საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში ჩადის
მსოფლიო ხალხებისადმი სპეციალურ მიმართვაში, რომელიც კონსტანტინოპოლში მიიღეს, საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებაც წერია.
მოსკოვში სტუმრობის დეტალებსა და კონსტანტინოპოლში გამართული ღონისძიების შესახებ ”რეზონანსს” შეხვდა და ესაუბრა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე).
კონსტანტინოპოლში მიღებული მიმართვის წინასწარ ტექსტზე მუშაობა სასულიერო პირებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ ივნისში, კუნძულ როდოსზე დაიწყო, რომელიც ეხებოდა სიღარიბესთან ბრძოლას, ეკოლოგიურ პრობლემებს, დიასპორების თემასდა საეკლესიო საკითხებს. წინასწარ შეჯერებული საკითხები 9 პუნქტს შეიცავდა, რომელსაც საქართველოში სამართლიანობის აღდგენისადმი მხარდამჭერი მეათე პუნქტიც დაემატა.
მეუფე გერასიმე: კონსტანტინოპოლში ყოფნისას ჩვენს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ყველა გვეკითხებოდა; საქართველოს ეკლესიის მიმართ ყველა ძალიან დიდ თანადგომას გამოხატავდა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის - უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ მსოფლიო პატრიარქის ძმური, მეგობრული დამოკიდებულების ფაქტორი იყო ის, რომ მსოფლიო პატრიარქმა ბრძანა - ყველა ეკლესიის წარმომადგენლებს მივიღებ, მაგრამ პირველად საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს შევხვდებიო. მსოფლიო პატრიარქს მისი უწმინდესობისგან გადავეცით მისალმება, ძმური მოკითხვა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. მსოფლიო პატრიარქმა აქ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო დიდი გულისტკივილი გამოხატა, ამ ვითარებაში დაღუპული ადამიანების გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს ეკლესიას თანადგომა გამოუცხადა.
ვისი ინიციატივით შევიდა ეს პუნქტი?
- სხდომის დაწყებამდე ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა მთხოვა შევხვედროდი. მითხრა: ”ჩვენ საუბარი გვქონდა, რომ მიმართვაში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული ის, რაც საქართველოში მოხდა; ამ საკითხისადმი არ შეიძლება ეკლესიამ თავისი პოზიცია და დამოკიდებულება არ გამოხატოს”.
მსოფლიო პატრიარქებისადმი შედგენილ მიმართვის ტექსტში ჩაიწერა, რომ მხარს უჭერენ საქართველოში სამშვიდობო პროცესებს, სამართლიანობის აღდგენას.
ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას?
- საკითხის განხილვისას, ერთ-ერთმა სასულიერო პირმა,რომელიც ტექსტის დამუშავებაში მონაწილეობას უშუალოდ იღებდა, სამწუხაროდ, უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა - საკითხი, რომელიც არ განგვიხილავს, მიმართვაში რატომ უნდა შევიტანოთო. მსოფლიო პატრიარქმა და ალბანეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელმაძალიან მტკიცე პოზიცია გამოხატეს: ”ჩვენ არ შეგვიძლია გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ იმის შესახებ, რაც საქართველოში მოხდა; არ შეგვიძლია ამ დროს ჩვენი თანადგომა არ გამოვხატოთ, ჩვენი ძმური ეკლესიის მიმართ”.
იყვნენ თუ არა კონსტანტინოპოლში რუსეთის ეკლესიისწარმომადგენლები?
- რასაკვირველია, იყვნენ, ალექსი II ბრძანდებოდა. გადაწყვეტილების მიღებისას მათ უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოუხატავთ.
ანუ, მიმართვას მხარი დაუჭირეს?!
- დიახ, მხარი დაუჭირეს. ისინი უხერხულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რადგან მაინც სასულიერო პირები არიან და ჩვენს ტერიტორიებზე რა და როგორ მოხდა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ამიტომ, მიმართვის ტექსტში საქართველოს მხარდამჭერი პუნქტის დამატებას, საბოლოოდ ყველამ მხარი დაუჭირა.
