საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევროპას სტუმრობს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევროპას სტუმრობს
[სააგენტო GHN]სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თანმხლებ პირებთან ერთად ევროპას სტუმრობს. მისი უწმინდესობა ევროპაში 25 ოქტომბერს გაემგზავრა. როგორც ჯი-ეიჩ-ენს საპატრიარქოდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთს ეწვევა.
გერმანიაში მისი უწმინდესობა 5 ნოემბრამდე დაჰყოფს, იტალიაში - 12 ნოემბრამდე, ხოლო საფრანგეთში - 18 ნოემბრამდე.
იტალიაში მისი უწმიდესობა მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო პოლიტიკოსთა ფორუმში, რომელიც 6-7 ნოემბერს ბასკო-მარენგოში გაიმართება. ილია მეორის სიტყვით გამოსვლა, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას შეეხება, დაგეგმილია 6 ნოემბერს.
7 ნოემბერს დაგეგმილია ტურინში მაცხოვრის სუდარის მონახულება და ასევე აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენის გახსნა. 8 ნოემბერს ილია მეორე რომის პაპს, ბენედიქტე XVI-ს შეხვდება. 12 ნოემბერს იგეგმება პატრიარქის წირვა-ლოცვა ბარში, წმიდა ნიკოლოზის საფლავთან.
ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში ევროპის კულტურის ფონდის პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა დანიის პრინცი კათოლიკოს-პატრიარქს გადასცემს ფონდის ჯილდოს მშვიდობის, ჰუმანურობის და საქართველოში საეკლესიო ცხოვრების დამკვიდრების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
16 ნოემბერს კი პარიზში ქართული ეკლესიის გახსნაა დაგეგმილი.
ევროპაში კათოლიკოს პატრიარქთან ერთად იმყოფებიან მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი), არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული), დეკანოზი გიორგი ზვიადაძე, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე და სხვები.
იტალიაში ასევე გაემგზავრება მომლოცველთა 50 კაციანი ჯგუფი და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში 18 ნოემბერს დაბრუნდება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4503