ვინ გარბოდა ომის დროს
ვინ გარბოდა ომის დროს
[რუსიკო მაჩაიძე. გაზეთი ”რეზონანსი”]აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიას საზღვრის დაცვამ იმ მოქალაქეების სია გადასცა, ვინც ომის დღეებში საზღვარი გადაკვეთა. დავითაია ამ სიის მიღებას ადასტურებს. თუმცა, სიაში მოხვედრილთა ვინაობას ჯერ-ჯერობით კატეგორიულად არ ახმოვანებს.
”რეზონანსის” ინფორმაციით, ამ სიაში რიგით მოქალაქეებთან ერთად პარლამენტისა და მთავრობის წევრები არიან. მაგალითად, პარლამენტარები ნიკა რურუა, გიგი წერეთელი, პაატა ლეჟავა და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან კოდუას ოჯახის წევრები. თუმცა, პარლამენტარები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოდან კი არ გავიდნენ, პირიქით - საქართველოში შემოვიდნენ და სწორედ ამიტომ დაფიქსირდნენ საზღვარზე.
ომის დასრულებისთანავე აქტუალური გახდა საკითხი, თუ ომის დღეებში ქვეყანა ვინ დატოვა და, რაც მთავარია, რა მიზეზით. ამ თემაზე ბევრს საუბრობდა ოპოზიციაც და ეს საკითხი ისევ აქტუალურია. ყოველ შემთხვევაში, ორი დღის წინ პირდაპირი ეთერით აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე თემურ იაკობაშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ ამ პირთა ვინაობის საჯაროობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი: ”ხომ უნდავიცოდეთ, რომ შევხვდებით, ხელი ვის ჩამოვართვათ და ვის არაო.”
აღსანიშნავია, რომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის ხემლძღვანელმა უკვე მიმართა, რომ ეს სია გადაეცა. საინტერესოა, რომ ”რეზონანსის” ინფორმაციით, ამ მოთხოვნის გაგზავნას უმრავლესობის წევრები ეწინააღმდეგებოდნენ. მათი არგუმენტი კი ის ყოფილა, რომ ამ სიებით სიმართლის დადგენა გაჭირდება, ვინადან კომპიუტერში რასაც უნდათ, იმას ჩაწერენო.
საბოლოოდ კომისიის წევრები ერთმანეთში როგორ მორიგდნენ, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ”რეზონანსის” ინფორმაციით ბიწაძემ დავითაიას სია უკვე გაუგზავნა.
დავითაია ადასტურებს, რომ მას სია უკვე აქვს, თუმცა, არ ახმოვანებს იმას, თუ ამ სიაში რა მონაცემებია. მისი თქმით, კომისია ჯერ თითოეულ მათგანს უნდა შეხვდეს, მათგან მოისმინოს არგუმენტები, თუ ვინ რატომ იყო ქვეყნიდან გასული, შემდეგ გადამოწმდეს ეს ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.
მიუხედავად ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ სიაში არიან როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარლამენტარები. ამ სიაში არიან ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, პარლამენტარები ნიკა რურუა, პაატა ლეჟავა და გიგი წერეთელი. ასევე ერეკლე კოდუას ოჯახის წევრები. როგორც ამბობენ, ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ სიისა, რაც ბიწაძემ დავითაიას გადასცა.
ხეთაგური ომის დღეებში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა და გასაკვირი არ არის, რომ იგი საზღვრის გადაკვეთისას იყოს დაფიქსირებული.
ნიკა რურუა, პაატა ლეჟავა და გიგი წერეთელი კი ”რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ისინი ომის დროს საქართველოდან კი არ გავიდნენ, არმედ შემოვიდნენ.
”მე საზღვარი კი არ გადავკვეთე, არამედ პირიქით, გადმოვკვეთე. მე სასწავლებლად ვიყავი ამერიკაში წასული და 10-ში დავბრუნდი. სწორედ იმ ღამეს, ყველაზე მეტი საფრთხე რომ იყო თბილისში,” - აცხადებს პაატა ლეჟავა.
”არ ვიცი, ეს სისულელე საიდან ვრცელდება. ჩაიხედონ ამ სიაში და კარგად ნახონ, მე გადავკვეთე თუ გადმოვკვეთე საზღვარი. მე 31 აგვისტოს გავფრინდი ამერიკაში და იქიდან დავბრუნდი ზუსტად ომის დროს. ვაშინგტონიდან ჩავფრინდი მიუნხენში, მიუნხენიდან ვენაში, ვენიდან კი ბაქოში და ბაქოდან მანქანით შემოვედი საქართველოში, ზუსტად არ მახსოვს, 8 თუ 9 აგვისტოს. ამიტომ, ვინც ამას ავრცელებს, ძალიან ვთხოვ, კარგად ნახოს, ეს საზღვრის გადაკვეთა იყო თუ გადმოკვეთა,” - აცხადებს ნიკა რურუა.
გიგი წერეთლის თქმით კი, მან საქართველო 7 აგვისტოს დილით დატოვა და მეორე დღეს დაბრუნდა.
- ”7-ში დილით გავფრინდი დასასვენებლად. ამ დღეს არაფერი ინფორმაცია არ გვქონდა, თუ ასეთი რამე მოხდებოდა და დასასვენებლად წავედი. მაგრამ, მეორე დღეს რომ გავიგე, ასეთი ვითარება იყო, მაშინვე დავბრუნდი თურქეთიდან და ამ რეისზე ჩემთან ერთად იყვნენ მთავრობის სხვა წევრებიც, ვინც ისვენებდნენ და იძულებულნი გახდნენ, რომ შვებულებები შეეწყვიტათ,” - აცხადებს გიგი წერეთელი.
როგორც ჩანს, გარკვეულ პირთა წრეს გააჩნია არგუმენტები, თუ რატომ მოხვდნენ ამ სიაში. სხვადასხვა ვერსიების გავრცელებას კი ურფო უპრიანი იქნება, რომ ეს სია გახდეს საჯარო, სადაც დაფიქსირებულია როგორც საზღვრის გადაკვეთის, ისე გადმოკვეთის მონაცემები.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4563