ცხინვალში შექმნილი კრიზისის გამოყენებას ჭკუა სჭირდება
ცხინვალში შექმნილი კრიზისის გამოყენებას ჭკუა სჭირდება
[ნინო ლოლაძე]
ცხინვალის რეგიონში ბოლო დროს ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოსებმა ცხინვალიდან მოსახლეობის გაყვანა დაიწყეს. რუსული მედია სულ უფრო აქტიურად საუბრობს, რომ არ არის გამორიცხული, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდეს. მოსალოდნელ ომზე მინიშნება უკვე ქართული მხარის მიერაც კეთდება.
ამ საკითხებზე ”პრესა.გე” ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
რუსული მხარე დიპლომატიურ ფრონტზე პიარ-აქციებით მოქმედებს. ახლა მოიგონეს, რომ უსაფრთხოების მიზნით ბუფერულ ზონებში განსაკუთრებული რეჟიმი უნდა იყოს შემოღებული. ამასთან ითხოვენ, რომ საქართველოს იარაღის შეძენაზე ემბარგო დაუწესდეს. განსაკუთრებული რეჟიმის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა გააჩნია, ვინ დაიცვას უსაფრთხოებას. თუ ეს იქნება საერთაშორისო შეიარაღებული პოლიცია, მაშინ რასაკვირველია, კარგია. თუმცა ცხადია, რუსეთი ასე იოლად არ დათმობს პოზიციას და მოინდომებს, თავად შეასრულოს სამშვიდობო მისია. მოსკოვი ფიქრობს, რომ მთელი ეს ტერიტორია მისი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს”.
როგორც ცნობილია, ცხინვალიდან მოსახლეობა გაჰყავთ. ამის გამო კიდევ უფრო გამძაფრდა ეჭვი, რომ მალე ომი დაიწყება, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მათი ჩრდილოეთ ოსეთში გადაყვანის მიზეზი ის არის, რომ საცხოვრებელი სახლები არა აქვთ.
- მართალია, ცხინვალიდან ხალხის გაყვანა მართლაც ხდება, მაგრამ ამას მასშტაბური სახე არა აქვს. მხოლოდ ორი ავტობუსით გაიყვანეს დაახლოებით 70-80 ადამიანი, ძირითადად ის ხალხი, ვინც ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.
ანუ, ცხინვალი ახალი ომის მოლოდინში არ არის?
- სამწუხაროდ, ცხინვალში ახალი ომის მოლოდინში მართლაც არიან. ამ განცდას ისიც ამძაფრებს, რომ ყოველ ღამით ავტომატების კაკანი ისმის. ხან მთვრალი ჯარისკაცები ისვრიან, ხან რუსები და ოსები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ხანაც გარჩევებია მოროდიორებს შორის, რომლებიც ქონებას ვერ იყოფენ. ამ რამდენიმე დღის წინ 5 ტელევიზორის გამო კინაღამ ერთმანეთი დახოცეს. შეხლა-შემოხლის დროს 2 ადამიანი დაიჭრა და ტელევიზორები კი სულ დაიცხრილა.
ეს ფონი კი ომის შიშს ქმნის. უბრალო ადამიანმა რა იცის, რა ხდება. თანაც რუსულ არხებს უყურებენ, სადაც მოსალოდნელი ომის შესახებ განცხადებები ისმის. სხვათა შორის, როგორც რუსეთის ხელისუფლება ამზადებს მომავალი ომისთვის თავის საზოგადოებასა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ხალხს, იგივეს აკეთებენ ქართული ტელევიზიებიც.
ყოველივე ამის გამო ცხინვალში გამარჯვებით გამოწვეული ეიფორია ხომ არ ქრება და საკუთარი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება?
- ცხინვალში არ არის ყველაფერი დალაგებული. მართალია, მოსახლეობის ნაწილი გამარჯვების გამო კვლავაც ეიფორიაშია, მაგრამ კითხვები უკვე ჩნდება. რა იქნება მერე? - ეს კითხვა ყველას აწუხებს. იციან, რომ აფხაზეთში არ ცხოვრობენ და გარე სამყაროსთან პირდაპირი კონტაქტის საშუალება არა აქვთ. თანაც დიდად ჩრდილოეთ ოსებიც არ არიან კმაყოფილი იმით, რაც მოხდა.
