საქართველო მამა-MAP-ურ პერსპექტივას დაემშვიდობა
საქართველო მამა-MAP-ურ პერსპექტივას დაემშვიდობა
[თემურ დოლიძე]უკვე აშკარაა, რომ საქართველო ევროპისაგან მაპ-ის მიღების საკითხში მამაპაპურ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. ესე იგი, ნატოში გაწევრიანების საკითხი სამუდამოდ თუ არა, გაურკვეველი ვადით გადაიდება. ამას უკვე ვეღარც საქართველოს მთავრობა უარყოფს და ვეღარც ერთობ მოწადინებული ამერიკა.
საბოლოოდ, საქართველოს მიერ მაპ-ის მიღების პერსპექტივა რამდენიმე კვირაში, ნატოს შემფასებელთა მისიის მიერ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვევა.
- “შექმნილი ვითარების მიუხედავად, ცხადია, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების კურსი შეუქცევადია. ჩვენ წარმატებით ვიმუშავეთ საქართველოს მთავრობასთან, მივიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, თუმცა საბოლოო დასკვნისათვის დროა საჭირო”, - განაცხადა საქართველოში მყოფი შემფასებელთა მისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფრანკ ბოლანდმა და დასძინა, რომ საბოლოო დასკვნას მისია რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.
უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბერში ქვეყნის მიერ მაპ-ის მიღების საკითხში საქართველოს ხელისუფლებაც ბევრად უფრო თავშეკავებული გახდა. ამას მოწმობს საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გია ბარამიძის განცხადებაც.
- “მიიღებს თუ არა საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ქვეყანა რეფორმების კურსს მაინც გააგრძელებს”, - “მრავლისმეტყველად” აღნიშნა ბარამიძემ.
ამასობაში ირკვევა, რომ საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. ეს საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ჟან-პიერ ჟუიემ გარკვევით დაადასტურა.
- “რუსეთთან ურთიერთობების გართულება ევროპის ინტერესებში არ შედის”, - განმარტა მინისტრმა.
სანამ ბობოლო ევროპული სახელმწიფოები საქართველოსთან და ნატოსთან მიმართებით ზუსტად ჩამოყალიბდებიან, შედარებით მომცროები ჯერ კიდევ აგრძელებენ ჩვენს მთავრობასთან “მაპურ” მოლაპარაკებებს. მორიგი შეხვებრა შვედეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შედგა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებიც განიხილეს.
საქართველოში ვიზიტად მყოფმა შვედეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილისგან ბათუ ქუთელიასგან აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და რუსული აგრესიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
საქართველოს მთავრობისაგან განსხვავებით, ექსპერტებმა უკვე იციან, რომ ნატოს და მაპ-ს ჩვენ ვერ ვეღირსებით. ექსპერტი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ დეკემბერში საქართველოს ხელისუფლების ოპტიმისტური მოლოდინები კიდევ ერთხელ გაცრუვდება და თვლის, რომ საქართველოს MAP-ის მიღების გაცილებით უფრო რეალური შანსი ბუქარესტის სამიტამდე ჰქონდა.
- “რუსეთმა მიმდინარე წლის აგვისტოში საკუთარი კბილები და ბრჭყალები საკმარისად გამოაჩინა. ევროპას, თუნდაც რუსეთზე საკუთარი ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო, რუსულ მხარესთან ზედმეტი პრობლემები ბუნებრივია, აღარ აწყობს და ნატოს დეკემბრის სამიტზე აღარ გარისკავს. ამ ეტაპზე ევროკავშირი საქართველოს მხარს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაშო უჭერს და არა ნატოში გაწევრიანებაში”, - აღნიშნა გეგეშიძემ, რომლის აზრით საქართველო მაპ-ის მისაღებად მზად არ არის.
“რუსეთ-საქართველოს ომმა ქართული თავდაცვის სისტემაში არსებული სერიოზული ლაფსუსები მსოფლიოს დასანახად გამოავლინა, თავდაცვის სისტემის სუსტი რგოლები კი ნატოს სტანდარტებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამას გარდა, ქართულ რეალობაში უამრავი მიზეზი არსებობს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია სერიოზულად შეფერხდეს”, - აცხადებს გეგეშიძე.
ექსპერტ ანდრო ბარნოვის აზრით, ნატომ საქართველოს დეკემბერში მაპ-ი შესაძლოა არ მისცეს, სამაგიეროდ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს.
- “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ მნიშვნელოვანი მოგება ნახა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნა დაიკანონა, მოსკოვს კარგად ესმის, რომ ეს მდგომარეობა მუდმივი არაა. ნატოს შეუძლია, შეეწინააღმდეგოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, მაგრამ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს. ეს კი რუსეთისთვის კიდევ უფრო არასასურველი მოვლენა იქნება, ვიდრე საქართველოს ნატოში გაწევრიანება, რადგან საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნა რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში მდგომარეობის უკიდურესად გართულებას ნიშნავს”, - განუცხადა სააგენტო “პირველს” ბარნოვმა.
- “თუ რუსეთი მოვლენებს თავად არ დააჩქარებს, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნა მხოლოდ დროის საკითხია. ამის გათვალისწინებით, რუსული მხარე შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის გადაწყვეტილებას მარტივად მიიღებს. რეალურად შავ ზღვაში ნატოს გემების მიმოსვლის გახშირების გარდა, რუსეთმა სხვა რეალური პასუხი დასავლეთისგან ვერ მიიღო, ამიტომ მოსალოდნელია, რომ მოსკოვი შემდგომი ესკალაციის გადაწყვეტილებას ადვილად მიიღებს”, - მიიჩნევს ბარნოვი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4481