ვის აწყობს ომით სპეკულირება 7 ნოემბრის მოლოდინში
ვის აწყობს ომით სპეკულირება 7 ნოემბრის მოლოდინში
[შორენა პაპაშვილი]ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების შესაძლო განახლების შესახებ ვარაუდებს უკვე ხმამაღლა გამოთქვავენ. 7 ნოემბრის მოახლოებასთან ერთად ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებისაგან, ქართული საზოგადოების ყურადღების გადატანის მიზნით, ცხინვალის მიმართულებით ახალი საბრძოლო მოქმედებების დაწყების საშიშროებას ხედავს.
სიტუაციის ექსკალაციის საშიშროებაზე ქართული მხარე ამჯერად უფრო აქტიურად საუბრობს, ვიდრე აგვისტოს მოვლენებამდე. ბოლო დღეებში ახალგორის რაიონში და მთლიანად ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის გაზრდის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას ციფრებში აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ახალგორის რაიონში ამდროისათვის 7 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება.
- ”როდესაც ახალგორის მაცხოვრებლები ეკითხებიან რუს სამხედროებს, რატომ იზრდება თქვენი შეიარაღებაო? ისინი პასუხობენ, საქართველოს მხრიდან თავდასხმას ველოდებითო. საქართველოს მხარე კი პირიქით ამბობს, რომ ელოდებიან თავდასხმას რუსული მხრიდან. საკვირველია, რომელ მხარეს აწყობს ექსკალაცია. გარკვეულწილად შეიძლება ეს შედიოდეს საქართველოს გარკვეული სახელისუფლებო ჯგუფების ინტერესებში, რათა გადაფარონ ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც შესაძლოა დაიწყოს 7 ნოემბერს, ” - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, სიტუაციის ექსკალაცია და საომარი მოქმედებების განახლება დიდ წილად შეიძლება რუსული მხარის ინტერსებშიც შედიოდეს, იმ მიზნით, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. შექმნილ ვითარებაში ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, თუ რომელი მხარისაგან არის უფრო მეტად მოსალოდნელი ომის განახლების საფრთხე, ქართველი ექსპერტისათვის ძნელი სათქმელია, თუმცა, ერთი რამ ნათელია, რომ ახალი ომი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისათვის უდიდესი დამანგრეველი დარტყმა იქნება.
როგორც Presa.ge-ს კავკასიის საკითხებში ექპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა, საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ყოფნის უმთავრესი დანიშნულებაა, შეაფასონ სიტუაციის ექსკალაციის საფრთხეების არსებობა და რეაგირებისათვის ევროპულ სტრუქტურებს გადაუგზავნონ. ”იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილ საფრთხეებზე, აგვისტოს მოვლენებისაგან განსხვავებით საერთაშორისო ორგანიზაციები დროულად და ეფექტურად იმოქმედებენ, საშიშროების თავიდან აცილების შანსი კიდევ არსებობს”.
პოლიტიკური პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ევროპა აკონტროლებს საქართველოს, მაგრამ ვერ აკონტროლებს რუსეთს. ამდენად, ევროსტრუქტურებში სიტუაციის ექსკალაციის რეალური საფრთხეების არსებობაზე სერიოზულად საუბრობენ.
რამდენიმე დღის წინათ ევროპის ქვეყნებში ვიზიტიდან დაბრუნებულმა სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო ”პირველისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირადად სთხოვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველ პირებს, რომ შექმნილ კრიზისულ სიტუაციაში ახალი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების თვალსაზრისით სერიოზულად აკონტროლონ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და როგორმე საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უზრუნველყონ.
მისივე თქმით, ევროპა საქართველოს ბედით სერიოზულად არის დაინტერესებული და დასავლეთში აღაირებენ, რომ საქართველოს გადარჩენის გზა დემოკრატიაზე გადის. ”საქართველომ კრიზისის პირველი ეტაპი გადალახა, თუმცა, ყველა გრძნობს, რომ ესკალაციის რეალური საფრთხე ისევ არსებობს”.
