სკანდალური სიმართლე ფოთის ომზე
სკანდალური სიმართლე ფოთის ომზე |
“ფაქტი” აგრძელებს ომგამოვლილი ჟურნალისტის, ლაშა ზარგინავას დღიურების გამოქვეყნებას. ეს არის სკანდალური სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ფოთში რუსული ინტერვენციის დროს. “9. 08. 2008 |
ტელეფონი გამითიშა, მეჩქარებაო, გაზრდილან ჩემი ბიჭები... სიგარეტს მოვუკიდე, ისევ ფიქრებში წავედი, ისევ დედაჩემის საფლავი გამახსენდა, უფრო მომენატრა... სულ ნატვრაში რატომ უნდა ვიყო, მაგრამ პირობას ვდებ, ეს ამბები როგორც კი ჩაივლის, აუცილებლად წავალ ჩემებთან. ასე ვამბობდი მანამდეც, მაგრამ 4 აგვისტოს მამაჩემის წლისთავზეც ვერ მივედი, გზაში მოვბრუნდი, საქმე გამოჩნდა და იმიტომ. მამას ბოდიში მოვუხადე, ერთი სიტყვით, როგორც თვითონ იცოდა...
ფიქრი აფეთქების ხმამ გამიწყვიტა... ეს რა ხდება, მგონი, ბომბია, ეზოში ჩამოვარდა?! გარეთ გავვარდი, აივანზე... გასვლამდე თვითმფრინავის ხმა შემომესმა, მერე, მეორე აფეთქების, მესამე, მეოთხე... ღმერთო, ფოთი იბომბება!!! გარეთ აღარ გავჩერდი, ისევ ოთახში შემოვარდი, თითქოს ეს დამიცავდა, კომპიუტერთან მივვარდი და ორი სიტყვა ავკრიფე _ ფოთი იბომბება! ყველას დავუგზავნე, ვინც “კონტაქტებში” მყავდა.
ეს პირველი რეაქცია იყო, არ ვიცი, რას ნიშნავდა...
მერე, ისევ აივანზე გავარდი, ხალხით იყო ქუჩა სავსე, ყველას ეშინოდა, შევატყვე... შეუჩვეველი ჭირი ძნელად შესაჩვევი აღმოჩნდა...
აივნიდან იმ ადგილს გავხედე, საიდანაც აფეთქების ხმა ისმოდა, საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ გაუხსნეს ცეცხლი ჩვენებმა ჰაერში რუსულ თვითმფრინავებს, ცა განათებული იყო.
ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, როგორ მიტრიალდა რუსული თვითმფრინავი სენაკისკენ და გაქრა ჰაერში...
პირველი, რაც გავაკეთე ის იყო, რომ ჩემს დასთან ჩავირბინე ქვემო სართულზე და მისი შეშფოთებული სახეს რომ წავაწყდი, უფრო შევშფოთდი, თითქმის ორივემ ერთდროულად წამოვიძახეთ: ზურა?!
ზურა სწორედ იმ ტერიტორიაზე მსახურობს, სადაც ორიოდე წუთის წინ ცა განათდა, იქ პორტია, სამხედრო ბაზებიც იქვეა...
ღმერთო...
სადაა ღმერთი?!
ნუთუ, მიგვატოვა?!
არ მინდა დავიჯერო...
ზურა...
ზურა, ზურა...
ღმერთს ვავედრებ!
გონება სხვა ვერაფერზე ვეღარ ფიქრობს, ყველაფერი მიკანკალებს ნერვიულობისგან, ისტერიკა ნამდვილად არ მჩვევია...
არა, ეგ სხვა რამეა, არ ვიცი რა, მაგრამ, ისტერიკა არა!
ისევ ზემო სართულზე ავირბინე, ინსტიქტურად ხელი ფოტოაპარატს დავავლე და გავიქეცი.
პორტის მიმართულებით მივრბოდი, ხალხი კი აქეთ მორბოდა.
ქაოსი, რომელიც ამ წუთებში ვნახე, ადრე არასდროს მენახა.
ყველა სადღაც გარბოდა.