საერთოდ, სამხრეთ ოსები მათთვის დიდად გულზეშესაყრელი ხალხი არასდროს ყოფილა. ჩრდილოეთ ოსეთში კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ცხინვალი მათ ბიუჯეტს უნდა ჩამოეკიდოს. მართალია, რეგიონის დასახმარებლად რუსეთიდან ტრანშები მოდის, მაგრამ ამის გარდა სხვა ხარჯია, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთის ბიუჯეტმა უნდა გაითვალისწინოს.
როგორ ცნობილია, ოსებსა და რუსებს შორის ურთიერთობა გართულებულია. ეს მართალია, თუ ქართული მხარე სიტუაციის დრამატიზირებას ახდენს?
- ცხინვალში ძალიან რთული მდგომარეობაა. ოსური შეიარაღებული ფორმირებები ითხოვენ, რომ მათ ხელში იყოს ძალაუფლება. რუსები ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან და ამის გამო მათ შორის შეტაკებებია. ამ დაპირისპირებებში ოსური მხრიდან უკვე 20-კაცამდე კაცია დაღუპული. რა თქმა უნდა, რუსული სამხედრო შენაერთები ცდილობენ, თავისი გაიტანონ.
ადგილობრივ ”აპალჩენცებს” მიაჩნიათ, რომ ომი მათ მოიგეს. ისინი მართლა იბრძოდნენ. ფიქრობენ, რომ კოკოითიმ უღალატა, რომელიც ჯავაში იმალებოდა. ახლა მას პასუხს სთხოვენ და ეუბნებიან, რომ ომი ჩვენ მოვიგეთ და მთავრობაშიც ჩვენ უნდა ვიყოთო. კოკოითი კი იძულებულია, რუსების კარნახით დააკომპლექტოს მთელი მთავრობა.
ერთი სიტყვით, კოკოითი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. აქედან რუსები უტევენ, იქიდან ადგილობრივი მოხალისეები. ამ ”აპლაჩენცების” მეთაურმა ბალა ბესტაევმა პირადად აგინა კოკოითის ამის გამო და აპირებს, რომ ანტიკოკოითური სამხედრო ცენტრი შექმნას. ეს პოლიტიკური თუ სამხედრო გადაწყვეტილება იქნება, ჯერჯერობით უცნობია. ”აპალჩენცები” ითხოვენ, რომ თავდაცვის მინისტრად დაინიშნოს იბრაგიმ გასიევი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და ამ ბრძოლებში მონაწილეობდა.
რუსები კი კოკოითს გასიევს არ ანიშნინებენ. ოსები ითხოვენ, რომ რუსები წავიდნენ. რუსები ამბობენ, სად უნდა წავიდეთ, თქვენს გამო აქ ამდენი ჯარისკაცი დაგვეღუპაო. სხვათა შორის, თავის დროზე ოსებმა შეცდომა დაუშვეს და განაცხადეს, რომ თითქოს ომის დროს მხოლოდ 26 კაცი დაეღუპათ. რეალურად ეს ციფრი მაღალი იყო. სამაგიეროდ, ახლა ამ მონაცემებს ახლა რუსები სათავისოდ იყენებენ.
ამ დაპირისპირებას თავად მოსახლეობა როგორ უყურებს?
- ცხინვალში ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს ვესაუბრე, რომელიც დე ფაქტო საკანონმდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს. მან მითხრა, რომ ეს არის ცხოვრება ჯოჯოხეთში. გარდა იმისა, რომ რეგიონში სროლებია, დანგრეული და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. რუსულმა ავიაციამ ქალაქის ბოლო მოუღო. სიტუაციას ართულებს ის, რომ ხალხს კომპენსაციასაც აღარ უხდიან.
დახმარება კი შემოდის, მაგრამ ცხინვალს არ ჰყოფნის, რადგან დიდი ნაწილი ახალგორს მიაყარეს, როგორც ჩანს, იქ ხალხის გადმობირება სურთ. ფული კი ძირითადად ვლადიკავკაზში ილექება. ცხინვალში სტენდები გამოფინეს, თუ როგორ იქნება ახალი რაიონი, რომელსაც ”მასკოვსკი რაიონი” ჰქვია. თუმცა ცხინვალში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ იქ რუსმა სამხედროებმა და მათმა ოჯახებმა უნდა იცხოვრონ.
