რაზე ესაუბრა ბარაკ ობამას და რა სკანდალურ ბრალდებებს უყენებს რუსეთს ნინო ბურჯანაძე
რაზე ესაუბრა ბარაკ ობამას და რა სკანდალურ ბრალდებებს უყენებს რუსეთს ნინო ბურჯანაძე |
“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ბარაკ ობამას გამარჯვება საქართველოსათვის დადებითი მოვლენაა და ჩვენ ამერიკელი მეგობრებისაგან აქტიურ მხარდაჭერას მივიღებთ,” _ ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, “დემოკრატიის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ რადიო “ეხო მოსკვის” პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვან, ტიხონ დზიადკოსთან საუბრისას გააკეთა, თუმცა ქალბატონ ბურჯანაძეს რუს ჟურნალისტთან საუბრისას პარტიაზე, რომლის დაფუძნებაც 23 ნოემბერს იგეგმება და რომელსაც “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო” ერქმევა, არაფერი უთქვამს. "ფაქტი” ზემოხსენებულ ინტერვიუს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ. |
_ ფონდის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. თავიდანვე ჩამოვაყალიბეთ ფონდის საქმიანობის რამდენიმე ძირეული პრინციპი: იდეებისა და პრესის თავისუფლება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც გულისხმობს როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი ინსტიტუტების გამყარებას. ესაა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, რეალური დეცენტრალიზაცია და ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებას.
_ მოდით, ბოლო დღეების ახალ ამბებზე გადავიდეთ. ამერიკის პრეზიდენტად ბარაკ ობამა აირჩიეს. იქნებ თქვენთვის ჯონ მაკეინის არჩევა უფრო კარგი ახალი ამბავი იქნებოდა, რომელმაც ომის დღეებში საქართველოს მეტი მხარდაჭერა გამოუცხადა?
_ იცით, რა?! პირველ ყოვლისა, ვისარგებლებ მომენტით და მინდა, შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო. არართხელ მითქვამს, რომ საქართველოს და შეერთებულ შტატებს, საბედნიეროდ, კარგი, კეთილი ურთიერთობა აქვთ, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება. შეერთებული შტატებისთვის საქართველოს საკითხი პარტიული კუთხით არ განიხილება. არაერთხელ შევხვდრივარ როგორც ერთი, ასევე მეორე პარტიის წარმომადგენლებს და ვიცი, რომ ორივე პარტიის წევრები ძლიერად გვიჭრენ მხარს. დიახ, ბატონი მაკეინი უფრო რადიკალური ფრაზებით გამოხატავდა ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ არანაკლებ რადიკალური იყო ბატონი ობამას პოზიციაც. მას შევხვდი ქართულ დელეგაციასთან ერთად დენვერში და....
_ ყრილობის დროს?
_ დიახ, როდესაც ყრილობა იყო. ვიცი, რომ იგი შესანიშნავად ერკვევა პრობლემაში, თუმცა მცირე დრო ჰქონდა პრობლემის ღრმად გასაცნობად. იგი ძალიან დაინტერესებული იყო ჩვენი საკითხით, შეშფოთებული იყო, რაც საქართველოში მოხდა და შეშფოთებული იყო იმ ომით, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა. მას პრობლემების სრულიად ადექვატური ხედვა აქვს. ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მისი გამარჯვება საქართველოსათვის დადებითი მოვლენაა და ჩვენ ამერიკელი მეგობრებისაგან აქტიურ მხარდაჭერას მივიღებთ.
_ ესე იგი, თვლით, რომ ეს ფაქტი საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას არ გამოიწვევს? აქ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი იმდენად ობამაზე არ ამყარებს იმედს, რამდენადაც ბატონ ბაიდენზე.
_ ვფიქრობ, საქართველოსთან პოლიტიკა არ შეიცვლება. ისევე, როგორც არ შეიცვლება ევროპული ქვეყნების და მთელი ცივილური სამყაროს მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიულად განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ბატონი ობამა და ბატონი ბაიდენი, მთლიანად ამერიკის ადმინისტრაცია, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საკითხებითაც იქნებიან დაკავებული.