- ”თბილისის ქუჩებში, სხვადასხვა უწყებების წინ ევროკავშირის დროშების გამოკიდებით მიხეილ სააკაშვილი ევროპას ვეღარ ატყუებს. ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს პრეზიდენტის დემოკრატიულობის აღარ სჯერათ. ევროპაში მშვენივრად იციან, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატიული ტალღა აღარ არსებობს. ეს ქვეყნები საქართველოს უჭერენ მხარს და არა სააკაშვილის პოლიტიკას. მისი პოლიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ჩემთან პირადი საუბრისას მკაცრად გააკრიტიკეს, მაგრამ ისინი საქართველოს გვერდით დგანან,” - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
რუსეთის მიერ გაჩაღებული აქტიური საინფორმაციო ომის პირობებში სეროზული სტრატეგიის შემუშავება არა მხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებას, ოპოზიციასაც სჭირდება. რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თუ კი აგვისტოს მოვლენების მიმართ ქართული საზოგადოება ინდეფერენტული იქნება და ხელისუფლებისაგან კონკრეტულ პასუხებს არ მოითხოვს, სააკაშვილი ქვეყანას კიდევ ახალ ”უბედურებაში გახვევს”.
როგორც ჩანს, ოპოზიციას მოთმინების ფიალა ევსება და აღარ სურთ ქვეყანაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს, მითუმეტეს იმ შეცდომებსი ფონზე რაც ოპოზიციის ლიდერების აზრით, ცხინვალის ომის დროს იქნა დაშვებული და რომელთა გარკვეული ნაწილი თავად პერზიდენტმაც აღიარა ერთ-ერთ თავის სატელევიზიო გამოსვლაში.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ასევე აღიარა, რომ 7 ნოემბერი მისთვის მძიმედ მოსაგონარია და ეს დღე ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, თუნდაც მხოლოდ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს.
- ” 7 ნოემბერმა დაგვანახა შეცდომები, დაგვანახა, თუ რამდენად მეტად უნდა უსმინოს პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს. 7 ნოემბერმა გვასწავლა, რომ საჭიროა ერთიანობა. ურთიერთქიშპობა არის ჩიხში მიმავალი მიმართულება. თუ არა ეს გაკვეთილი, ვერ შევძლებდით, აგვისტოში მსოფლისთვის ერთიანობის დემონსტრირებას,” - ეს განცხადება სააკაშვილმა უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის შესაძლო ექსკალაციაზე ”მითებს” თბილისიც და მოსკოვიც საკუთარი მიზნებისათვის ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს 7 ნოემბრის წინ ქვეყანაში აწიოს პოლიტიკური ტემპერატურა, რათა შექმნას ილუზია, რომ ოპოზიციის მიერ მოწყობილი მიტინგი პრო-რუსულია.
რაც შეეხება რუსეთს, მისი აზრით, მოსკოვს საქართველოში დაძაბული ვითარების არსებობა ხელს აძლევს 18 ნოემბრის წინ, როდესაც ჟენევაში არის დანიშნული შეხვედრები და ამასთანავე 15 ნოემბერს ამერიკაში დიდი ოცეულის შეხვედრა იგეგმება. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია რუსეთს თავისად მიაჩნია და არასოდეს დაუმალავს, რომ იქ საკუთარი სამხედო ტექნიკა და ჯარი ეყოლებოდა მობილიზებული.
- ”ქართული არმია განადგურებულია, ინფრასტრუქტურა მოშლილია და მათ არ შეუძლიათ ერთ დღეში დაიწყონ ომი. 7 აგვისტოსათვის ექსკალაცია 3 ივლისიდან მოყოლებული მზადდებოდა. არც ერთი და არც მეორე მხრიდან ჯერ-ჯერობით ომის მოსამზადებელი ფაქტორები არ ჩანს.”- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი
მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთზე მეტად ის აშინებს თუ რამდენი კაცი გამოვა 7 ნოემბერს ქუჩაში, რადგან ეს აქცია ” სერიოზული საზოგადოებრივი პროტესტი იქნება იმის მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება”.
- ”შარშან ამბობდა ხელისუფლება 5 ათასზე მეტს ვერ მოაგროვებს ოპოზიციაო, დღეს უკვე რიცხვი 50’000-მდე გაზარდეს? განა 50’000 ადამიანი ცოტაა? 60-იან წლებში მარტინ კინგმა 200 000 ადამიანი შეკრიბა ამერიკის მასშტაბით და ეს ლამის რევოლუციის ტოლფასი იყო. საქართველოში კი 100’000 ადამიანის ქუჩაში გამოსვლა ეცოტავება ხელისუფლებას. 7 ნოემბერს 20’000 კაციცი რომ შეიკრიბოს ბევრი იქნება საქართველოს მასშტაბებისათვის, რადგან ასეთი დიდი მიტინგები ნორმალურ სახელმწიფოში არ იკრიბება,” - ამბობს ქართველი ექსპერტი.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4551