ვითარებას მოროდიორებიც ართულებენ. ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული შეიარაღებული ადამიანები დაძრწიან და რაც მოეწონებათ, ხალხს ართმევენ. თქვენს გამო ვიბრძოლეთ და სანაცვლოდ ყველაფერი გვეკუთვნისო. სამი შემთხვევა იყო, როცა ოსები საკუთარი სახლებიდან გამოყარეს და საცხოვრებლად თავად შევიდნენ. ერთი სიტყვით, დიდი გაწევ-გამოწევაა. იმის გამო რომ რეგიონში ასეთი დაძაბულობაა, რუსები ოსებს აღარ ენდობიან. ეს შეიძლება ომის შემაკავებელი ფაქტორად იქცეს. რუსებმა ომი რომ წამოიწყონ, არა აქვთ გარანტია, რომ ოსები აჰყვებიან.
კოკოითის ბრძანება გამოუცია, რომ იარაღის პასპორტიზაცია უნდა ჩატარდეს, მაგრამ ამ გეგმის რეალიზება ვერ შეძლო. ახლა მორიგი ბრძანება მოუმზადებია, მთელი იარაღი ჩააბარეთ და მხოლოდ ერთი ავტომატი დაიტოვეთო, შედეგი არც ამას გამოუღია. სხვათა შორის, რეგიონში იარაღი დიდი ოდენობით არის და მის კონტრაბანდა ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო. ასე რომ, რუსებმა ახალი თავის ტკივილი გაიჩინეს.
შეტაკება მოხდა ოსებსა და ჩეჩნებს შორის. ცხინვალში მშენებლობებზე ”ჩეჩენსტროი” მუშაობდა. მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ოსებმა მოკლეს და ქართველებს დააბრალეს. თუმცა ეს ჩეჩნებმა არ დაიჯერეს და გამწარებულები ბორის ჩოჩიევს მიუვარდნენ. ჩოჩიევი დაიმალა, მისი სტაფი კი გალახეს. ჩეჩნები ცხინვალიდან წავიდნენ. ახლა მათ ნაცვლად დაღესტნელები მუშაობენ.
ცხინვალში ახლახან ერთი პიროვნება დააპატიმრეს იმის გამო, რომ მთავრობის შენობის წინ ხმამაღლა განაცხადა: რად მინდა ასეთი დამოუკიდებლობა, თუ საჭმელი არ მექნებაო. სხვათა შორის, ინტერნეტ ფორმუზე გამოჩენილა ინფორმაცია - ქართული სოფლები რომ გადავწვით, ახლა რა გვეშველება, რა უნდა ვჭამოთ, მალე აღარაფერი გვექნებაო. ეს ფორუმი მაშინვე დაუხურავთ. ცხინვალის რეგიონის მოსახლოება შიმშილის საშიშროების წინაშე მართლაც დგას.
რამდენად არის იმის შანსი, რომ რეგიონში შექმნილი რთული ვითარება საქართველოს ხელისუფლებამ კარგად გამოიყენოს?
- ამ ვითარების გამოყენებას ნიჭი და უნარი სჭირდება. დღეს ჩვენს ხელისუფლებაში ასეთ ძალას ვერ ვხედავ, ვინც ამის გამკეთებელია. ერთხელ სცადეს და რითი დამთავრდა სანაკოევის პროექტი, ყველას კარგად მოეხსენება. აქედან გამომდინარე ამას ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება. პირველ რიგში, ამ პროცესში ისეთი ადამიანები უნდა ჩართონ, ვინც რეგიონს და ამ მცხოვრები ადამიანების მენტალიტეტს კარგად იცნობს.
ამბობთ, რომ ცხინვალში კოკოითის ხელისუფლებისა და რუსების მიმართ უკმაყოფილებაა. თუ არიან რეგიონში ისეთი ძალები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე წამოვლენ.
- საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე ამ წუთას არავინ წამოვა. თუმცა იქ რომ ვინმემ გაიმარჯვოს და კოკოითის მოუგოს, ასეთები არსებობენ. მღვირე წყალში თევზის დაჭერა იოლია, მაგრამ ჩვენ ასეთ დროს თევზის დაჭერა ვერაფრით ვისწავლეთ. თუმცა წვალება მაინც შეიძლება, ეგებ რამე ახლა მაინც გამოგვივიდეს.
