ობამას ოთხი პოსტულატი და საქართველო...
ობამას ოთხი პოსტულატი და საქართველო...
[კახა კაციტაძე]ბარაკ ობამას გამარჯვება ერთდროულად არის პლანეტარული მასშტაბების ცვლილებების გამოხატულებაც და ამგავრი ცვლილებების ლოკომოტივიც. ცვლილებები ჩანს იმდენად მასშტაბური იქნება, რომ ძნელი სათქმელია რამდენად მოახერხებს ცვლილებათა ”პროვოკატორი”, პრეზიდენტი ობამა მათ რაციონალურ კალაპოტში წარმართვას.
ამ ცვლილებებზე სრულფასოვანი ლაპარაკი საგაზეთო წერილის ან წერილების სერიის ფარგლებში შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია მოიხაზოს კონტურები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ნათლად წარმოადგენენ ობამას პოლიტიკის ძირითად პრინციპებს და იმასაც, რა შეიძლება მოიტანოს ობამას გამარჯვებამ საქართველოსთვის.
ჩვენში ობამას გამარჯვება პოლიტიკური შეფასებების გაორების წყარო გახდა. ხელისუფლებამ მაკკეინის ცალსახა და საჯარო მხარდაჭერით (ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ერთმა მინისტრმა, კანონიერების სრული დარღვევით მანქანის სერიულ ნომრად ”მაკკეინი” აირჩია) საკუთარ თავს დათვური სამსახური გაუწია. მიდი ახლა და დააჯერე შეთქმულების თეორიის სხვადასხვა ვერსიებით გამსჭვალული საზოგადოება, რომ გამარჯვებული ობამა ამ მოქმედებისათვის ჩვენს ხელისუფლებას სანიმუშოდ არ დასჯის.
მართალია ხელისუფლებაში ახლა ამტკიცებენ: მაკეინი ჩვენი მამა იყო, სამაგიეროდ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი მამობილიაო (ობამაზე ამას ჯერჯერობით ვერ ამბობენ), მაგრამ ხელისუფლებისთვის ჯობდა ფსონი ასე ღიად არ გაკეთებულიყო. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ვარდების ხელისუფლების ”მამობილი” ჯოზეფ ბაიდენი ამ ხელისუფლების მიერ დამხობილი ედუარდ შევარდნაძის პირადი მეგობარია.
ოპოზიცია თავის მხრივ ამტკიცებს ობამას არჩევით სააკაშვილის რეჟიმს წამზომი ჩაერთოო. საზოგადოებაში ფიგურირებს ინტერნეტში გაჩენილი, თითქოსდა, ობამასათვის მიწერილი გამონათქვამი, რომ საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება. თუმცა, ჭორები ჭორად, ისევე როგორც ლელა კაკულიას ხილვები იმაზე, როგორი იქნება ამერიკასთან ურთიერთობა. უმჯობესია ვილაპარაკოთ იმაზე, რაც დანამდვილებით ვიცით ობამას საგარეო პოლიტიკაზე და იმაზეც, თუ როგორ აისახება ეს პოლიტიკა საქართველოზე
პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ობამას საგარეო პოლიტიკა მთლად ”ახალი” არ იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ვეტერანები, როგორიცაა მადლენ ოლბრაიტი, ზბიგნევ ბჟეზინსკი, რიჩარდ ჰოლბრუკი და სხვები. ჩანს, მათ დაემატება რესპუბლიკელთა ბანაკიდან გადასული კოლინ პაუელიც. ამ პიროვნებათა დამოკიდებულება გლობალური პოლიტიკის, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მიმართ დეტალებში შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი მონაწილეობით შემუშავებული პოლიტიკა იმთავითვე გამორიცხავს საქართველოს რაღაც ფორმით აღიარებას რუსეთის გავლენის სფეროდ (ცალკე განსახილველია საკითხი, როგორ ხელისუფლებას ისურვებდა ობამას ადმინისტრაცია საქართველოში).
