არჩილ გეგეშიძე - ევროკავშირმა საქართველოს საკითხში რუსეთთან მიმართებაში თავისი შესაძლებლობები ამოწურ
არჩილ გეგეშიძე - ევროკავშირმა საქართველოს საკითხში რუსეთთან მიმართებაში თავისი შესაძლებლობები ამოწურა
პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის შეფასებით, ევროკავშირ-რუსეთის დაახლოება იმაზე მიანიშნებს, რომ ევროკავშირმა საქართველოს საკითხში რუსეთთან მიმართებაში თავისი შესაძლებლობები ამოწურა.ამის შესახებ გეგეშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
გეგეშიძის აზრით, ის, რომ ევროკავშირმა ცდუნებას ვერ გაუძლო და საქართველოს ინტერესების დასაცავად რუსეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივა ამჯობინა, იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირმა თავად თქვა უარი საერთაშორისო სამართლის პრინციპების ბოლომდე დაცვასა და საქართველოს გამო რუსეთთან კონფრონტაციაზე წასვლაზე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირმა რუსეთს სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე მიუთითა და ვარაუდობს, რომ ამ საკითხების მოგვარება რუსეთთან მოლაპარაკებების გზით შესაძლებელია.
გეგეშიძის აზრით, საქართველოს საკითხებში რუსეთთან დიალოგის წარმოების შემთხვევაში ევროკავშირში ზუსტად არც იციან, რამდენ ხანს და რაც მთავარია რა შედეგით დასრულდება მოსკოვთან დიალოგი. მისივე შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის საკითხში ვითარება მას შემდეგ შეიძლება შეიცვალოს, რაც აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს და მოხდება ევროკავშირისა და აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შეჯერება.
www.InterPressNews.ge
www.InterPressNews.ge
