ოსურ ქოთანს რუსული მედია ყურს იქ აბავს სადაც მოესურვება
ოსურ ქოთანს რუსული მედია ყურს იქ აბავს სადაც მოესურვება
[შორენა პაპაშვილი]საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტიური საინფორმაციო ომის ფარგლებში რუსული საინფორმაციო საშუალებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოში, ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრები ოსი ეროვნების მოსახლეობის მასობრივად დევნიან და ასახლებენ.
მათივე ინფორმაციით, ქართულ -ოსური კონფლიქტის ზონის საზღვართან სოფელ მუგუტთან, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ კონტროლიდება, ოსებით სავსე 15-მდე ავტომანქანა მოგროვდა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ისინი კახეთიდან გაასახლეს.
როგორც ”Presa.ge”-ს პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, ისტორიულად არ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, რომ ქართველებს და მითუმეტეს კახელებს, რომელიმე ეროვნების მშვიდობიანი მოსახლეობის დევნა განეხორციელებინათ. ამიტომ მიაჩნია, რომ ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების ბრალდებები აფსურდული და არასერიოზულია.
”ოსური სოფლები გვაქვს ლაგოდეხში, ყვარელში, გურჯაანში, ახმეტაში მაგრამ არავის ვდევნით. თუ კი ნებაყოფლობით ვინმე ტოვებს საცხოვრებელ ადგილს და მიდის ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით. იყო პრეცედენტები, როდესაც ოსებმა აგვისტოს მოვლენებამდეც გაყიდეს სახლები და წავიდნენ, მაგრამ მასობრივი გადინება არ შეინიშნება,” - აცხადებს ღვინიაშვილი.
Presa.ge სიტუაციის გარკვევას ადგილზე შეეცადა. ყვარლის რაიონის სოფელი წიწკილაანთ წყარო ოსი ეროვნების მოსახლეობით მჭიდროდ არის დასახლებული. როგორც ადგილობრივი მოსახლეობისაგან შევიტყვეთ, ცხინვალის ომის შემდეგ ოსებმა მასობრივად დაიწყეს ჯერ ავეჯის და შემდეგ სახლების გაყიდვა. ეს მათ თავად გადაწყვიტეს და არავის არ დაუძალებია. ისინი ძირითადად წმინდა ოსური ოჯახებია, რომლებიც პენსიას რუსეთისგან ღებულობენ და რუსეთის პასპორტებით სარგებლობენ. ომის შემდეგ მიხვდნენ, რომ რუსეთში თავისუფალ გადაადგილებას ვეღარ შეძლებდნენ და ვეღარც პენსიებს მიიღებდნენ, ამიტომ თავისი ნებით ყიდიან სახლ-კარს და რუსეთში მიდიან.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის უწყება, აღნიშნულ ინფორამციას აფასებს, როგორც ”ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისა და რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის გამართლების მცდელობას”.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნაქვამი, ოსი ეროვნების მოქალაქეების დევნისა და მათი საკუთრების ხელყოფის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციით, ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლება რუსული საინფორმაციო არხების ხელშეწყობით მიზანმიმართულად ცდილობს ბზარი შეიტანოს ოსი და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან და კეთილმეზობლურ ურთიერთობებში.
- ”იგონებენ და ავრცელებენ შეთითხნილ ფაქტებს. დეზინფორმაციის მიზანია, გაამართლოს რუსეთის, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმისა და საოკუპაციო ჯარების მიერ ქართველთა ეთნიკური წმენდა ცხინვალის რეგიონში. არც კახეთში, არც ბორჯომსა და არც საქართველოს რომელიმე სხვა რეგიონში არ არსებობს ოსი ეროვნების პირების ეთნიკური ნიშნით დევნის, დამცირებისა და ჩაგრვის არც ერთი შემთხვევა. პირიქით, რუსული აგრესიის უმძიმეს დღეებშიც და შემდგომშიც ათეულ ათასობით ოსი ეროვნების მოქალაქე გვერდში უდგას ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას, რათა ერთობლივად დავძლიოთ რუსული აგრესიის შედეგები”, - ნათქვამია განცხადებაში.
რეიტეგრაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით გამოყოფასა და ჩაგრვას, რომ ”ყველა გარე ძალის მცდელობა და ქმედებები საქართველოს მოქალაქეების დასაპირისპირებლად განიხილავენ, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელსაც სათანადო პასუხი გაეცემა”.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4641