ქალაქი საწრაფო დახმარების, სახანძრო მანქანების კივილმა გააყრუა, ნეტავ, იქ რა ხდება?!
გავრბივარ...
20 წუთი მოვუნდი ნავსადგურამდე მისვლას...
იქ რაც ვნახე, არასდროს ამოვა ჩემი გონებიდან, უამრავი დაჭრილი და დაღუპული, ყველგან სისიხლი და კვნესა.
ღმერთო!
ფოთში ომი დაიწყო!!!
ფოტოაპარატი კი მქონდა, მაგრამ იმ წუთებში აზრად არ მომსვლია, რომ ფოტოები უნდა გადამეღო.
დაჭრილებს დახმარება ესაჭიროებოდათ, ვეხმარებოდით კიდეც. აბსოლუტურად ყველა, ვისაც შეეძლო, ექიმად, ექთნად, სანიტრად იყო ქცეული...
სულის შემძვრელი სიცხე და სისხლის სუნი ტრიალებდა ირგვლივ... სასწრაფო დახმარების მანქანები რას ეყოფოდა?! ამიტომ ყველანაირი ტრანსპორტი ამ დანიშნულების გახდა იმ წუთებში.
მოგვიანებით გამახსენდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი და უნდა მემუშავა. რამდენიმე ფოტო გადავიღე და სხვა ადგილას გადავინაცვლე, იქ, სადაც “ჩენელ ენერჯის” ნავთობტერმინალია, აქედან გზა ნავსადგურის მეორე რაიონის გავლით სამხედრო ბაზებისკენ გადის.
სადღაც, ახლოს ცეცხლი შევნიშნე, იქეთ გავიქეცი... ხუთ წუთში ის ადგილი დაიბომბა, რომელსაც ფოტოებზე ვიღებდი.
გადავრჩი!
მობილურმა დარეკა, შორენა იყო, რატიანი, იწპრ-იდან, მთხოვა, დილიდანვე მიმეცა ინფორმაციები. შორენას წამოსვლამდე მივწერე, როგორც სხვებს, რომ ფოთი იბომბებოდა...
ზურა?!
სად არის, რას შვრება ნეტავ, ცოცხალია თუ არა?!
ღმერთო!
სამხედრო ბაზებისკენ გავიქეცი, არავინ შემიშვა, არც არავინ არაფერი მითხრა.
ახლა საავადმყოფოსკენ გავრბივარ. სასწრაფო დახმარების მანქანაში კი არ ჩავჯექი, ჩავუხტი ძალით ექიმებს.
იქნებ, აქ ვიპოვო, ან ცოცხალი, ან მკვდარი...
ყველგან დაჭრილებია, მისაღებში, დერეფანში, პალატებში...
ადგილი არ ყოფნის, პირდაპირ იატაკზე წევს ხალხი, ექიმებიც არ არიან საკმარისი.
არაფერი არ არის საკმარისი, ესაა პრეზიდენტის, ომისთვის მზა ქვეყანა?!
ყველგან სისხლი და ოხვრაა, ყველა შველას ითხოვს!
ყველა გარბი-გამორბის, ნახევარი ფოთი აქაა, მაგრამ ახლა არაფრის თავი არ მაქვს, თვალით და გონებით სხვა ვინმეს ვეძებ, ზურას!
ნეტა, რა მუვიდა ამ ბავშვს, სად არის?!
ვერსად ვპოულობ, დაჭრილებში ისე ურეაქციოდ დავრბივარ, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ყველაფერს ვხედავდე.
არ არის, აქ არ არის!
სამხედრო ჰოსპიტალი გამახსენდა, ახლა იქ გავრბივარ, აქაც იგივე სურათი _ დაღუპულები, დაჭრილები და სისხლი!
არც აქ არის. ახლა სად წავიდე, რა ვქნა?! ვერაფერსაც ვერ ვშვრები...
შინ დავბრუნდი, ირიჟრაჟა.
ცაც სისხლისფერი იყო იმ დილას, სულ წითელი!
ფოტოებს შევავლე თვალი, ყველა უხარისხოა! _ ვთქვი და მივხვდი, რომ ესეც მიღწევა იყო ჩემთვის, იმ მდგომარეობაში და იმ წუთებში.
