ბრიტანეთი საქართველოს ღალატსა და რუსეთის თანადგომაში დაადანაშაულეს
ბრიტანეთი საქართველოს ღალატსა და რუსეთის თანადგომაში დაადანაშაულეს
[დევიდ ბლერი. The Daily Telegraph]დიდი ბრიტანეთი რაკი რუსეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორულ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა, საქართველოს ”გასაყიდად” და რუსეთისთვის გამარჯვების გადასალოცად ემზადება, აცხადებენ ევროპელი დიპლომატები.
ეს ნიშნავს მიბრუნებას ”ბიზნესისკენ, როგორც ყოველთვის” და ”ცხად გზავნილს”, რომ რუსეთი ყველა დიპლომატიურ სანქციას დაუძვრა, რომელიც საქართველოში შეჭრის გამო დაედო, ამბობენ ევროპელი დიპლომატები.
ჯერ კიდევ რვა კვირის წინ გორდონ ბრაუნი ევროპელ ლიდერებს საქართველოში შეჭრის გამო რუსეთის დასჯის აუცილებლობაში არწმუნებდა და ”პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების” გადადებისკენ მოუწოდებდა. გარდა სიტყვიერი დადანაშაულებისა და ურთიერთობების გადახედვისა, ეს იყო ერთადერთი რეალური საპირწონე საშუალება, რომელიც შეიძლებოდა დაეპირისპირებინათ კრემლისთვის.
ორივემ, პრემიერმაც და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა, კვლავ დაადასტურეს ბრიტანეთის პოზიცია ევროპულ სამიტზე ორი კვირის წინ და მაინც ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ბრიტანეთმა საკუთარი პოზიცია შეცვალა.
ერთ-ერთი დიპლომატი ცენტრალური ევროპის ქვეყნიდან იხსენებს, თუ როგორ მოკლე დროში ეწვია მილიბენდი საქართველოს,მაშ შემდეგ რაც ამ პატარა ქვეყანამ რუსული აგრესია განიცადა.
- ”ასეთი დევიდ მილიბენდი ჩვენ მოგვწონს. მაგრამ გზავნილები, რომელიც ახლა გვესმის, მისი პოზიციების ცვლილებაზე მეტყველებს,” - ამბობს ის.
პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის თავმჯდომარეობით საფრანგეთი ევროკავშირ-რუსეთის სამიტს ნიცაში 14 ნოემბერს უმასპინძლებს. ეს მოვლენა კრემლთან მოლაპარაკებებს გაუხსნის გზას.
- ”მილიბენდი კონფლიქტის პირველივე დღეებიდან საყოველთაო მოწონებას იმსახურებდა ჩვენგან. ახლა ის 180 გარდუსით შემობრუნდა ორი კვირის განმავლობაში, რომ სარკოზის ასიამოვნოს. რა მოხდა ისეთი, რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია?” - კითხულობს დიპლომატი.
- ”სარკოზის წარმატებული სამიტის ჩატარება სურს. ის ცდილობს თავისი გამარჯვება იზეიმოს. ის ცდილობს თქვას, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რაც თითქოსდა უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს ხომ ნონსენსია.”
რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების წინ მილიბენდი ამტკიცებს, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ასრულებს. ორი კვირის წინ კი საგარეო მდივანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დამოკიდებულია ”რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე”.
მაგრამ რუსეთმა მეხუთე პუნქტი დაარღვია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას შეეხება, როცა თავისი სამხედრო ძალები არ დააბრუნა ომამდელ პოზიციებზე.
უილიამ ჰოგი, ჩრდილოვანი საგარეო მდივანი ამბობს, რომ მთავრობა დამნაშავე იქნება რადიკალურად პოზიციის ცვლილებაში, თუ ის მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდება. ჰოგი ამატებს: ”ეს დაანახვებს რუსეთს, რომ აგრესიას დივიდენდები მოაქვს, რომ ბრიტანეთს და სხვა ევროპულ ქვეყნებს არ შეუძლიათ მკვეთრი პოზიციის დაკავება აგრესიის წინააღმდეგ და რუსეთის მეზობლებს არ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი”.
ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ ბრიტანულ პოზიციაში ცვლილება აშკარა გახდა რამდენიმე შეხვედრაში. ”ყველა ჩვენი კონტაქტი ბრიტანელ დიპლომატებთან ამტკიცებს ამას, იქნება ეს ბრიუსელში თუ ლონდონში. მთელი დიპლომატიური კორპუსი ამბობს ერთსა და იმავეს ყველა ქვეყანაში,” - ამბობს დიპლომატი. ”თუ საქართველოს ამგვარად გავყიდით, ჩვენ დამატებით სხვა ომს მივიღებთ და ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი?”
წამყვანი ბრიტანელი დიპლომატი ამტკიცებს, რომ ლონდონის პოზიციამ ”ევოლუცია” განიცადა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში და ამბობს, რომ საგარეო ოფისმა გადაწყვიტა დილოგის ბლოკირება შეწყვიტოს რუსეთთან.
მაგრამ წარმომადგენელი ლონდონის საგარეო ოფისიდან უარყოფს პოლიტიკის ცვლილებას და ბრიტანულ პოზიციას ახასიათებს, როგორც ”ღიას და თანმიმდევრულს.”
- ”ჩვენ გვსურს პროდუქტიული ურთიერთოებები გვქონდეს რუსეთთან. მაგრამ ჩვენ კარგად განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მომდევნო კვირაში,” - დაამატა მან.
სხვა ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ ”მოლაპარაკებები იყო მნიშვნელოვანი ”სიმბოლო” და რუსეთი იტყვის, რომ ”გაიმარჯვა” თუ ის განახლდება.”
ის კითხულობს, რამდენად არის დაკავშირებული ბრიტანეთის პოზიცია ამ კვირას ლორდ მანდელსონის, ბიზნეს-მდივნის ვიზიტთან მოსკოვში. ოთხდღიანი სავაჭრო მისიით მივლინებულმა მანდელსონმა ანგლო-რუსულ ურთიერთობებში მოულოდნელად გულითადი დამოკიდებულება აღმოაჩინა. ”იკვეთება სურვილი ურთიერთობების აღდგენის და არა მხოლოდ ეკონომიკურ კონტექსტში, შესაძლებელია გამოჩნდეს შანსი პოლიტიკური უთანხმოებების გადასაწყვეტად,” - განაცხადა მანდელსონმა.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4616