პრეზიდენტი ობამა
პრეზიდენტი ობამა
[Guardian]დატკბით ამ სიტყვებით: პრეზიდენტი ობამა, ამერიკის იმედი და არცთუ ისე მცირედით, ჩვენი იმედიც.
მათ ეს გააკეთეს. მათ ეს ნამდვილად გააკეთეს. ამერიკელმა ერმა, ვისაც ასე ბოროტად და ხშირად დასცინოდნენ დანარჩენები, გუშინ ისტორიული და დამაჯერებელი არჩევანი გააკეთა თავისივე და მთელი მსოფლიოს ცვლილების სასარგებლოდ.
მიუხედავად უკანასკნელი წუთების მასშტაბური უარყოფითი სარეკლამო ტრიუკებისა, რის გამოც რესპუბლიკელებს უნდა რცხვენოდეთ, ამერიკელმა ამომრჩეველმა შეინარჩუნა ცივი გონება და ახალ პრეზიდენტად ობამა აირჩია. და ის აირჩიეს ხმების მნიშვნელოვანი სხვაობით, რითაც ეს არჩევნები გამოირჩა ორი წინანდელი არჩევნებისგან, როცა სხვაობა მინიმალური იყო.
როცა 2000 და 2004 წლებში დემოკრატებმა გამარჯვება ხელიდან გაუშვეს, ისე ჩანდა, თითქოს ისინი განწირულნი იყვნენ 2008 წელს მესამედ წაგებისთვისაც. ნაცვლად ამისა, უპრეცენდენტო ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, მათ შეძლეს თითქმის ყველაფრის სწორად გაკეთება.
ყველაფერი შუაღამის შემდეგ დაიწყო, როცა ნიუ-ჰემპშირის სოფელ დიქსვილ-ნოთჩში საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 15-მა მაცხოვრებელმა 6-ის წინააღმდეგ ხმა ობამას მისცა. ამ პაწაწინა სოფლის მაცხოვრებლებმა, რომლებიც ყველაზე ადრე იწყებენ ხმის მიცემას, პირველად ორმოცი წლის განმავლობაში დემოკრატებს დაუჭირეს მხარი. შემდეგ ობამამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა პენსილვანიის შტატში და მანდვილი მარში მოაწყო მთელ შუაამერიკულ შტატებში.
ორ წინა არჩევნებში ამერიკელი ხალხი გაყოფილი იყო, როგორც გეოგრაფიული, ისე დემოგრაფიული ნიშნით, რაც წლიდან წლამდე მტკიცდებოდა. დემოკრატების ცისფერი დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე, ასევე შუა დასავლეთის ჩრდილოეთ ნაწილში დომინირებდა.
რესპუბლიკელების წითელმა ფერმა კი შუაგული რიგები აავსო. ქალები, უმცირესობები, ღარიბები და განათლებული ხალხი ხმას დემოკრატებს აძლევდა. მამაკაცები, მოსახლეობის თეთრი, მდიდარი და რელიგიური ნაწილი კი უპირატესობას რესპუბლიკელებს ანიჭებდა. ბუშის ახალი სტრატეგის კარლა როუვის აზრით, ამგვარი გახლეჩვა 21-ე საუკუნის ამერიკის პოლიტიკის მთავარი მაჩვენებელია, რომელიც კონსერვატორული კონტრიერიშის საფუძველია მე-20 ასწლეულის ლიბერალიზმის წინააღმდეგ.
როუვის ამერიკა გუშინ უბრალოდ ამოტრილადა. ის ნაწილებად გაიყო და შემდეგ კვლავ შეიკრა ახალი ფორმით. ობამას ერთ-ერთი მიღწევათაგანია - ამ წითელ-ცისფერი წყალგამყოფის უცვლელობისადმი რწმენის დარღვევა. მან იმ შტატებს და ამომრჩევლებს გაუწოდა ხელი შესაგებებლად, რომელთა შესახებაც დემოკრატიულმა პარტიამ რეიგანისა და ბუშის წლებში უბრალოდ დაივიწყა. ეს არის სამხრეთიც და კლდოვანი მთების რეგიონიც, ფერმერებიც და წვრილმანი ბიზნესმენებიც.
რამდენადაც გუშინ დემოკრატებმა სერიოზულად გაიმყარეს პოზიციები კონგრესის ორივე პალატაში, ამგვარმა ცვლილებამ სიმტკიცე ჰპოვა შტატებისა და ოლქების დონეზეც. ამან ბოლო მოუღო კონსერვატორთა ბატონობას, რომელიც ბოლო 30 წელია გრძელდება. ჯერ კიდევ გაურკვეველია, იქცევა თუ არა მომდევნო პერიოდი ამერიკული ლიბერალიზმის ახალი და ხანგრძლივი ბატონობის ეპოქად, მსგავსად იმისა, რაც 1932 წლის არჩევნების შემდგომ დადგა. მაგრამ არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ობამას გამარჯვება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ამერიკის რასობრივ და კულტურულ ევოლუციაში.
45 წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა მარტინ ლუთერ კინგმა მე-20 საუკუნის ამერიკის მეორე ნახევრისთვის ყველაზე დიადი სიტყვა წარმოთქვა, რითაც მან მომავალი განჭვრიტა და ის დღე დაინახა, როცა მის შვილებს არა კანის ფერის, არამედ ღირსების მიხედვით შეაფასებენ. ეს თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ კინგის ოცნება დღეს რეალობადაა ქცეული, რამდენადაც პირველად აშშ-ს ლიდერად აფროამერიკელი გახდა. ეს არის დღე, რომლის დანახვის იმედიც ბევრს ჰქონდა. ძნელი გასაგებია, რა უნდა გავაკეთოთ ახლა - უნდა ვიტიროთ თუ სიხარულისგან ვიყვიროთ - ალბათ, ერთიც და მეორეც, მაგრამ ეს დღე მთელი მსოფლიოსთვის გაკვეთილად იქცა.
ობამა მოვალეობების შესრულებას იანვარში შეუდგება და მაშინვე მოუწევს დაპირისპირება მასიურ გაცრუებულ მოლოდინებთან და დიდი ოდენობით სერიოზულ პრობლემებთან. ყველაზე მთავარი მათ შორის - ეს არის ომი ერაყსა და ავღანეთში, დარღვეული ჯანდაცვის სისტემა, ფედერალური ბიუჯეტის ზრდადი გასავლები, ასევე ენერგომოხმარების თავაშვებული რეჟიმი.
ობამამ უკანასკნელ დღეებში მკაფიო განმარტება მოგვცა, რომ დღევანდელი დღის მთავარი გამოწვევა - ეს ეკონომიკის და საბანკო სისტემების აღდგენაა. მაგრამ ამ ყველაფრის გადადება ხვალისთვის მოგვიწევს, რადგან დღეს - სიხარულის დღეა და ადამიანური ტრიუმფის დღეა. დატკბით ამ სიტყვებით: პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ამერიკის იმედი და არცთუ ისე მცირედით, ჩვენი იმედიც.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4661