უამრავი წერილი დამხვდა მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, კოლეგებისგან... ყველა _ თავს გაუფრთხილდიო, ფოთიდან წამოდიო, მხნედ იყავიო, _ მწერდა!
~არასადაც არ წავალ!~ _ მივეცი საკუთარ თავს პირობა. ან სად უნდა წავიდე, საქართველოში თავშესაფარი არსებობს?! არა, არ არსებობს...
ისევ დარეკა ტელეფონმა, უამრავჯერ დარეკა.
ახლა ტელეფონით მეკითხებიან ომის ამბებს...
...ია, ვანო, გიო, ნინო, რამაზი, შორენა, ქეთი...
ჩემი ძმა რეკავს, ზურას მამა... ზურას ამბებს მეკითხება, ის ფოთში არ არის, სოფელშია... ვატყუებ, ამ წუთას ველაპარაკე და კარგად არის-თქო. რა ადვილი დასაჯერებელია ტყუილი, რომელიც გინდა დაიჯერო?! არადა, ჩემი ხმის მიხედვით უნდა დაესკვნა, რომ მოვატყუე.
ერთი სიტყვა მაინც გამაგონოს ამ ბავშმა, რა იქნება...
მუშაობას ვიწყებ, ვალდებული ვარ, ვიმუშაო, ქალაქი საინფორმაციო ვაკუუმშია!
ჯარი გაქცეული, პორტი დაქცეული...
აი, თურმე რა ყოფილა ომი!
აქამდე სულ მეგონა, რომ ომს აქვს თავისი კანონები, თუმცა უკვე მივხვდი, რომ ომში კანონებს არავინ დაგიდევდს.
ახლა სხვა დრო დადგა, ჩემთვის აქამდე გამოუვლელი...
დღემ მშვიდად ჩაიარა, თუ შეიძლება ამას მშვიდი ეწოდოს, ქალაქი კი სადღაც გარბის, თავშესაფარს ეძებენ ადამიანები.
ქალაქში თუ სადმე მანქანას წააწყდი, უნდა იცოდე, რომ მასში ის ადამიანები სხედან, ვინც ფოთს ტოვებენ.
დღეს შაბათია...
მთელი დღე ვმუშაობდი, ყოველ წუთს რაღაც იცვლებოდა, ცოტა დავიღალე, მაგრამ საკუთარ თავთან საუბარი მომინდა და ისევ ჩემს დღიურს დავუბრუნდი, არადა, რახანია, ეს არ გამიკეთებია. სახლში მაინც ვერავის დაელაპარაკები, ვიცი, საუბარი ზურას ირგვლივ იტრიალებს და ეს ყველაზე უფრო არ მინდა. აღარც გამოვდივარ ჩემი ოთახიდან.
ინფორმაციას ტელეფონით ვამოწმებ, ათასჯერ მაინც უნდა სცადო დარეკვა, რომ ვინმესთან “გახვიდე”, ქალაქის ტელეფონი კი მუშაობს ჩვეულებრივად, მაგრამ მერიაში არავინ პასუხობს.
ვაი, ჩვენს პატრონს, ამათი იმედი უნდა გვქონდეს?!
საინფორმაციო ვაკუუმი გარღვეულია. ვცდილობთ, ხალხს ის სიმართლე ვუთხრათ, რომელიც აქ ხდება.
აქ ჯოჯოხეთი ტრიალებს, აქ ომია და სიკვდილის მოლოდინი!!!
არავინ იცის, როდის და საიდან მოვა სიკვდილი და მკვლელი _ ზღვიდან, ხმელეთიდან თუ ჰაერიდან.
სისხლისფრად ჩაესვენა მზე ზღვაში დღესაც, დაღამდა.
ახლა, ღამის 11 საათია... გამახსენდა, რომ ორი დღეა, თვალი არ მომიხუჭავს, არც მიჭამია, მაინც არ მეძინება, არც მშია...
სად გაქრა ეს ბავშვი?|!.
დავხურავ ახლა ამ დღიურს და შევეცდები, დავმშვიდდე, იქნებ შევძლო...”
(გაგრძელება იქნება)
