დასავლური მედია - ომის ინიციატორი საქართველო იყო
ევროპულ პრესაში ანტიქართული განწყობები საგრძნობლად ძლიერდება. საგულისხმოა, რომ საქართველოს მიმართ კრიტიკული სტატიები უკვე ამერიკულ ბეჭდურ მედიაშია უხვად იბეჭდება. სხვადასახვა გაზეთები ომის დაწყების ინიციატორად თბილისს ასახელებენ
საქართველოს ხელისუფლება დასავლური მედიის რადიკალურად შეცვლილ განწყობას რუსული სპეცსამსახურების მუშაობით ხსნის.
- “მოსკოვი დიდ ფულს ხარჯავს უცხოელი ჟურნალისტების მოსყიდვაში, რომ მათ ანტიქართული სტატიები გამოაცხონ”, - ასეთია თბილისის პოზიცია.
ერთი სიტყვით, КГБ მუშაობს. მითი, რომ საქართველო რუსეთს საინფორმაციო ომს მაინც უგებდა, დაიმსხვრა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ გარკვეული სტატების უკან შესაძლოა, მართლაც, რუსული სპეცსამსახურების ფული იყოს.
თუმცა, ოპოზიცია იმასაც აცხადებს, რომ ყველას მოსყიდვა შეუძლებელია. საქართველოს მიმართ კრიტიკული შეფასებები კი უკვე თითქმის ყველა გაზეთის ფურცლებზეა.
დავით ზურაბიშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი: “საინფორმაციო ომს ვაგებთ და აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ერთია, ობიექტური რეალობა და მეორე ის, რომ რუსეთი თავის პროპაგანდას ეწევა და ამაში დიდ ფულს ხარჯავს. თუმცა ზოგჯერ გადაჭარბებულია იმაზე საუბარი, რომ სტატიები მაინც და მაინც რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით იწერება. უბრალოდ, დასავლეთში პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვალა და ამან გავლენა მედიაზეც მოიახდინა”.
ექსპერტები დასავლური მედიის შეცვლილ განწყობას იმით ხსნიან, რომ დღეს მათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ომის დღეებში. კითხვაზე თუ ვინ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, დასავლეთს უკვე ერთი პასუხი აქვს - ომის ინიციატორი საქართველო იყო.
კახა კაციტაძე, ექსპერტი: “ის, რაც დასავლეთის პრესაში ბოლო დროს იბეჭდება, რუსეთის სპეცსამსახურების გავლენით თუ არის, მაშინ შეეძლოთ, თავიდანვე მიეცათ ეს ფული და ანტიქართული განწყობა აგვისტოს პირველივე დღეებიდან შეექმნათ. რაღა ამ ბოლო 10 დღეში დაიწყო რუსულმა სპეცსამსახურებმა ფულის ხარჯვა. რუსეთი ამდენი ხანია, საბრძოლო მოქმედებისთვის ემზადებოდა და ბუნებრივია, უკვე მოსყიდულიც ეყოლებოდა ეს ხალხი.
შეიძლება ცალკეული პუბლიკაციის ავტორი მართლაც მოისყიდეს, მაგრამ სასაცილოა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთმა მთელი დასავლური მედია იყიდა. გაზეთებს რომ თავი გავანებოთ, ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრიც რუსეთის სპეცსამსახურებმა მოისყიდეს.
აგვისტოში ის 100 პროცენტით იზიარებდა ქართულ პოზიციას და ახლა კი, რბილად რომ ვთქვათ, შეიცვლა თავისი თვალსაზრისი. ის გაზეთები, რომლებიც 2 თვის წინ გვაქებდნენ, ახლა გვაკრიტიკებენ. უბრალოდ, რაღაც-რაღაც ისეთი ფაქტები ჩნდება, რომელიც აგვისტოში არ იყო ცნობილი. შექმნილია საერთაშორისო კომისია, რომელიც საბოლოოდ დაადგენს ყველაფერს”.
ქართული პროპაგანდა
ერთი სიტყვით, ომის დაწყებაში ბრალს მსოფლიო ქართულ მხარეს სდებს. საქართველოს ხელისუფლება კი კვლავაც ირწმუნება, რომ ცხინვალში ჯერ რუსული ტანკები შევიდნენ და ქართული საჯარისო შენაერთები მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთნენ ბრძოლაში. დასავლეთში თბილისის ეს განცხადებები აღარ ჭრის. ქართულმა პროპაგანდამ მხოლოდ მცირე ხნით იმუშავა.
