კუშნერი ახალგორულ დილემაზე ალაპარაკდა
კუშნერი ახალგორულ დილემაზე ალაპარაკდა
[თემურ დოლიძე]ახალგორის ირგვლივ შინ და გარეთ ურთულესი და უდაძაბულესი ვითარებაა. გორსა და კასპში ახალგორიდან დევნილთა რაოდენობა მატულობს, ევროპელი პოლიტიკოსები კი განმარტებების გაკეთებას უნდებიან, რომ ახალგორს ცხინვალთან არაფერი აკავშირებს.
გორში საბავშვო ბაღებში შესახლებულ დევნილებს თითქმის ყოველდღიურად ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირები ემატებიან. ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირების რაოდენობამ იმატა კასპშიც.
დევნილები პირად საუბარში დაუფარვად აცხადებენ, რომ აღნიშნულ რაიონში სიტუაცია თანდათან იძაბება. ამჟამად ახალგორსა და მიმდებარე სოფლებში რუს ოკუპანტებთან ერთად, ოსი ბანდფორმირებებიც იმყოფებიან და ახალგაზრდებს რუსულ ჯარში სამსახურს აიძულებენ.
ამ დროისათვის ფედერალურ ჯარს საჯარო სკოლების შენობები და სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეები უკავია. ახალგორიდან დევნილი მოსახლეობის ინფორმაციით, რაიონში ამ ეტაპზე მოხუცებიღა არიან შემორჩენილი.
რუსები და ოსები კი სასწარფოდ აგებენ ახალგორისა და ცხინვალის დამაკავშირებელ გზას, რომელმაც ზამთრის პერიოდში ორ ადმისტრაციულ ერთეულს შორის კავშირი უნდა უზრუნველყოს.
ევროპაში კი რატომღაც კითხვები ჩნდება ცხინვალისა და ახალგორის იტორიულ-პოლიტიკური კავშირების შესახებ. ჯერჯერობით ევროპის ლიდერი პოლიტიკოსები საქართველოს პოზიციებს მედგარდ იცავენ, მაგრამ ამ თემაზე რომ განმარტებების გაკეთება საჭირო ხდება, ეს უკვე პრობლემატურია.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარდ კუშნერის განცხადებით, ”ახალგორის რაიონსა და დანარჩენ სამხრეთ ოსეთს შორის არანაირი კავშირი არ არის”.
”ახალგორის რაიონსა და დანარჩენ სამხრეთ ოსეთს შორის არანაირი კავშირი არ არის და ახალგორის რაიონი თბილისთან ძალიან ახლოსაა”, - აღნიშნა კუშნერმა და დასძინა, რომ ”ეს ევროკავშირისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა”.
იგი რუსეთს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების თვითნებურ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. ”ჩვენ ვსაუბრობთ ჯარების დაბრუნებაზე იმ პოზიციებზე, რომელიც მათ 7 აგვისტომდე ეკავათ. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 7600-ზე მეტი ჯარისკაცის შენარჩუნებას აპირებს, რაც ამ შეთანხმებაში არ ყოფილა!”, - აღნიშნა კუშნერმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.
- ”რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მის გარდა, ეს ნიკარაგუამ გააკეთა, რაც, დამეთანხმეთ, არც ისე დიდი მხარდაჭერაა. ჩვენ ამის კატეგორიული წინააღმდეგები ვართ! პრეზიდენტმა სარკოზიმ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენ საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლას ვეწინააღმდეგებით”, - აღნიშნა კუშნერმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ”ევროკავშირი რუსეთთან თანამშრომლობით ძალიან არის დაინტერესებული”.
- ”ჩვენ გვსურს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე მიღებულ იქნას გადაწყვეტილება რუს სამშვიდობოებსა და ევროკავშირის დამკვირვებლებს შორის თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დევნილადაა ქცეული და მთავარი პრობლემა სწორედ ესაა. მათთვის დაბრუნების უფლება უნდა იქნას უზრუნველყოფილი”, - მიიჩნევს კუშნერი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4554