალის ომს ეუთო და ევროსაბჭო გამოიძიებენ
ცხინვალის ომს ეუთო და ევროსაბჭო გამოიძიებენ
[ნინო მიქიაშვილი. გაზეთი ”რეზონანსი”]ევროპის საბჭოს N1633 რეზოლუციაში ერთ-ერთ პუნქტად მოყვანილ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის საერთაშორისო გამოძიებას ევროსაბჭო და ეუთო ერთობლივად ჩაატარებენ - ეს ვარაუდი”რეზონანსთან” საუბრისას ქართველმა ექსპერტებმა გამოთქვეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2 ოქტომბერსმიღებულ N1633 რეზოლუციას ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოსთვის სასარგებლო და ხელისუფლებისთვის საწინააღმდეგო დოკუმენტად აფასებენ, რასაც მათივე აზრით, ტონი მისცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ.
გუშინ რესპუბლიკელებმა და ახლებმა ევროსაბჭოს N1633 რეზოლუცია ერთობლივ ბრიფინგზე შეაფასეს. ”რეზონანსი” რესპუბლიკელებიდან ლევან ბერძენიშვილს, ხოლო ახალი მემარჯვენეებიდან ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას დაახლოებით 120 დეპუტატი დაესწრო; რეზოლუცია 93 ხმით 25-ის წინააღმდეგ მიიღეს.
- ”ამ დოკუმენტისმიღებას ზოგიერთმა ხმა იმიტომ მისცა, რომ ჩვენთვის მხარი არ დაეჭირა, რადგან ჩვენზე ძალიან მძიმე სიტყვებია ნათქვამი. რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირა: საქართველოს დელეგაციამ, ფაქტობრივად ყველა ევროპულმა ქვეყანამ, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა - ერთმა ესპანელმა, ერთმა ფრანგმა, ერთმა ჩეხმა და ერთმა ნორვეგიელმა მხარი არ დაუჭერეს. ბუნებრივია, დოკუმენტის მიღებას ხმა არ მისცა რუსეთმა და მისმა რამდენიმე მეგობარმა დელეგაციამ; მათ შორის თითქმის არც ერთმა ბერძენმა დეპუტატმა. სერბებიდან და სლოვაკებიდან ზოგმა დაუჭირა მხარი და ზოგმა არა. რეზოლუციის მიღებას საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილემ კასტრიოტ ისლამმაც არ დაუჭირა მხარი”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
რაც შეეხება ჩვენი მეზობელი ქვეყნების პოზიციას, ბერძენიშვილის თქმით, აზერბაიჯანის დელეგაცია კენჭისყრაზე არ შევიდა და მონაწილოება არ მიიღო. რაც შეეხება სომხეთს, კენჭისყრაზე ორი კაცი შევიდა - ერთმა რუსები გაახარა, ანუ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა; მეორემ თავი შეიკავა - არ გაახარა რუსები, მაგრამ არც ქართველებს ასიამოვნა. რაც შეეხება თურქეთს - მათ რეზოლუციის მიღებას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს.
- ”თუ ღრმად გავაანალიზებთ, ფაქტობრივად, ევროსაბჭოს რეზოლუცია არის საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლო და ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო დოკუმენტი, რომლის მხარდაჭერის გამო ჩვენი დელეგაცია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სწორად მოიქცა და თუ ამ დოკუმენტით მიხეილ სააკაშვილს საყვედურს ეუბნებიან, უნდა უთხრან, საყვედური მთავრობას ეხება. ვინაიდან საქართველოს უჭერდნენ მხარს, ამიტომ, ბალტიისპირეთმა, პოლონეთმა და ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა რეზოლუციის მიღებას მხარი დაუჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ მასში საქართველოს ხელისუფლებაზე უმძიმესი სიტყვები წერია და არ უნდა გამოვრიცხოთ რომ სამხედრო დანაშაულში მხილებული პირები მომავალში პასუხისგებაში მიცემული იქნებიან”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
მისივე აზრით, შესაძლებელი იყო რეზოლუციის შინაარსი რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი ყოფილიყო, თუ 45-ე შესწორება გავიდოდა, რომელიც ჩავარდა. ამ შესწორების მიხედვით, თუ რუსეთი აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ უარყოფდა, მაშინ იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ხმის უფლება ჩამოერთმეოდა. ”ეს იყო კვიპროსის წარმომადგენლის ბურგურიდესის შესწორება, რომელიც არ გავიდა იმიტომ რომ ჩვენი ქვყენის დელეგაციის წარმომადგენლებმა წესიერად ვერ იმუშავეს”, - მიიჩნევს ბერძენიშვილი.
ახლების ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის აზრით, როდესაც საერთაშორისო გამოძიების დაწყებას წინ უძღვის რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნულია რომ საქართველო არის შეიარაღებული კონფლიქტის დამწყები, უნდა ვივარაუდოთ გამოძიება საბოლოოდ რას დაადგენს.