დავით ზურაბიშვილი: “ხელისუფლებამ მოვლენების ვირტუალური სურათი დახატა. მისი ვერსია არ ემთხვევა რეალობას და ბუნებრივია, ეს გამოჩნდა დასავლეთის პრესაში. სააკაშვილის ხელისუფლებას არანაირი საინფორმაციო პოლიტიკა არ გააჩნია დასავლურ მედიასთან მიმართებაში. მას მხოლოდ საკუთარი თავის რეკლამირების პოლიტიკა აქვს. დასავლეთში კი სააკაშვილის ტყუილებს უკვე აღარავინ იჯერებს. იგი მიეჩვია, რომ რა სისულელეც არ უნდა ჩაიდინოს, მას ცოდვებს ჩამოაწერენ და დასავლეთის მედიაში მასზე პოზიტიური აზრები იქნება. მაგრამ, ასე აღარ მოხდება. ვითარების შეალამაზებას აღარავინ ფიქრობს. პირიქით, მედია დაინტერესებულია, რომ სიტუაცია კიდევ უფრო ნეგატიურად წამოადგინოს. ასე რომ, სააკაშვილმა რა საინფორმაციო პოლიტიკაც არ უნდა აწარმოოს, მაინც ვერაფერი უშველის”.
- ”სააკაშვილის ხელისუფლების ყველა განცხადება ახლა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის არის”, - ასეთია ზოგადი შეფასება.
მანანა ნაჭყებია, “ახალი მემარჯვენეები”: “ქართულ ტელესივრცეს მთლიანად ხელისუფლება აკონტროლებს, თუ არ ჩავთვლით “კავკასიას”. თუმცა ქართული ტელეარხებით გასული მასალა არანაირი მტკიცებულება არ არის დასავლეთის ელექტრონული მედია-საშუალებებისთვის. აქედან გამომდინარე ისინი ამ მასალებს არც ეყრდნობიან.
თუმცა ეს პროპაგანდა საქართველოს მოსახლოებაზე ჭრის. ხელისუფლება ახერხებს, რომ თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. პრესა ძალიან ბევრ რამეს ობიექტურად წერს, მაგრამ პრესა საზოგადოებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე მთავარია, რომ ქვეყნის შიგნით შეინარჩუნოს დაღმავალი გზით მიმართული რეიტინგი და ძირითადი აქცენტი ქართულ საზოგადოებაზე აქვს აღებული. ხელისუფლება ცდილობს, თავისი პიარ-აქციებით ქართული საზოგადოება კვლავ იყოლიოს მორჩილებაში და ილუზიების ტყვეობაში ამყოფოს”.
დასავლური პრესა - ობიექტური თუ სუბიექტური?
ექსპერტები და ოპოზიცია თანხმდებიან იმაზეც, რომ აგვისტოს მოვლენების შეფასებისას დასავლურ მედიაში საქართველოს საწინააღმდეგო სტატიებმა იმატა.
მანანა ნაჭყებია, “ახალი მემარჯვენეების” წევრი: “იმ დროს, როცა ომი მიმდინარეობდა და ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, ბუნებრივია, დასავლეთი, საერთაშორისო პრესა და ჩვენი საზოგადოება მობილიზებული იყო, რომ სისხლისღვრა შემწყდარიყო. კონფლიქტის დასრულების სემდეგ კი გაჩნდა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა - როგორ დაიწყო ომი და ვისი ბრალი იყო. მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრი დეტალი საზოგადოებისთვის და პირველ რიგში ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, დასავლეთის მედიაში გაჩნდა კრიტიკული სტატიები. ცხადია, ცალკეული სტატიები და ტელე-გადაცემები ეჭვებს ბადებს, თუმცა ძირითადად დასავლური მედია ობიექტური და კრიტიკულია”.
დასავლური მედიის შეცვლილ განწყობებს სხვა ახსნაც მოეძებნება. “ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ირაკლი შენგელაია ფიქრობს, რომ დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ კამპანიის აგორებით ცდილობს, საკუთარი უსუსურობა დამალოს.
- “დასავლეთმა ვერ აიძულა რუსეთი, დაეტოვებინა საქართველო. ახლა თავს იმართლებს, რომ ქართველებიც არ ყოფილან კარგები. ეს მათთვის გამოსავალია. თუმცა, ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენების პირველ დღეებში ქვეყნდებოდა მასალები, სადაც საქართველო იყო დამნაშავედ გამოცხადებული. ცხადია, რუსეთი ხელს უწყობს, რომ ეს განწყობები გაიზარდოს. თუმცა, ჟურნალისტების ნაწილისთვის რაიმეს დაკვეთაც არ არის საჭირო. დასავლეთში პრესა სხვაგვარად არის ორგანიზებული და გაზეთები გარკვეული ჯგუფების შეხედულებებს გამოხატავენ. სწორედ ამ ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებით იბეჭდება დასავლურ მედიაში საქართველოს საწინააღმდეგო სტატიები”, - აღნიშნავს ირაკლი შენგელაია.