_ ომის დროს და მას შემდეგაც რუსეთის ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ რუსეთი მასტაბილიზებელ როლს თამაშობს კავკასიაში. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
_ ცინიკური იქნებოდა, ამას დავთანხმებოდი. ძალიან ვწუხვარ, მით უმეტეს, რომ რუსეთის წარმომადგენელსა და რუს ჟურნალისტთან მიწევს ამის თქმა, მაგრამ რაც რუსეთმა კავკასიაში გააკეთა, ეს აბსოლუტურად დესტაბილიზაციური ფაქტორია. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ზუსტად რუსეთმა აიღო თავის თავზე ისეთი სახელმწიფოს როლი, რომელიც სეპარატიზმს უჭერდა მხარს, რომელიც ჯერ კიდევ 90-იან წლებში მხარს უჭერდა აფხაზურ და სამხრეთოსურ სეპარატიზმს. შეგახსენებთ, რომ ბასაევი, სანამ მან თავისი იარაღი რუსეთისაკენ არ მიმართა, 90-იან წლებში თითქმის გმირად ჰყავდათ გამოცხადებული რუსეთსა და აფხაზეთში, რადგან იგი ეხმარებოდა აფხაზებს საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. საიდუმლო არაა, რომ რუსეთის რეგულარული არმია, მოხალისეებთან ერთად, იბრძოდა 90-იან წლებში აფხაზეთში, მაგრამ მაშინ თუ ეს, ასე თუ ისე, ფარულად კეთდებოდა, ახლა რუსეთი საქართველოს თავს ღიად დაესხა. როგორ შეიძლება, რუსეთის როგორც სტაბილურობის ფაქტორზე ლაპარაკი, როდესაც რუსეთმა დაარღვია თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის ნორმები? როდესაც მან მოახდინა სუვერენიტეტის იგნორირება, დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გაერო-ს პრინციპები და ხელშეკრულებები, რომელზეც თვითონ აქვს ხელი მოწერილი? გადმოლახა საზღვარი და 58-ე არმია შემოიჭრა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე?! როდესაც რუსეთი ბომბავდა სენაკს, ფოთს და იმ ქალაქებს, რომლებიც კონფლიქტის ზონიდან ძალიან შორს იყო და თბილისამდეც მოვიდა, რომელ სტაბილიზაციის ფაქტორზე შეიძლება ლაპარაკი? თქვენ, რა, მთელ მსოფლიოს დასცინით?
_ მაშინ, მოდით გავაკეთოდ მოდელირება იმ საწყისი მონაცემების, რომელიც არსებობს. არის რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და არის საქართველო, რომელიც არაა მზად, ამას შეურიგდეს. ჩიხია თუ არის რაღაც გამოსავალი, რომელსაც თქვენ ხედავთ?
_ იცით, რა?! მართლა სამწუხაროა, რომ რუსეთი მათ აღიარებაზე წავიდა. ვთვლი, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო. უკვე აღარ გავიმეორებ თავდასხმის შესახებ, ეს ცალკე საკითხია. თვითონ მათი დამოუკიდებლობის აღიარება, პრაქტიკულად, ჩიხი იყო. დიახ, ახლა სიტუაცია რეალურად ძალიან რთულია, რადგან რუსეთმა თავისი თავიც კუთხეში დააყენა და სამშვიდობო მოლაპარაკებებიც ჩიხში შეიყვანა. ჩვენ დავიწყოთ იმით, რომ აღიარების ფაქტი არა მარტო საერთაშორისო სამართლითაა არამართლზომიერი, არამედ _ რუსეთის კანონმდებლობითაც და ეს ეწინააღმდეგება ან წინააღმდეგობაში მოდის ყველა საერთაშორისო სამართლებლივ ვალდებულებასთან, რომლებიც თავის თავზე აიღო რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების დროს. მაგრამ მჯერა, რომ კეთილგონიერება თავისას გაიტანს და ჩვენ, პირველ ეტაპზე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ეგიდით, შევძლებთ, დავჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან და დავიწყებთ გამოსავალის ძიებას. საქართველო, რა თქმა უნდა, არასოდეს შეურიგდება აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის’ დაკარგვას, ეს ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ ეს მხოლოდ ტერიტორიები არაა, ეს ჩვენი სამშობლოს ნაწილია. როდესაც რუსეთი ხმამაღლა ამბობს აფხაზების და ოსების უფლებებზე, რატომღაც ავიწყდება იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და 90-იან წლებში ეთნიკური წმენდის შედეგად გამოყარეს. მხოლოდ აფხაზეთიდან 350 ათასი ლტოლვილია და ეს ფაქტი დამტკიცებულია არა მხოლოდ საქართველოს განცხადებებით, არამედ რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერით ეუთო-ს დოკუმენტებზე სამგზის – ეუთოს ლისაბონის, ბუდაპეშტის და სტამბოლის სამიტებზე. რა ხდება? რუსეთი თავისივე პრეზიდენტის ხელმოწერებს უარყოფს? აფხაზეთის აღიარებით, ამბობთ, რომ ეთნიკური წმენდა ლეგიტიმურია. ეს პანდორას ღია ყუთია, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არაა საშიში და მიუღებელი, არამედ, დარწმუნებული ვარ, საშიშია რუსეთისთვისაც.
_ როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოს მმართველობას აქვს სურვილი, მოსკოვს შესთავაზოს და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მოიფიქროს რაღაც მექანიზმები ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც ვიმყოფებით?
_ ახლა საერთო ენის გამონახვაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და პრეზიდენტმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, იგივეს ამბობს პარლამენტის თავმჯდომარეც, რომ დიალოგი აუცილებელია. ვფიქრობ, დიალოგის არარსებობამ წარმოშვა ბევრი პრობლემა. ხომ ნათელია, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა იყო კავკასიაში თავისი გავლენა აღედგინა, მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო: რუსეთმა აგვისტოში ისეთ ზღვარს გადააბიჯა, რომ ვერავინ წარმოიდგენდა. საქართველოს სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა რუსეთის ხელმძღვანელობის კატასტროფული შეცდომა იყო. დიახ, ჩვენ წავაგეთ, დიახ, რუსეთმა მცირე ხნით კონტროლქვეშ აიყვანა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ რუსეთმა ომი ვერ მოიგო და დაკარგა მეტი, ვიდრე მიიღო. რუსეთი ყოველთვის მათრახის პოლიტიკის გამოყენებას ცდილობს საქართველოსთან და ცდილობს საქართველოს დაშანტაჟებას და დაშინებას. რა მიიღეთ, რომ საქართველომ რუსეთთან ომი წააგო? ვინ გააკვირვეთ ამით? შეიძლება, იტრაბახოთ, რომ პატარა საქართველოსთან ომი მოიგეთ? და იმით უნდა ამართლებდე შენს საქციელს, რომ რუსეთი თავის მოქალაქეების უფლებებს იცავდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? რომელ მოქალაქეებზე ლაპარაკობთ, საიდან გაჩდნენ ისინი?
_ მათ პასპორტები მიიღეს...
_ როგორ, რის საფუძველზე იღებენ ჩემი, სუვერენული ქვეყნის მოქალაქეები ამ პასპორტს? ეს დაიწყო 2000 წელს, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთელი საკონსულო განყოფილება იჯდა სოჭში და სასწრაფოდ არიგებდა ამ პასპორტებს აფხაზებსა და ოსებზე მაშინ, როდესაც მოსკოველებიც ვერ ცვლიდნენ ძველ პასპორტებს. მაშინ მეც და სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც ვამბობდით, რომ რუსეთი ამას წინასწარ განზრახვით აკეთებს, რათა ძალის გამოყენების შემთხვევაში გაამართლოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი მოქმედება. ასეც მოხდა. ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს იშვიათად გვაქვს საშუალება რუსეთის რადიოარხებით გამოვიდეთ, ტელევიზია ხომ საერთოდ გამორიცხულია. მე ვკითხულობ: კრასნოდარის მხარეში 20 წელზე მეტი ხნით მაცხოვრებელ ეგრეთ წოდებულ თურქ-მესხებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ისეთივე მოქალაქეები იყვნენ, როგორც _ აფხაზები და ოსები, რატომ არ აძლევენ რუსულ პასპორტებს? მათ მხოლოდ დროებითი მაცხოვრებლის საბუთი აქვთ. თუ რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.
_ თუ დავუბრუნდებით რუსეთსა და საქართველოს შორის შესაძლო მოლაპარაკების გამართვის თემას, რა პირობის შესრულების შემთხვევაში დაჯდება საქართველო რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან? აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის გაწვევა?
_ ეს, რა თქმა უნდა, სრული შემობრუნება იქნებოდა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. არ ვფიქრობ, რომ ახლა ეს შესაძლებელია, მაგრამ მინდა, მჯეროდეს, თუმცა ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან მზაობას, რომ ამ მიმართულებით თუნდაც ერთი ნაბიჯის გადადგმის სურვილი ჰქონდეს.
_ ყველა ეს კითხვა პოლიტიკას ეხებოდა. მოდით, ცოტა ადამიანებზეც ვილაპარაკოთ. დღეს ერგნეთსა და კარალეთში ვიყავი. ერგნეთში უამრავი დამწვარი სახლია და ადამიანები იქ ვერ ბრუნდებიან. როგორ გადაწყდება ეს პრობლემა იმ ლტოლვილებისთვის, ვინც სამხრეთ ოსეთის საზღვართან ცხოვრობს?
