რუსეთისკენ მიმართული ორი მახვილი
რუსეთისკენ მიმართული ორი მახვილი
| [როზი ჯღამაია] კავკასია კვლავ აქტიურია მსოფლიოსთვის, მაგრამ ამჯერად, საქართველოს გარეშე. ევროპისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ”ნაბუქო” შესაძლოა, საქართველოს ნაცვლად, სომხეთის გავლით, შუააზიური გაზით დაიტვირთოს. თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ საუბრების დონეზე რჩება და ახალი გაზსადენის მშენებლობა არ დაგეგმილა. როგორც ჩანს, დასავლეთი ცოტა ხანი კიდევ დაელოდება საქართველოში პოლიტიკური პროცესების დალაგებას. თუ ქვეყანაში სტაბილურობა მიუღწეველი აღმოჩნდა, მაშინ, შესაძლოა, დასავლეთისთვის სომხეთი უალტერნატივო პარტნიორი აღმოჩნდეს. რუსეთი, რომელიც სიცოცხლეს გაიღებს ”ნაბუქოს” პროექტის ჩასავარდნად, აზერბაიჯანისა და სომხეთის დასაზავებლად მხარეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მილსადენი მისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. თუმცა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად ჩართულია ამერიკა და თურქეთი, რაც რუსეთის გავლენას ამ მიმართულებით საგრძნობლად შეასუსტებს. |
რუსეთს აზერბაიჯანისა და სომხეთის დაზავება იმდენად აძლევს ხელს, რამდენადაც ორივე სახელმწიფოს კონტროლი შეეძლება. ამ პროცესებში ამერიკა-თურქეთის ჩართვა კი, იძულებულს გახდის ყარაბახიდან უკან გამოიყვანოს საკუთარი ჯარები. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთმა სომხეთისა და აზერბაიჯანის შესარიგებლად დასავლეთთან ვაჭრობა დაიწყოს და ვაჭრობის ობიექტად სწორედ ”ნაბუქო” გახადოს. არავინ იცის პროცესები რა მიმართულებით განვითარდება, მაგრამ აქ კიდევ ერთი საკითხია საყურადღებო - ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასების ვარდნამ საგანგაშო დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას, რაც მას ვაჭრობის შანსებს არ დაუტოვებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2009 წლის ბოლომდე ნავთობზე ფასები მუდმივად ითამაშებს, მაგრამ რა იქნება შემდეგ, ამაზე პასუხები არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მთელი წლის განმავლობაში ნავთობზე დაბალი ფასების შენარჩუნება რუსეთს ხერხემალში გადატეხავს. ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რომ ეს პროცესი მსხვილი ნავთობკომპანიების მხრიდან გათამაშებული კარტია და იგი რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. დასუსტებული რუსეთის კავკასიიდან გაძევება დასავლეთს არ გაუჭირდება. შესაბამისად, რუსეთის კონკურენტები, როგორც ნავთობის, ისე გაზის სეგმენტის უკეთ გაკონტროლებას შეძლებენ. ექსპერტთა ნაწილი მოსაზრებას, რომ მსხვილმა ნავთობკომპანიებმა რუსეთის დასასუსტებლად გადაწყვიტეს მსოფლიოს ბედი, არ ეთანხმება. მაგრამ, ყველა დარწმუნებულია, რომ ამერიკა ნავთობის თემას აუცილებლად გამოიყენებს კონკუტრენტების წინააღმდეგ. სანავთობო იმპერია მსოფლიოში ნავთობი ყოველთვის აქტუალური იყო და ყოველთვის პოლიტიკურ თემას წარმოადგენდა. 80-ანი წლების საბჭოთა კავშირიც კი აქტიურად იყო ჩართული სანავთობო ომში და მაშინ, ნავთობზე ხელოვნურად გაზრდილი ფასი 80 დოლარამდეც კი ავიდა, რაც დღევანდელ 150 დოლარს არაფრით ჩამოუვარდებოდა. საბჭოეთის ხელოვნურად გაბერილი ფასი მაშინ, ასევე ხელოვნური გზით, ამერიკამ თავის მეგობრებთან ერთად ჩაფუშა და 15 დოლარამდე დაეცა. ექსპერტი გია ჯანდიერი ამბობს, რომ ახლა ფასების შემცირება სხვა პოლიტიკური მეთოდებით ხდება და ბაზარზე ამან თავისთავად გამოიწვია ცვლილებები. ნავთობის ფასის ვარდნის მეორე მიზეზად კი ბაზრის ამ სეგმენტიდან ფულის გადინება სახელდება. ექსპერტი დემურ გიორხელიძის განმარტებით, სპეკულაციური მიზნით ნავთობის ბაზარზე დიდი თანხები იდებოდა, მაგრამ ფინანსური კრიზისის დაწყებისთანავე, შიშის ფაქტორი ამუშავდა. -”ფული ამ სექტორიდან უფრო მყარ ადგილზე წავიდა, სადაც შესაძლებელი იყო ფინანსური ქარტეხილების ნაკლები დანაკარგებით გადატანა. მართლაია, ეს ცვლილება გამაოგნებლად სწრაფად მოხდა, მაგრამ მოთხოვნა არსად მიდის და ფასებიც დარეგულირდება”. ”თუმცა, 2009 წლის სექტმბერ-ოქტომბრამდე, ეკონომიკური ზრდის ტემპების პრობლემები შესაძლოა, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაშიც გაგრძელდეს და ამიტომ, ფასები ითამაშებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობის ფასი შესაძლოა, ძველ ნიშნულსაც დაუბრუნდეს”. ფასების ვარდნის მესამე მიზეზად მსხვილი ნავთობკომპანიების მიერ, ბაზრის გადანაწილების მორიგ მცდელობას ასახელებენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. ეს თემა ჯერჯერობით, აქტიურად არ განიხილება, მაგრამ უცხოეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში ამაზე მაინც საუბრობენ. დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ასეთი შეთქმულებების არ სჯერა, რადგან მსგავსი თამაშები თანამედროვე გლობალურ სისიტემაში ძნელი განსახორციელებელია. -”ამ კრიზისით, დიდი დანაკარგები ნახა ამერიკამ, დანაკარგები აქვს ევროპასა და აზიას. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და ამიტომ, ამას მხოლოდ რუსეთის გამო, არავინ დაუშვებდა”. განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას. მისი თქმით, უცნაური ისაა, რომ ფასების ვარდნა გაზის სფეროში არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, რუსეთმა რამდენიმე ქვეყანას კიდევ უფრო გაუზარდა გაზის ფასი და, თუ ქვევით არ დაწევს, ყველა ნავთობზე გადაერთვება. რაც შეეხება ნავთობის ბაზარს, ექსპერტი ეჭვობს, რომ საქართველოში ბევრს ჰქონდეს პასუხი იმაზე, რა თამაშები მიდის მსოფლიოში ამ ზღვარზე. -”არის დღეს საქართველოში რომელიმე ბიზნესმენი, რომელიც ”სიტის” და ნიუ-იორკში მანჰეტენის დონეზეა გასული? იცის ვინმემ იქ რა თამაშის წესებია და ჭადრაკის 64-ე სვლაზე რა უნდა გააკეთონ, ეს გათვლილი აქვს ვინმეს? საქართველოში მომრავლდა ექსპერტთა კადასტრი, რომელიც ვაკე-საბურთალოს გზას ვერ გასცდა”. ”ვინ იცის ”სიტიში” რა სამზარეულოა? საქართველოში გვეტყვის ვინმე, გერმანია, იტალია და ესპენეთი როგორ უპირისპირდებიან საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გაძლიერებას? თავად საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი რატომ და როგორ ცდილობს საფრანგეთის ლიდერობას და რა თამაშში ჩაერთო ინგლისი? ეს სახელმწიფო უშიშროების და უსაფრთხოების თემებია და ეჭვი მეპარება, საქართველოში ვინმემ ამაზე კომენტარები გააკეთოს”. ექსპერტის განმარტებით, წლების განმავლობაში, ნავთობსაბადოები, რომლებიც 15-18 ათას მეტრ სიღმეზე იმყოფებოდნენ მიტოვებული იყო, რადგან ნავთობმოპოვება საკმაოდ ძვირადღირებული იყო. ალასკაზე და მათ შორის, ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეში იყო საბადოები, რომელთა ამუშავება წარმოუდგენელი იყო. -”წლების უკან, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი წამგებიანი იყო, მაგრამ გავიდა ხანი და ბაქო-ჯეიჰანი სუპერმომგებიანი გახდა. ჩრდილოეთ-ყინულოვან ოკეანეში ნავთობმოპოვებაზე ომი დაიწყო, რადგან ისიც კი მომგებიანი გახდა. ნავთობბაზრის ისტორიას არ ახსოვს ისეთი მოგება და შემოსავლები, რომელიც ნავთობკომპანიებმა 2007 წელს მიიღეს. მსოფლიო ინგრეოდა 140 დოლარიანი ნავთობის ფასის ქვეშ, მაგრამ მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა უზარმაზარი მოგება ნახეს”. ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მსოფლიოში, უფრო დიდი ლობი, ვიდრე ნავთობკომპანიებია, არ არსებობს. ნავთობ-ბაზრის ამონაგები 620 მლრდ დოლარია და ამაზე დიდი გასანაწილებელი იშვითად შეიძლება წარმოიდგინოს ვინმემ. -”თქვენ ფიქრობთ, რომ მსოფლიოში თამაშის წესებს BP” მონაკოს ”ConocoPhillips”, ”Royal Dutch Shell’s”, ”Total”, იტალიური ”APG Oil Int’l”, ”China Petroleum” არ საზღვრავენ? აბა ვინ საზღვრავს - ლეიბორისტული პარტია? ჩვენდა სამწუხაროდ, მსოფლიო პოლიტიკას ნავთობის, იარაღის და ნარკოტიკების ბიზნესი საზღვრავს”. დასუსტებული რუსეთი და ”ნაბუქო” ამის მიუხედავად, რუსეთი მაინც ცდილობს კავკასიაში გავლენა შეინარჩუნოს და კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებს, ხან დაყვავებით, ხანაც შანტაჟის გზით აიძულებს მისი თამაში ითამაშონ. რუსეთს კავკასიაში დღეს ორი ძირითადი მიზანი ამოძრავებს. პირველი - რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, საქართველო საერთაშორისო პროექტებიდან და, მათ შორის, ”ნაბუქოდან” ამოაგდოს. ჯერჯერობით, მოახერხა და საქართველოს იმიჯი საერთაშორისო მასშტაბით საგრძნობლად შელახა. მეორე - რუსეთი ყველა გზებით ცდილობს კავკასიის ქვეყნები, რომელთა გაკონტროლება უფრო ადვილი ეჩვენება, თავისკენ გადმოიბიროს. თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მისი როგორც შუამავლის როლი, თანდათან სუსტდება, რადგან ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ ამერიკა და თურქეთი. |
