სოხუმი თითს იშვერს, თბილისი უარყოფს
სოხუმი თითს იშვერს, თბილისი უარყოფს
[დავით კირვალიძე]სოხუმის მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო ზონაში დივერსიული აქტების განსახორციელებლად სპეცდანაყოფები გადაისროლა. როგორც ”რია ნოვოსტი” იუწყება, ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.
”გვაქვს უტყუარი მონაცემები, რომ საქართველოს შსს-ს სპეცდანაყოფები გადმოისროლა. აღნიშნული დანაყოფების მოსამსახურეებს სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი, მათ შორის არიან სნაიპერები და დამნაღმველები, რომლებიც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს”, - აცხადებს შამბა.
მისივე მტკიცებით, ქართული სპეცდანაყოფების დასახმარებლად ე.წ. სასაზღვრო ზონაში შესული არიან რაზმები ”ტყის ძმები” და ”თეთრი ლეგიონი”. ”ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ მედვედევი-სარკოზის გეგმა არ სრულდება”, - განაცხადა შამბამ.
სეპარატისტული სოხუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ე.წ. სასაზღვრო ზონაში სპეცდანაყოფების გადასროლის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო. ამის შესახებ შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.
”ამ რეგიონში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ის ძალები დგანან, რომლებიც აქამდეც იყვნენ. ქართველი პოლიციელები მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროკავშირის დამკვირვებლებთან”, - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.
პარტიზანების გააქტიურებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:
- ომის შემდგომ ჩვენ ახალი რეალობის პირობებში ვიმყოფებით, კერძოდ - მთელი მსოფლიო ჩართულია საქართველოს პრობლემის მოგვარების საქმეში და ჩვენ უკვე პრაქტიკულად არაფერს ვწყვეტთ. ასე რომ, ძალიან რთულია, ჯეროვნად დაუჭირო მხარი იმ ადამიანებს, ვინც ახლა პარტიზანული მოძრაობის წამომწყები შეიძლება იყოს. ვთვლი, რომ ამ მოძრაობის დაწყება შედეგობრივი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთისთვის უფრო მომგებიანი იქნება
თუკი დღეს სახელმწიფოს კონტროლიდან გამოსული დამოუკიდებელი პარტიზანული დაჯგუფებები არსებობს, მაშინ ყველაფერი გასაგებია - სახელმწიფო მათ ვერასოდეს გააკონტროლებს. თუმცა, ჩემი აზრით, პარტიზანებმაც უნდა იფიქრონ შედეგებზე - იმაზე, თუ რას მოუტანს ეს მოძრაობა ქვეყანას.
საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თავის დროზე, საერთო სახალხო ანტირუსული ომი არ დაწყებულიყო. 10-11 აგვისტოდან მოყოლებული, რუსეთთან კონფლიქტი საერთო-სახალხო წინააღმდეგობაში რომ გადასულიყო, მაშინ პარტიზანული მოძრაობას საფუძველი ექნებოდა.
სახელმწიფოს მხრიდანაც კი, ამ მოძრაობაზე ორიენტირება ლოგიკური იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის დანაკლისს, უზარმაზარ ეკონომიკურ დანაკლისს მივიღებდით, მაინც ლოგიკური იქნებოდა საერთო-სახალხო და პარტიზანული მოძრაობის გაჩაღება. დღეს შექმნილი ვითარების ფონზე კი, როცა მოლაპარაკებებში საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართულნი, ხოლო კონფლიქტურ ზონებში უშუალოდ მოქმედებენ ევრომონიტორები, პარტიზანული მოძრაობა, უბრალოდ, ალოგიკურად მიმაჩნია.
თუკი ჩვენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საერთო-სახალხო მოძრაობა (მათ შორის - პარტიზანული მოძრაობა) გვინდოდა, მაშინ მთელი მსოფლიო აღარ უნდა შეგვეძრა - არიქა, დავიღუპეთ, ჩვენს მიწაზე ოკუპანტები არიან და რამე გვიშველეთო. პირიქით, მაშინ საერთო სახალხო მოძრაობა უნდა დაგვეწყო და პარტიზანულ მოძრაობასაც გამართლება ექნებოდა.
ახლა, უკვე რთული ვითარებაა - დამკვირვებლები შემოვიყვანეთ, მსოფლიო საზოგადოებრიობა შევყარეთ და უცებ, რა გამოდის, პარალელურ რეჟიმში, თურმე, პარტიზანული მოძრაობა გვაქვს? თუკი ასეთი ვითარება შეიქმნა, განმეორდება ის, რაც 90-იან წლებში აფხაზეთში მოხდა, როცა ჩვენ თვითონ გავხდით იძულებულნი, გაგვენეიტრალებინა ომში მებრძოლი პარტიზანები.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4513