აშშ-ს ფაქტორი
თბილისში არ გამორიცხავენ, რომ დასავლეთის განწყობის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ამერიკის არჩევნების შედეგებიც იყოს. ბუშის ადმინისტრაციის წასვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ვაშინგტონში ისეთივე დამოკიდებულება აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ეს დიდ გავლენას მოახდენს დანარჩენ მსოფლიოზეც.
- “ბუშის ადმინისტრაციას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან, ეს განწყობა აისახებოდა მედიაშიც. ბუშის ადმინისტრაციის დროს ამერიკის სახელმწიფო მანქანა მთელს მსოფლიოში სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდაზე მუშაობდა. ამერიკულ ბეჭდურ მედიაში სააკაშვილის ხელისუფლებაზე პოზიტიური წერილები იბეჭდებოდა. შტატები ზემოქმედებდა ევროპელებზე. სიტუაცია შეიცვალა, შეიცვალა კონიუნქტურაც. ასე რომ, საქართველოსთვის სახარბიელო სურათი არ იხატება”, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.
ქვეყნის ლიდერთა განწყობაზე დიდად არის დამოკიდებული მედიის პოზიცია და თავის მხრივ, მედიაც უწყობს ხელს პოლიტიკოსებს აზრის ფორმირებაში.
- “იმ ქვეყანაში, სადაც მედია ობიექტურია, პოლიტიკოსებს პრესა დაკვეთას აძლევს. მას შემდეგ, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე არგუმენტები შეიკრიბა და სერიოზული ანალიზი გაკეთდა, დასალვური პრესა კრიტიკული გახდა. ამან კი, პოლიტიკურ ლიდერებზე გავლენა მოახდინა. თავის მხრივ, პოლიტიკოსების აზრი აისახება მედიაზე. ეს ჯაჭვური რეაქციაა და ვერ ვიტყვი, რომ ამ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილი სახარბიელო მდგომარეობაშია. იყო დრო, როდესაც დასვლეთი ბრმად იყო “შეყვარებული” მიხეილ სააკაშვილზე ვარდების რევოლუციის გამო, ან რაღაც გავლენას ახდენდა ჯორჯ ბუშის შეფასებები, რომ საქართველო დემოკრატიის შუქურაა, ამ ტალღამ უკვე გაიარა. დადგა საქართველოს პრეზიდენტისთვის რეალობის ხანა და სწორედ ამ რეალობის დროს ჩვენ გვჭირდება გონიერი მმართველი, რომელიც პრაქტიკულად, თვითიზოლაციაში არ მოაქცევს ქვეყანას”, - აღნიშნავს მანანა ნაჭყებია.
იაფი გაზის ხიბლით
დასავლეთის მედიაში ბოლო დროს მომძლავრებული ანტიქართული განცხადებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენერგომატარებლებია. ზამთრის წინ რუსეთმა ევროპას საჩუქარი გაუკეთა და შეჰპირდა, რომ გაზს შედარებით დაბალ ფასში მიაწვდის. ასე რომ, ცისფერი ალი ყველაფერს დაგაწონის. რუსეთს კი ეს ნაბიჯი სათანადოდ დაუფასდება.
ირაკლი შენგელაია: “ფრანგულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ჟურნალისტი სარკოზს გამყიდველობასა და კორუმპირებულობაში სდებს ბრალს. საქართველოში უმძიმესი პრობლემებია და ერთ-ერთი მთავარი აქტორი ხელისუფლებაა, მაგრამ დასავლეთის პოზიციის ცვლილების მიზეზი სხვა რამ არის. შემთხვევით არ დაიწყეს საუბარი, რომ რუსეთის ინტერესებიც გასათვალისწინებელია. ფინანსური და ეკონომიკური ჯგუფები საშინელ ცაიტ-ნოტში ადგებენ საკუთარ ხელისუფლებებს და მოითხოვენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ გააფუჭონ. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი მოიძებნა - ქართველები ცუდები არიან”.
- “მსოფლიო კრიზისის დროს რუსეთთან დალაგებული ურთიერთობების მომხრეა მთელი ევროპა და ამერიკა. აქედან გამომდინარე სააკაშვილის კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდება, მით უფრო რომ მას მთლიანად აქვს ამოწურული თავისი რესურსი. მას არ შეუძლია სარგებელი მოუტანოს არც ამერიკას, არც საქართველოს”, - მიაჩნია დავით ზურაბიშვილს.
მანანა ნაჭყებია: “თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ ევროპა, ნატო, აშშ იზოლაციაში მოაქცევდნენ რუსეთს, დღეს კი ვხედავთ, რომ რუსეთი ყველა ტიპის შეხვედრაში მონაწილეობს, იქნება ეს დიდი ოცეულის თუ დიდი რვიანის ფარგლებში. არავინ აპირებს, საქართველოს გამო რუსეთი მტრად გაიხადოს და მასთან ურთიერთობა შეწყვიტოს. ეს ბუნებრივია, ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის”.
