რუსეთს დასავლეთში გავლენის ქსელი აქვს გაბმული
ინტერვიუ Economist-ის ჟურნალისტთან - ედვარდ ლუკასთან.
ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსეთთან პარტნიორულ თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები განაახლოს, მიუხედავად იმისა, რომ კრემლს ცეცხლისშეწყვეტის შესახებ დადებული შეთანხმება ბოლომდე არ შეუსრულებია. შეიძლება ეს რუსეთის გამარჯვებად ჩავთვალოთ?
- რუსეთმა მოიგო იმ თვალსაზრისით, რომ მან მოახერხა კიდევ ერთხელ ეჩვენებინა, რამდენად გაყოფილია ევროპა. ეს უთანხმოება იმდენად ღრმაა, რომ ევროპას არ ძალუძს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან მიმართებაში. კრემლმა მოიგო იმ თვალსაზრისითაც, რომ აჩვენა, რამდენად შეზღუდულია შეერთებული შტატების შესაძლებლობები ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, თუ მათ არ აქვთ ევროპის მხარდაჭერა. მაგრამ რუსეთი დამარცხდა, როცა ცდილობდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას მსოფლიოს მიერ.
კრემლი დამცირდა, როცა არცერთმა უახლოესმა მოკავშირემ მხარი არ დაუჭირა ამ საკითხში. კიდევ ერთ მარცხად იქცა ის, რომ ომმა ინვესტორებს რუსეთის მიმართ ნდობა დაუკარგა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყებოდა, რამაც სერიოზული ასახვა ჰპოვა მის ბაზარზე. სინამდვილეში, ყველაზე ნაკლებად რუსეთს სჭირდებოდა არაპროგნოზირებადი ქვეყნის რეპუტაცია.
დასავლელი ლიდერები გვარწმუნებენ, რომ შეუძლებელი იქნება ”business as usual”, უფრო სწორად, საქმის იმგვარად წარმართვა, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ჯერ-ჯერობით პოლონეთის გარდა არცერთი ქვეყანა არ ცდილობს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას დააღწიოს თავის. სრულიად საპირისპიროდ, გერმანელი დიპლომატები კვლავ იმეორებენ, რამდენი გაზი დასჭირდება ევროკავშირს მომავალში და რომ ერთადერთი შესაძლებლობა - ეს რუსეთიდან იმპორტის გაზრდაა.
- რამდენიმე წელიწადში რუსეთმა სერიოზული გავლენის ქსელი ჩამოაყალიბა დასავლურ სამყაროში. მან ჭკვიანურად მოახერხა ენერგეტიკული იარაღისა და დიპლომატიური მანიპულაციების გამოყენება. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ე.წ. შრიოდერიზაციის ფაქტორმა, ანუ მნიშვნელოვან თანამდებობებზე დასავლური ქვეყნებიდან გავლენიანი პირების დანიშვნამ და ელიტის განწყობის მოპოვებამ.
საუკეთესო მაგალითია გერჰარდ შროდერი, რომელიც კომპანია Nord Stream-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს. ამგვარი მაგალითების მოყვანა მრავლადაა შესაძლებელი. ანუ, რუსეთი ისეთ გათვლას აკეთებს, რომ მისი გავლენის წყალობით ევროპა მასთან საქმეს ისე წაიყვანს, თითქოს არაფერი მომხდარა. ხოლო ინვესტორებს, რუსეთი ინვესტიციებისთვის სარისკო ადგილად რომ არ ჩაეთვალათ, მაშინ მას ეს აუცილებლად გამოუვიდოდა. ჩემს ახალ წიგნში ”ახალი ცივი ომი” ვაჩვენე, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ საკმარისზე მეტი ნიშანი, რომლებიც ამტკიცებდა, რომ საჭირო იყო რუსეთის გავლენის ნეიტრალიზაცია, მაგრამ მათ არ მოისურვეს ამის გაკეთება.
იმ სახელმწიფოების გვერდით, ვინც მხარს უჭერს რუსეთთან თანამშრომლობას, დადგა დიდი ბრიტანეთიც. ეს ბრიტანული საგარეო პოლიტიკის მკვეთრი შემობრუნებაა. არის თუ არა ეს რუსული პოლიტიკის გავლენის გაზრდის ეფექტი?
- ