BBC” ყურადღებას ნატო-ში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ამახვილებს
ტელეკომპანია ”BBC”-ს პოლიტიკური მიმომხილველი ჯონათან მარკუსი ნატო-ს მინისტერიალზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ”პოლიტიკური ოსტატობის შედეგს” უწოდებს და ყურადღებას ალიანსში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ამახვილებს.
ჟურნალისტს საკუთარ რეპორტაჟში ბრიტანელი ჩინოვნიკების მოსაზრებები მოჰყავს და აცხადებს, რომ ”საფრანგეთი და გერმანია საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას უფრთხიან, რადგან რუსეთის განაწყენების ეშინიათ
მიმოხილვაში ის ალიანსში არსებულ უთანხმოებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ”ნატოს ბიუროკრატიული სისტემის მიღმა მყოფი ადამიანი ალიანსში არსებულ უთანხომოებას და მის მიზეზებს ვერ გაიგებს”.
”საქართველოს და უკრაინას გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტი, სახელის გარდა, უკვე ჰქონია. რუსეთთან დაკავშირებულ უთანხმოებასაც, ზუსტად ასევე, დიპლომატიური მალამოთი უმკურნალეს. ეტაპობრივად და გარკვეულ პირობებზე დაყრდნობით რუსეთთან ურთიერთობების განახლების გადაწყვეტილება მოსკოვს ერთ შეტყობინებას უგზავნის - ნატო (და ევროკავშირიც, რომელიც იგივე პოზიციაზეა) რუსეთს იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მისი იზოლირება არ სურს.
შეხვედრის ბოლოს მიღებული კომიუნიკე ალიანსის დიპლომატების ოსტატობის კლასიკური ნიმუშია - ელეგანტურად აუარო გვერდი ყველა მთავარ პრობლემას და თანაც მოჩვენებითი ერთიანობა შეინარჩუნო. მაგრამ რეალურად ნატო მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ძალიანაა გახლეჩილი - დაპირისპირების ხაზები ერთმანეთს კვეთს და ჭეშმარიტ ერთიანობას, რომელიც ასეთი მტკიცე იყო ცივი ომის დროს და მოგვიანებითაც, ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ პერიოდში წინ ეღობება”,- აცხადებს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ”ის, რასაც ნატოს ზოგიერთი წევრი აღორძინებული რუსეთის საფრთხედ აღიქვამს, სხვათა შეცდომებსაც ააშკარავებს”.
ამასთან, მისივე თქმით, ”ბოლო წლებში ვაშინგტონი ნატოს მის მიერ წამოწყებული გლობალური პატრულირების დანამატად განიხილავდა”.
