”გორის ცენტრალური მაგისტრალიდან ექვს კილომეტრში მთავრდება საქართველო”
”გორის ცენტრალური მაგისტრალიდან ექვს კილომეტრში მთავრდება საქართველო”
[ნიკა ასლანიძე]დღევანდელი დღე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. დილის შვიდ საათზე გორში, ერთ-ერთ მოკრძალებულ სასტუმროსთან ე.წ. ”მონიტორები” დღის დაგეგმას იწყებენ. მათ დღეს პირველად უნდა სცადონ ცხინვალის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა და იმ სოფლების დათვალიერება, სადაც ქართული იურისდიქცია აღარ ვრცელდება.
ჯგუფი ორად იყოფა. მონიტორინგის მისიის ერთი ჯგუფი ახალგორის მიმართულებით, მეორე კი სოფელი ხურვალეთისკენ წავა. მისიის წევრების მსგავსად ეს დღე მნიშველოვანია ორი გერმანელი და 9 ქართველი ჟურნალისტისთვის. ჩვენ დღეს ევროპელი დამკვირვებლების მუშაობას პირველად დავაკვირდებით. კონფლიქტის ზონაში გადასვლის დიდი შანსი აქვთ.
ინსტრუქციები მკაცრია და გასაგები.
”ჟურნალისტების მანქანა არავითარ შემთხვევაში ”მონიტორების” მანქანებს შორის არ უნდა ჩადგეს, ყოველთვის ბოლო უნდა იყოს, თქვენს სიცოცხლეზე პასუხს მხოლოდ თქვენ აგებთ, გაუთვალისწინებელი სიტუაციისას არავითარ დახმარებას არ ელოდოთ” - მკაცრად გვიცხადებს მისიის გორის ჯგუფის ფრანგი ხელმძღვანელი.
გაკვირვებული ჟურნალისტები მიკროავტობუსში ვსხდებით და მისიას მივყვებით. ჩუმად, ჩუმად არვინ გაგვიგოს... თითქოს სხვის ქვეყანაში, სხვის მიწაზე მივიპარებოდეთ. პირველი გაჩერება და პირველი ქართული ბლოკ-საგუშაგო - ეს სოფელი ხურვალეთია. სოფელი ჩვეული რიტმით ცხოვრობს.
”არაფერი აქეთ არ ყოფილა, არც სროლა, არაფერი, არასოდეს... ღმერთმა დაიფაროს, რას ამბობთ...” - შეიცხადა იქვე, ბლოკ-პოსტთან მოსახლე ადგილობრივმა მცხოვრებმა.
ქართულ გამშვებ-პუნქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციური ძალები ამაგრებენ. ევროპელი დამკვირვებლები ქართველი პოლიციელების სიტუაციაში გარკვევას ცდილობენ:
”ჩვენ დღეს პირველად ვეცდებით გადავიდეთ ოსების მხარეს... არცერთ შემთხვევაში არ ისროლოთ, არ გახსნათ საპასუხო ცეცხლი რადგან ჩვენ თქვენ შორის აღმოვჩნდებით” - აცხადებს ფრანგი ”მონიტორი”.
ე.წ. კონფლიქტის ზონა როგორც მოგვიანებით გაირკვა სოფელი წინაგარა იყო. წინაგარა ქართულ-ოსური სოფელია, შერეული სოფელი, სოფელ ხურვალეთის შემდეგ. თუ დღემდე ჩვენი იურიდიქცია მხოლოდ სოფელ წინაგარაზე არ ვრცელდებოდა, ახლა ხურვალეთიც თითქმის შუაზეა გაყოფილი.
”ღელეს იქით ოსები დგანან, ღელეს აქეთ კი ჩვენ...ღამღამობით ამოდიან და დგებიან, ერთი ”ბე-ტე-ერიც” ყავთ” - გვიხსნის ერთ-ერთი პოლიციელი. ამასობაში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წევრები სოფელ წინაგარასკენ დაიძრნენ. სოფლების, ხურვალეთისა და წინაგარას გასაყართან კი ჩვენ ვჩერდებით. ჩვენთვის საქართველო აქ დამთავრდა. დაახლოებით 40 წუთში ევროპელი დამკვირვებლები უკან დაბრუნდნენ. მანამდე ჩვენ ქართველ სამართალდამცავებთან საუბრით ვიქცევდით თავს.
”ორი ფორმიანი ადამიანი შეგვხვდა გზაში. ერთს რუსული ფორმა ეცვა მეორეს -ამერიკული. გვითხრეს, რომ ჩვენი აქ ყოფნა არ შეიძლებოდა... გენერალი მოვა და ან დაგელაპარაკებათ ან არა, ერთ საათში გამოიარეთო” - მოგვახსენეს ყველას ერთად მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა. შემდეგ თავიანთ ჯავშანმანქანებზე დასხდნენ და უკან გორში დაბრუნდნენ. უკან გამოვბრუნდით ჩვენც. გზად მძღოლს ვთხოვეთ ბოლო ქართული გამშვები პუნქტიდან გორის ცენტრალურ მაგისტრალამდე მანძილი გაეზომა. ტრასაზე გამოსულებს მღოლმა გვითხრა:
”გორის ცენტრალური მაგისტრალიდან, დაახლოებით ექვს კილომეტრში მთავრდება საქართველო”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4622