ხომ არ გისაუბრიათ რუსეთის ეკლესიისწარმომადგენლებთან, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე?
- რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრეთ.
რუსეთის პატრიარქსაც ესაუბრეთ?
- პატრიარქს წირვის დროს მცირე ხნით შევხვდით, ლოცვა-კურთხევა ავიღეთ და საქართველოს პატრიარქისგან მოკითხვა გადავეცით; მანაც ძმური სიყვარულით მოიკითხა მისი უწმინდესობა. მოგეხსენებათ, დიდი ხანია მიდის საუბარი რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელზეც მოხდება იმ საკითხების განხილვა, რომლებიც ჩვენი ეკლესიების წინაშე დგას და დიდი ხანია გვაწუხებს. შევხვდი რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, სმოლენსკისა და კალენინგრადის მიტროპოლიტს, მეუფე კირილეს; მოლაპარაკებების ჩასატარებლად 5-დან 10 ნოემბრამდე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მოსკოვში მოლაპარაკებების ჩასატარებლად გავემგზავრებით.
რუსეთში თქვენი სტუმრობის მიზანი პატრიარქების შეხვედრის მომზადებას ხომ არ ითვალისწინებს?
- ჯერ ჩვენი დელეგაცია რუსეთის ეკლესიის პატრიარქს შეხვდება; შემდეგ არ ვიცი რამდენად მოხერხდება პატრიარქების შეხვედრა.
რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები ალბათ არ იწონებენი მას, რაც ჩვენს მიწაზე მოხდა და ხდება...
- რუსეთის ეკლესიამ წმინდა სინოდის სხდომაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიას ცნობს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მხარდასაჭერი პოზიციაა, რადგან გვქონდა ისეთი წინა ცნობები, თითქოს შეიძლებოდა აფხაზეთში ეპისკოპოსად ეკურთხებინათის სასულიერო პირები, რომლებიც მათთან ძალიან კარგ ურთიერთობებში არიან და, აი, ამ საუბრის დროს, მათ დააფიქსირეს, რომ ეპისკოპოსად კურთხევას არ აპირებენ და თვითონაც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ეკლესიასთან რაღაც დიალოგში შემოვიდნენ აფხაზი სასულიერო პირები. მიუხედავად ასეთი პოზიციისა, მათ მიერ სამწუხაროდ, მაინც ხდებოდა ხელდასმა აფხაზი სასულიერო პირებისა და შემდეგ აფხაზეთში მათი მღდველმოქმედების აღსრულებისა.
მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე ჩვენ ალბათ უფრო მკაფიო პოზიციას გამოვხატავთ, შეიძლება მწვავე საუბარიც გვქონდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება იურისდიქციას; რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელებულ მასალას, ვორონეჟის მიტროპოლიტის ცხინვალში სტუმრობის თაობაზე, რომელმაც იქ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა, სასწრაფო დახმარების მანქანები ჩაიყვანა და ა.შ. ეს არის საქართველოს ეკლესიის ტერიტორია, ისევე, როგორც ამას რუსეთი აფიქსირებს და აღნიშნავს; ცხინვალში ჩვენი ეკლესიის ლოცვა-კურთხევის გარეშე არ შეიძლება არანაირი მოქმედების შესრულება, თუნდაც, მოწყალების, დახმარების, აღარ არის საუბარი იქ წირვა-ლოცვისა და ღვთისმსახურების ჩატარებაზე.
თქვენთან ერთად ვინ გაემგზავრება მოსკოვში?
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი ანდრია და ბატონი ზურაბ აბაშიძე. ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომ ჩვენ ეს მძიმე მისია ვიტვირთოთ და პირველი ნაბიჯები გადავდგათ დიალოგის დაწყებისათვის, რათა რაღაც კომპრომისამდე მივიდეთ.