ნათქვამის დასამტკიცებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი გამონათქვამი ობამას გამოსვლიდან დენვერში გამართულ დემოკრატიული პარტიის საერთოეროვნულ ყრილობაზე. მან ერთგან აღნიშნა: ”მე აღვადგენ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რათა მზად ვიყოთ მომავალი კონფლიქტებისათვის; მე აგრეთვე განვაახლებ მკაცრ, პირდაპირ დიპლომატიას, რომელიც საშუალებას მოგვცემს აღვკვეთოთ ირანის ქცევა ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოდ და ავლაგმოთ რუსეთის აგრესია”.
იმავე სიტყვაში მომავალმა პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა მაკკეინი და ასე მიმართა თავის ძირითად კონკურენტს: ”თქვენ ვერ დაიცავთ ისრაელს და ვერ შეაკავებთ ირანს ვაშინგტონში გაკეთებული მკაცრი განცხადებებით. თქვენ ვერ მოახერხებთ რეალურად დაიცვათ საქართველო, თუ ძირს გამოუთხრით ჩვენს ყველაზე ძველ ალიანსებს (იგულისხმება უთანხმოება ბუშის ადმინისტრაციასა და ნატოს წევრ ”ძველ” ევროპულ სახელმწიფოებს შორის. კ.კ.). თუ ჯონ მაკკეინს სურს გაჰყვეს ჯორჯ ბუშის კვალს და კიდევ უფრო მკვეთრი განცხადებები აკეთოს ცუდი სტრატეგიის ქონის პირობებში, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ეს არის ის ცვლილებები რომლებიც ჩვენ გვჭირდება”.
ობამას ამ განცხადებიდან ნათლად ჩანს რამოდენიმე მომენტი:
1. ამერიკა არ აპირებს საქართველოს დათმობას რუსეთისათვის;
2. ამერიკა ამას გააკეთებს არა მხოლოდ საკუთარ ძალაზე დაყრდნობით, როგორც ამას ბუშის დროს ჰქონდა ადგილი, არამედ ნატოს ევროპელ, მათ შორის ”ძველევროპელ” პარტნიორებთან ერთად;
3. ეს გაკეთდება იმისგან განსხვავებული სტრატეგიის პირობებში, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა ბუშის ადმინისტრაციის ზეობისას.
4. ყოველივე ეს განხორციელდება გარკვეული ”ცვლილებების” კონტექსტში. ცვლილებებისა, რომლებიც, როგორც ობამამ განაცხადა, ”ჩვენ ე.ი. ამერიკელებს გვჭირდება”.
საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკა ამ ოთხ პოსტულატს დაემყარება. ცხადია ეს პოლიტიკა თანდათანობით დაკონკრეტდება, მაგრამ ახლავე დანამდვილებით შეიძლება ითქვას ორი რამ: გამორიცხულია საქართველოს რაიმე ფორმით აღიარება რუსეთის გავლენის სფეროდ. მაშასადამე, ჩვენთვის ევროატლანტიკური სტრუქტურების კარი კვლავ ღია რჩება; და მეორე: საქართველოსადმი პარტნიორული პოლიტიკა სრულიად განსხვავებული პრინციპებით, ფორმით და მეთოდებით გატარდება, ვიდრე ამას ბუშის ადმინისტრაციის დროს ჰქონდა ადგილი. ვფიქრობთ, ეს გარემოება კარგად უნდა გაითვალსწინოს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც.
რუსეთისადმი დამთმობ პოლიტიკას გამორიცხავს ობამას ერთ-ერთი გავლენიანი მხარდამჭერის - ზბიგნევ ბჟეზინსკის უაღრესად საყურადღებო წერილი, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა პოლონურ გაზეთ ”ძიენიკში” და რომელიც სამწუხაროდ მთლიანად დარჩა ჩვენი მედიის ყურადღების გარეთ.
