კოკოითის ხელისუფლება რუსული ჯარისთვის მამისონის ხეობის გავლით დამატებითი გზის მშენებლობას გეგმავს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსი ჯარისკაცების რეგიონში მოსახვედრად დამატებითი გზის მშენებლობას გეგმავს.
დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის იური ძიცოიტის განცხადებით, ”რუსი სამხედროები ამჟამად რესპუბლიკის ტერიტორიაზე მხოლოდ როკის გვირაბის გავლით ხვდებიან და ამიტომ ხელისუფლება მამისონის ხეობის გავლით დამატებითი გზის მშენებლობას გეგმავს”.
სავარაუდოდ, ოსების მიერ აშენებულ გზაზე სამხედრო სატვირთო ტრანსპორტი და ჯავშანტექნიკა იმოძრავებს. როგორც ცნობილია, მოსკოვს, ცხინვალსა და სოხუმს შორის გაფორმებული ”მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების” ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთის მიერ აღიარებული ”რესპუბლიკების” ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები განთავსდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაზების მშენებლობა 10-12 მილიარდი რუბლი დაჯდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთში მხოლოდ ერთი ბაზის მშენებლობას 5-6 მილიარდი რუბლი დასჭირდება.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ”ხარჯების დიდი ნაწილი არა მხოლოდ ყაზარმებისა და სამხედრო ტექნიკის პარკების მშენებლობისთვის, არამედ გზებისა და კომუნიკაციებისთვის არის აუცილებელი”.
ამასთან, გამოცემა ”გაზეტას” ცნობით, აფხაზეთში ბაზების მშენებლობა შედარებით იაფი დაჯდება, რამდენადაც ამ ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურა შენარჩუნებულია.
გარდა ამისა, ამ ”რესპუბლიკაში” ჯერ კიდევ კონფლიქტამდე აღდგა რკინიგზა. შეგახსნებთ, რომ რუსული სამხედრო ბაზები ცხინვალში, ჯავასა და გუდაუთაში განთავსდება. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 3800-3800 რუსი ჯარისკაცი იქნება დისლოცირებული.
