ინგუშმა მეამბოხეებმა უკვე ორი სოფელი დაიკავეს
ინგუშმა მეამბოხეებმა უკვე ორი სოფელი დაიკავეს
| როგორც ინგუშეთის ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსი ingushetia.org იუწყება, გასულ ღამეს ინგუშმა მეამბოხეებმა ორი სოფელი - მუჟიჩი და იანდარე თავის კონტროლს დაუქვემდებარეს. ოპოზიციურმა შეიარაღებულმა რაზმებმა ამ სოფლებიდან ინგუშეთის შსს-ს ძალები გააძევეს და როსტოვ-ბაქოს ფედერალურ ტრასაზე საკუთარი პოსტები გახსნეს. მათი მიზანი ფედერალური სამართალდამცავების გამოვლენა და დაკავება იყო. ინგუშეთის პროკურორი იური ტურიგინი აღნიშნული ინფორმაციას არ ადასტურებდა, თუმცა, მოგვიანებით სოფელ მუჟიჩის ერთ-ერთ დაჭრილ მცხოვრებზე ინფორმაცია გავრცელდა. - ”სოფლის მისადგომებთან, კომუფლირებული, ნიღბიანი, კარგად შეიარაღებული 8-10 ადამიანი მანქანებს აჩერებდნენ. ერთ-ერთ დაუმორჩილებელ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მძღოლი მძიმედ დაიჭრა. ნახევარი საათის განმავლობაში, მილიციისა და შინაგანი ჯარის ნაწილებმა აღნიშნული სოფლები კონტროლის ქვეშ აიყვანეს. ბანდიტებმა დამალვა შესძლეს”, - აცხადებს რესპუბლიკის შსს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინგუშეთში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. გუშინ, სუნჟენსკის რაიონის სტანიცა ტროიცკში ადმინისტრაციის მეთაურის მოადგილე ხაჯიბიკარ ჯანხოტოვი მოკლეს. ინფორმაცია სროლების შესახებ ინგუშეთის უმთავრესი ქალაქიდან, ნაზრანიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთელი დღის განმავლობაში შედიოდა. რუსი ექსპერტების აზრით, სიტუაცია ინგუშეთში, წინასაომარს წააგავს და თუ ცენტრი დროულად არ მიიღებს ზომებს, კავკასიის ამ რესპუბლიკას სამოქალაქო ომი ემუქრება. |