ბჟეზინსკიმ გააკეთა სკანდალური განცხადება, რომ ამერიკის დემოკრატიულ პარტიაში იყვნენ ძალები, რომლებიც თანახმანი იყვნენ ირანთან მოქმედების თავისუფლების სანაცვლოდ ეღიარებინათ პოსტსაბჭოთა სივრცე, მათ შორის, ცხადია, საქართველოც, რუსეთის გავლენის სფეროდ. რუსეთი ცხადია ამას მხოლოდ მიესალმებოდა: ის ერთდროულად მიიღებდა კარტ-ბლანშს პოსტსაბჭოთა სივრცეში მოქმედებისთვისაც და ამავე დროს ამერიკა ჩაეფლობოდა ირანში, თანაც პრობლემის გადაწყვეტის კიდევ უფრო ნაკლები პერსპექტივით, ვიდრე ამას ერაყის კრიზისისას აქვს ადგილი.
ბჟეზისნსკი არ აკონკრეტებს ვინ იყვნენ ის გავლენიანი ძალები, რომლებიც რუსეთთან პასტსაბჭოთა სივრცისა და ირანის ხარჯზე აპირებდნენ გარიგებას. თუმცა ამ დროს იგი მოქმედებს პრინციპით - ”კოლმეურნეობის თავმჯდომარე, გვარს არ დავასახელებ”, და ამბობს, რომ ამ გარიგების მომხრე იყო ”ერთი ქალბატონი, სენატორი ნიუ-იორკიდან”. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიუ-იორკიდან სენატში მხოლოდ ორი ადამიანია წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი მამაკაცია, ძნელი არ იქნება გამოვიცნოთ, რომელი ამერიკელი პოლიტიკოსი იყო ბჟეზინსკის ინფორმაციით საქართველოს ხარჯზე რუსეთთან გარიგების მომხრე: ეს იყო სენატორი ჰილარი როდჰემ კლინტონი.
მართლაც უცნაური რამაა პოლიტიკა. ჰილარი კლინტონი, რომელიც თავის დროზე სააკაშვილში ლამის ნობელიანტს ხედავდა, ახლა თურმე აპირებდა რუსებისათვის მის ჩაბარებას. საინტერესო ცვლილებაა ამერიკული ისთებლიშმენტის ნაწილის დამოკიდებულებისა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებულება შეიძლება წარმოვიდგინოთ დიდი აუქციონის, პოლიტიკური ”სოთბის” სახით, სადაც ცხადდება: ”იცვლება ირანი სააკაშვილზე”.
თუმცა ცხადია, რომ თვით დემოკრატებს შიგნითაც კი ამგვარი მიდგომის მომხრეები აშკარა უმცირესობაში დარჩნენ. ამერიკა მკვეთრად და ცალსახად დაუჭერს მხარს საქართველოს რუსეთის აგრესიის შეკავების საქმეში. ოღონდ ეს სულ სხვაგვარად მოხდება, ვიდრე ამას აქამდე ჰქონდა ადგილი. შესაძლოა, ობამას მრჩევლები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული (სხვა რომ არაფერი, საქართველოს დაცვის და რუსეთის შეკავების ახალი სტრატეგია, როგორც ობამა აცხადებს, ნატოელ მოკავშეირებთან კონსულტაციის საფუძველზე ჩამოყალიბდება), მაგრამ ნათელია, რომ მის ჩამოყალიბებას მაინცდამაინც დიდი დრო არ დასჭირდება.
ობამას ხსენებული მრჩევლების კომპეტენტურობა რუსეთ-საქართველოს და, ზოგადოდ, რუსეთ-პოსტსაბჭოთა სივრცის ურთიერთობები, უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამგვარი სტრატეგია სადღაც 2009 წლის გაზაფხულისათვის გაცხადდება. ამასთან, ამ პოლიტიკაზე დიდ გავლენას მოახდენს ის, თუ როგორ განვითარდება პროცესები თავად საქართველოში. მანამდე კი ჩვენი ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და, რაც მთავარია, საზოგადოებაც უნდა მოემზადონ მომავალი დიდი ცვლილებებისათვის.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4688