ირაკლი სესიაშვილი: ”აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მხოლოდ და მხოლოდ დ
ირაკლი სესიაშვილი: ”აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მხოლოდ და მხოლოდ დადგმული შოუა”
[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]სამხედრო ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მხოლოდ და მხოლოდ ”დადგმული შოუა”.
როგორც სესიაშვილმა ”პირველთან” საუბრისას განაცხადა, ”დავითაის კომისია აგვისტოს ისტორიისა და სტრუქტურის შეცვლაზე მუშაობს”.
”საგამოძიებო კომისია შოუს უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ საგამოძიებო კომისიას. ჩემი აზრით, ის აგვისტოს რეალური ისტორიისა და სტრუქტურის შესაცვლელად შეიქმნა. ეს არის დადგმული სპექტაკლი საზოგადოების თვალის ასახვევად. ამის ნათელი მაგალითები კომისიის შემადგენლობაში შემავალი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც არიან, რომლებიც დაკითხვაზე მყოფთ კითხვების დასმის ნაცვლად, მათზე პასუხის გაცემაში ეხმარებიან”, - განუცხადა ”პირველს” ექსპერტმა.
მისივე თქმით, ”აღნიშნული სპექტაკლის დადგმაში საგარეო პოლიტიკის როლიც დიდია”. ”ამით ხელისუფლებამ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩამოაფარა ფარდა, რომლებიც კომისიის მუშაობას ადევნებენ თვალყურს” - დასძინა მან.
როგორც ცნობილია, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ ამ დრომდე საგარეოსაქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ზაზა გოგავა და ქართველი სამშვიდობოების სარდალი მამუკა ყურაშვილი დაკითხა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4568