- ”ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებას ტონი მისცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ, სადაც ასევე იყო ლაპარაკი საერთაშორისო გამოძიებაზე, იქ არ იყო ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება პროცესებისადმი და ბუნებრივია, ევროპის წამყვანი ქვეყნები არიან ევროსაბჭოს დელეგაციებშიც წარმოდგენილნი და ბუნებრივია, მათი მთავრობების ეს განწყობები ასახული იყო უკვ ესაპარლამენტო წარმომადგენლობებში და სამწუხაროდ, ეს არის უკვე სახემიცემული დოკუმენტი, რომელიც მომავალში საქმეს ყოველთვის გაგვირთულებს და ეს საქმე გაგვირთულა არა ევროსაბჭოს დოკუმენტმა, არამედ საკუთარმა ხელისუფლებამ”, - მიიჩნევს ფიქრია ჩიხრაძე.
მისივე აზრით, დღეს ჩვენ ვართ პოლიტიკურ ჩიხში შესული ქვეყანა, რომელმაც შეიძლება, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფუნქცია სატრანზიტო დერეფნისა, დაკარგოს და ჩვენდამი ინტერესი ჩვენს მეზობლებსაც აღარ ჰქონდეთ.
- ”ამის ნიშნები უკვე არის - ალტერნატიული გზების ძიება დაიწყო იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებიც ერთმანეთს ცოტა ხნის წინ არ ელაპარაკებოდნენ (თურქეთსა და სომხეთს ვგულისხმობ)”, - ამბობს ჩიხრაძე.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა ჩაატაროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნული რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის საერთაშორისო გამოძიება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი ლევან ალექსიძე ამბობს:
- ”ევროსაბჭოს შეუძლია ამ საქმისთვის თავიანთი დეპუტატები გამოყონ და ამ პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართონ. რა და როგორ მოხდება, ეს მათზეა დამოკიდებული. როგორც ამბობენ, რუსეთი თანახმაა გამოძიებაში ეუთო ჩაერთოს და შესაძლოა ეს ევროსაბჭომ და ეუთომ ერთობლივად გააკეთონ. ამ ეტაპზე ძნელია იმაზე დაზუსტებით საუბარი, თუ რა მექანიზმს აამოქმედებენ”.
პოლიტოლოგი კახა კაციტაძე, რომელიც ამავდროულად ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორია, ამბობს, რომ პოლიტიკური ისტორიის პრაქტიკაში ასეთი საერთაშორისო გამოძიება არსებობს, ოღონდ ამის ხშირი მაგალითები არ არის.
- ”მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ 1934 წელს იტალია-ეთიოპიის კონფლიქტი, სადაც აგრესორი ცალსახად იყო იტალია. ეთიოპია მაშინ თუ არ ვცდები, ძალიან მცირერიცხოვან აფრიკულ სახელმწიფოთა შორის ერთადერთი დამოუკიდებელი, ერთა ლიგის წევრი იყო. ეთიოპიამ ერთა ლიგაში საჩივარი შეიტანა; სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰავიერ სოლანას ბაბუა დედის მხრიდან - ესპანელი დიპლომატი სალვადორ დე მადარიაგა. მისი ხელმძღვანელობით ამ კომისიამ ცალსახად დაადგინა, რომ ომის დამწყები და აგრესორი იტალია იყო. მცირე სანქციები განხორციელდა, მაგრამ მუსოლინის დროინდელმა იტალიამ ერთა ლიგა დატოვა. იყო მცდელობა ასეთივე კომისია შექმნილიყო, როდესაც სტალინი ფინეთს თავს დაესხა, მაგრამ საბჭოთა კავშირმა საქმე კომისიის შექმნამდე არ მიიყვანა - უბრალოდ, ერთა ლიგა დატოვა”, - გვითხრა კახა კაციტაძემ.
მისივე განმარტებით, მაშინ ერთა ლიგის მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაცია თითზე ჩამოსათვლელი იყო და ახლა არის რამდენიმე; ამიტომ ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, რომელმა ორგანიზაციამ შეიძლება აიღოს თავის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება.
- ”ახალ დროში, ასეთი საგამოიძებო კომისია, რომელსაც აღმასრულებელი ძალა ჰქონდა, ანუ რომელსაც განაჩენის გამოტანა დასასჯელის აღსრულება შეეძლო, იყო ყოფილ იუგოსლავიასთან დაკავშირებული ტრიბუნალი, სადაც მილოშევიჩი მოხვდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში არ მგონია მოვლენები ასეთი სიღრმით განვითარდეს. ზუსტი განსაზღვრა რთულია, მაგრამ შეიძლება საერთაშორისო გამოძიება გაერო-ს, ან ეუთო-ს ფარგლებში ჩატარდეს,ან დასაშვებია ეს ეუთო-ევროსაბჭომ ერთად გააკეთონ”, - მიიჩნევს კაციტაძე.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4265