ორმაგი ინტერპრეტაციები თანამედროვე პოლიტიკაში
- ”მე კმაყოფილი ვარ, რომ აშშ-ს ძველ ადმინისტრაციაში, მისი მოღვაწეობის დასასრულს, გონიერებამ გაიმარჯვა და საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმაზე ბრიუსელში აღარ იმსჯელებენ”. - მედვედევის თავდაჯერებული კმაყოფილება ქართველ ექსპერტებს საფუძვლიანად, მაგრამ გადაჭარბებულად მიაჩნიათ.
პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძის აზრით, რუსეთმა თავისი დესტრუქციულობით, დასავლეთ ევროპაზე ზეწოლით და პირდაპირი სამხედრო აგრესიით ამ ეტაპზე გადაულახავი ბარიერი შექმნა.
- ”ეს არ ნიშნავს რომ დასავლეთმა და განსაკუთრებით აშშ-მ ხელი აიღეს ალიანსის გაფართოებაზე. თუ მოვლენებზე ზეგავლენა შესძლეს და ამ მხრივ ცდას არ დააკლებენ, არაა გამორიცხული, რომ საქართველოსათვის ნატოში მიმავალი გზა უფრო შემცირდეს, ვიდრე ეს მაპის შემთხვევაში იქნებოდა”, - თვლის შალვა ფიჩხაძე
კონდოლიზა რაისის მიერ გახმოვანებული ე.წ. ”ბრიტანული პოზიცია” საქართველო-უკრაინისათვის NATO-ში გაწევრიანების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ სწორედ ასე, ორნაირად გაიგეს რუსეთსა და საქართველოში. მაგალითად, ინტეგრაციის მინისტრი თემურ იაკობაშვილი მაპზე ფიქრს წარსულ ეტაპად თვლის და აცხადებს, რომ ”წევრობისკენ გზა ხსნილია”. რუსული მედია კი ფაქტიურად შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ”ნატოური მომავალი”დასამარებულია.
ასეთი ორნაირი ინტერპრეტაციები თანამედროვე პოლიტიკურ დაპირისპირებებში ბოლო ხანს ძალიან მომრავლდა. რა უფრო მეტია აქ, დიპლომატიური მანევრები, დეზინფორმაცია, თუ სასურველის არსებულად წარმოჩინება, ძნელი გასამიჯნია. ფაქტია, რომ ხშირად ფაქტის ალტერნატიული ახსნების ავტორი რუსული პოლიტიკისა და მედიის წარმომადგენლები არიან.
- ”ობამას ლეხ კაჩინსკისათვის არ მიუცია გარანტიები პოლონეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავადაცვითი პროგრამის განხორციელებაზე. აშშ-ს ადმინისტრაციას ამერიკელი გადამხდელებისათვის მოუწევს მრავალმილიონიანი პროექტის აუცილებლობის დამტკიცება”, - ამგვარი ინტერპრეტაცია მისცა მედვედევმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ობამას თანაშემწის დენის მაკდონოუს განცხადებას, რომ რეკეტსაწინააღმდეგო სისტემა პოლონეთში, მხოლოდ მისი ეფექტურობისა და მოქმედებისუნარიანობის დამტკიცების შემთხვევაში განთავსდება.
ლეხ კაჩინსკიმ დამატებითი სატელეფონო კონტაქტის შემდეგ დაზუსტა, რომ ობამას პოზიცია პროგრამის შესახებ არჩევნების მერე არ შეცვლილა და იგი აუცილებლად განხორციელდება. ვინ ვინ და პოლონეთის პრეზიდენტმა ბრწყინვალედ იცის, თუ როგორ შეუძლია რუსულ პროპაგანდას აშკარა ფაქტზე ”არა”-ს თქმა, როგორც ეს ახალგორთან მისი და სააკაშვილის ესკორტის დაცხრილვისას მოხდა.
აშშ-ს ახალი დემოკრატიული ადმინისტრაცია თავისი დიპლომატიური განცხადებებით, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს რუსეთის პოლიტელიტისათვის მათთვის მისაღები ინტერპრეტაციებისათვის ადგილს შეგნებულად ტოვებს. ეს იმ სტრატეგიის ნაწილად მოჩანს, რომელსაც ბარაკ ობამა წინასაარჩევნოდ ”ახალ სტრატეგიად”მოიხსენიებდა და რომლის შინაარსიც უტრირებულად ასეთია: ცივი ომის გარეშე, ანუ არ გაირიყოს რუსეთი, მაგრამ დასავლური ღირებულებები განუხრელად გატარდეს პოლიტიკაში.
თვით ”ახალი სტრატეგია”, რომელიც ობამას თანაშემწის ჯოზეფ ბაიდენის მიერ გახმოვანდა, ითვალისწინებს როგორც ”ანტირუსულ”, ასევე რუსეთთან თანამშრომლობის პუნქტებს:
- დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერა,
- სუვერენიტეტის პრინციპების განუხრელი დაცვა,
- ქვეყნებს შორის დაძაბულობის მოხსნა სამხედრო კონფლიქტის ესკალაციამდე,
- ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერება და რუსეთის მიმართ ერთიანი პოზიციის შემუშავება,
- აშშ-ს მოკავშირეების მხარდაჭერა რუსეთისაგან ენერგოდამოკიდებულების შესუსტების მიზნით,
ამასთან:
- რუსეთის მთავრობასთან პირდაპირი ურთიერთობა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და არსენალის შემცირების მიზნით,
- ვაჭრობისა და ინვესტირების გაზრდა რუსეთთან,
- ”თალიბანისა”და ალ-ქაიდას”წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა,
- რუსეთის მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტების გაძლიერება,
- გლობალურ სისტემაში ინტეგრირებისათვის ღია კარის პრინციპის პოლიტიკა ყველა ქვეყნისათვის, მათ შორის რუსეთისათვის.
კიდევ ერთი ”რუსული ინტერპრეტაცია”:
საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიით ”თვალახელილმა” უკრაინამ თავისი ტერიტორიის სამხრეთ - აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო შენაერთებისა და ტექნიკის გადაადგილება დაიწყო, რასაც რუსეთთან საზღვრის გამაგრებით ხსნის.
- ”ეს მათი შინაური საქმეა და უკრაინა-რუსეთის საზღვრის პოტენციური დამრღვევების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ მივესალმებით, უკრაინის გადაწყვეტილებას”. - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა.
ვითომ, ძალიან გაუხარდა?
