”ეკლესიას ამოფარებული კლასიკური გადამგდები ჯონდი”
”ეკლესიას ამოფარებული კლასიკური გადამგდები ჯონდი”
[როზი ჯღამაია]ჯონდი ბაღათურიას საკუთარი პარტიის წევრები და პოლიტსაბჭო მთელი შემადგენლობით განუდგა. გამყიდველობა, ქურდობა, დიქტატურა და სხვა უამრავ ბრალდებას უყენებენ დღეს ”ქართულ დასის” წევრები ჯონდის. ახლა, დღის წესრიგში, ჯონდის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხიც დადგა, თუმცა საეჭვოა, ჯონდიმ ასე მარტივად დათმოს ძლივს დაპყრობილი მწვერვალები.
”ქართული დასის” შიგნით და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პრესა.გე-ს პარტიის ერთერთი დამფუძნებელი და იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი ედიშერ ქარჩავა ესაუბრა.
თქვენ უკვე აღარ ხართ ”ქრთული დასის” წევრი და რა პრეტენზიები გაქვთ ჯონდი ბაღათურიასთან?
- პირადად მე, პარტია სექტემბრის დასაწყისში დავტოვე და არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიან ქრისტიანთა კავშირი” ჩამოვაყალიბე. 4 სექტემბერს, ჩემთან ოფისში ”ქართული დასის” პოლიტიკური საბჭოს და პარტიის წევრები მოვიდნენ, რომლებმაც დახმარება მთხოვეს.
ვინაიდან პარტიის წევრი აღარ ვარ, სამართლებრივად, არც პარტიის საქმიანობაში ჩარევის უფლება მაქვს, მაგრამ თავის დროზე, მე ამ ხალხთან ერთად დავაარსე ეს პარტია. ამიტომ, პასუხისმგებლობას ვიზიარებ და მორალური თვალსაზრისით, დახმარებაზე უარი ვერ ვუთხარი.
თქვენ რატომ დატოვეთ პარტია?
- როდესაც ”ქართულ დასს” ვაფუძნებდით, მაშინ ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ პარტია ყოფილიყო პრო-ქართული და ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნებული. ჩვენ ყველანი ერთად, ”ნაცმოძრაობას” და ხელისუფლებას ვებრძოდით და მკვეთრად გამოკვეთილი ოპოზიციური ნიშა გვეკავა.
თუმცა, ის პრინციპები, რაც მე და ჩემს მეგობრებს გვაკავშირებდა, დღეს უკვე აღარ არსებობს და ეს თავად ბაღათურიამაც დაადასტურა. მან ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ცალსახად განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ დაუპირისპირდებოდა. უფრო მეტიც, ბაღათურიამ შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის სია ”ნაცმოძრაობის” ხალხით გაავსო, რაც ბოლო წვეთი იყო, რომ პარტიიდან წამოვსულიყავი.
ვინ გყავთ მხედველობაში?
- მხედველობაში მყავს დეპუტატობის კანდიდატი კახა ქორიძე, რომელიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ”ნაცმოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი იყო. აჭარის უმაღლეს საბჭოში კი, ბაღათურიამ დეპუტატად ილია წულუკიძე წარადგინა. კაცი, რომელიც ჯერ, ასლან აბაშიძის გვერდით იდგა, ხოლო, შემდეგ აბაშიძეს უღალატა და ”ნაცმოძრაობის” მხარეს გადავიდა. იგი უკვე აჭარის ხელიუფლებაში მისი გუნდით აპირებს მოსვლას, რომლებიც ასევე, აბაშიძის დროინდელი გამგებლებისგან შედგება.
მართალი გითხრათ, პოლიტსაბჭო იმაშიც კი ვერ გარკვეულა ვის მიყიდა ბაღათურიამ პარტია - ”ნაციონალებს” თუ ასლან აბაშიძის ყოფილ მხარდამჭერებს.
არადა, ჩვენი მიზანი ახალი სახეების წინა პლანზე წამოწევა იყო, რომელთაც არ ჰქონდათ ისეთი პიროვნული თვისებები, რომლებიც ეჭვქვეშ არ დააყენებდა ”ქართული დასის”, როგორც ოპოზიციური პარტიის იმიჯს. ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბაღათურია ”ნაცმოძრაობას” მიეყიდა.
ბაღათურიასთვის პარტიიდან პარტიაში გადასვლა უცხო არ ყოფილა. რატომ ფიქრობდით, რომ იგი მაინცდამაინც, თქვენი ერთგული იქნებოდა?
- თავის დროზე, ჩვენ საერთო მეგობრებმა დაგვაკავშირეს ერთმანეთს. ჯონდი მაშინ, იურისტს ეძებდა, რომელიც მას პოლიტიკურ პარტიის ჩამოყალიბებაში და მის სამართლებრივ გამართვაში დაეხმარებოდა.
მეორე და მთავარი გარემოება ის იყო, რომ ბაღათურია ეკლესიური ადამიანი იყო, რომელსაც მეგონა ქრისტიანული პრინციპების ერთგულება შეეძლო. ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით საერთო პრინციპებზე და ვფიქრობდი, რომ ბაღათურიას ნდობა შეიძლებოდა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ წარსულს, უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ უკვე, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბაღათურია ეკლესიას ამოფარებული კლასიკური გადამგდებია.