_ ერგნეთი – ეს თქვენ იცით, არა? ეს ქართული სოფელია თუ ოსური?
_ ქართული.
_ კიდევ კარგი, იცით. დიახ, ეს ქართული სოფელია და ვიმედოვნებ, ვინმე არ იტყვის, რომ ქართველებმა თვითონ დაწვეს სახლები, როგორც ამას 90-იან წლებში ამბობდნენ, როდესაც რუსული თვითმფრინავები სოხუმს ბომბავდნენ და ბატონი გრაჩოვი ამბობდა, ქართველებმა გადაღებეს თვითმფრინავი, ვარსკვლავები დაახატეს და თავის თავს თვითონ ბომბავდნენო. დიახ, ჩვენ მივიღეთ ლტოლვილების მეორე ტალღა. ჩემთანაც კი, ფონდში მოდიან ადამიანები, რომლებიც თავისი მუდმივი საცხოვრებლიდან გამოდევნეს. როდესაც რუსული ტელეარხები ჰუმანიტარულ კატასტროფაზე ლაპარაკობენ, რატომ არ იხსენებენ ამ ათიათასობით ლტოლვილს? რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, რომელიც მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას უდევს საფუძვლად. ეს შეთანხმება დღემდე არაა შესრულებული.
_ ბევრი რამ, რაზეც თქვენ საუბრობთ, ძალიან ჰგავს იმას, რასაც საქართველოს ხელმძღვანელობა ლაპარაკობს. მიუხედავად ამისა, თქვენ ოპოზიციაში ხართ და ცოტა ხნის წინ საკმაოდ ძლიერი წერილი გაუგზავნეთ ბატონ სააკაშვილს. მაშ, რაში მდგომარეობს თქვენი შეუთანხმებლობა მასთან?
_ რასაც ვლაპარაკობ, ეს, უბრალოდ, სიმართლეა. რაც მოგიყევით, ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში თუ პოლიტიკურ წრეებში, არა აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციაა თუ არა, იგივეს გაგიმეორებთ. ყველაფერი ეს არის ფაქტები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
რაც შეეხება შეუთანხმებლობას. ბევრ საკითხშია შეუთანხმებლობა, მათ შორის _ სამხედრო მოქმედებების წარმოებაში. ვფიქრობ, ნათელი იყო, რომ რუსეთის გარკვეულ ძალებს ჩვენი ომში ჩათრევა სურდათ. ნათელი იყო, რომ რუსეთი ახდენს პროვოცირებას, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს და ეს თავიდან უნდა აგვეცილებინა. პირველში თუ ორ რიცხვში იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ კოკოითი ცხინვალიდან ბომბავს ქართულ სოფლებს და სამინისტრო მოითხოვდა კოკოითს შეეწყვიტა დაბომბვა, მაგრამ კოკოითი რუსეთს არ უსმენდა. ჩემთვის ეს სასაცილო იყო, რადგან რუსეთს რომ სერიოზულად დაექნია თითი, კოკოითი ხმას ვერ ამოიღებდა. ამიტომ აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ რუსეთი თამაშობდა, პროვოცირებდა. ჩვენს ხელმძღვანელობას კი ჭკუა არ ეყო, იმ მახეში არ აღმოჩენილიყო, სადაც აღმოჩნდა.
_ ახლა რა უნდა გააკეთოს ხელმძღვანელობამ, უნდა წავიდეს?
_ ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჯერ ერთი, მიუღებელი იყო რუსეთის განცხადება, რომ არ დაელაპარაკება სააკაშვილს და ის უნდა შეიცვალოს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოში არავინ არასდროს დაუშვებს, რუსეთმა ან სხვა ქვეყანამ ხელმძღვანელობა შეცვალოს! საქართველო შეიძლება, პატარა და არცთუ ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ ის სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ, ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, ვინ უნდა გვმართავდეს და ვის დავუჭერთ მხარს. ახლა საქართველოში პოლიტიკური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და აუცილებლად დადგება საკითხი ვადამდელი არჩევნების შესახებ. რა თქმა უნდა, გვიპასუხებენ, იმედი მაქვს, კონსტიტუციის ფარგლებში. კანონის მიხედვით, ჩატარდება არჩევნები და ვის აირჩევენ – ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
მოამზადა მანანა იაშვილმა
www.fact.ge