პოლიტსაბჭო და პარტის დანარჩენი წევრებიც იგივეს ედავებიან ბაღათურიას?
- საპარლამენტო არჩევნებამდე პარტიის სტრატეგიასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, ყოველთვის, პოლიტსაბჭოსთან თანხმდებოდა. დღეს კი, ბაღათურია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და არავის არაფერს უთანხმებს. სწორედ ამან აღაშფოთა პარტიის წევრები და პოლიტსაჭო. ეს ხალხი ადასტურებს, რომ ბაღათურიას ყოველი განცხადება და მოქმედებები პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმებლად ხორციელდება.
ახლა ისიც გაირკვა, რომ ბაღათურიას პარტიის 4 თვის თანხა ისე აქვს გახარჯული, რომ პარტიაში ამაზე არავითარი სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობს. მას არავითარი უფლება არ ჰქონდა, რომ პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმბლად გაეხარჯა პარტიის კუთვნილი ქონება და ფინანსები.
რას ნიშნავს შეუთანხმებლად გახარჯა - მოიპარა? სად წაიღო ფული?
- არსებობს სამართლიანი ეჭვი, რომ ბაღათურიამ ფული პირადი სარგებლობისთვის გამოიყენა, ვინაიდან ამის არავითარი დოკუმენტი არ არსებობს. იგი თავად განკარგავდა ფინანსებს, რადგან პარტიას ოფიციალურად, არც ბუღლტერი ყავდა და არც აღმასრულებელი მდივანი.
რა თანხაზეა საუბარი?
- პარტია ყოველთვიურად, საშუალოდ, 14 ათას ლარს იღებდა. დანარჩენი თავად დაიანგარიშეთ. მას შემდეგ, რაც ბაღათურია პარლამენტის წევრი გახდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღო დაფინანსება, გადაწყვიტა, რომ ეს ფინანსები მხოლოდ მისი პირადი კუთვნილება იყო და გუნდი, რომელმაც ჯონდი დეპუტატი გახადა, უკვე, აღარაფერში სჭიდებოდა.
მე ჯონდი არაერთხელ გავაფრთხილე, რომ პარტია სამართლებრივად მოწესრიგებული და გამართული უნდა ყოფილიყო. თუმცა, იგი ამ საკითხებზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა. როცა ვნახე, რომ მასთან ჭიდილს არავითარი აზრი არ ჰქონდა და პარტიას და თავისთავს დარტყმის ქვეშ აყენებდა, გადავწყვიტე ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე გავცლოდი.
რაც შეეხება პარტიის დანარჩენ წევრებს, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, მათ ბაღათურიასგან ვერცერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. პარტიაში არ არსებობს კანცელარია, სადაც პარტიის წევრს საშუალება ექნებოდა რეგისტრაციაში გაეტარებინა განცხადება, ხოლო ბაღათურიას კი ადამიანური ენით საუბარი არ ესმის. ამიტომ, მათ რჩებათ ერთადერთი გზა - პრესისა და მასმედიის საშუალებით მიაწვდინონ ხმა, რომ არსებობს ხალხი, რომელმაც ჯონდისგან პარლამენტარი შექმნა.
სულ ესაა მათი მოთხოვნა და მიზანი?
-არა. უკვე ამ მოთხოვნას პარტიის თავმჯდომარეობიდან ბაღათურიას გადაყენების მოთხოვნაც დაემატა. ამ საკითხის დასმის უფლება პოლიტსაბჭოს მინიმუმ 3 წევრს აქვს, რის შემდეგაც პოლიტსაბჭო ვალდებულია შეიკრიბოს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტოს პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევა. იქ კი, ბაღათურიას გადარჩევის საკითხი გადაწყდება.
ბაღათურია დეპუტატი უკვე გახდა. გაუგებარია რატომ უნდა წასულიყო იგი ამხელა რისკზე და რატომ დააყენა საკუთარი თავი დარტყმის ქვეშ, როცა ამის საჭიროება ჯერ არ არსებობდა? რა დივიდენდებს მიიღებს ბაღათურია, როგორც თქვენ ამბობთ, პარტის ინტერესების გაყიდვის სანაცვლოდ?
- ”ქართულ დასს” უზარმაზარი ადამიანური რესურსი გააჩნია. ეს ის ხალხია, რომლებიც ნოემბრის რევოლუციის დროს, მთელი ოპოზიციური სპექტრის ძირითად მმართველ ძალას წარმოადგენდა. რეალურად ეს გუნდი მართავდა სიტუაციას - დაწყებული წესრიგის დაცვით, სამართლებრივი დოკუმენტებზე მუშაობით დამთავრებული. ამ ხალხს შეეძლო ქართული დასი წარმოეჩინა არა, როგორც ერთი ადამიანის პარტია, არამედ, ნიჭიერ, ერთგულ და სამომავლოდ, პერსპექტიულ ადამიანთა პარტიად.
ჯონდის კი, მხოლოდ პირადი ინტერესები ამოძრავებს და არა პარტიის განვითარება. რაც შეეხება დივიდენდებს, პრეზიდენტთან მას რაიმე სახის მოლაპარაკებები ჰქონდა თუ არა, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ალბათ, ესეც მალე გამოჩნდება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4268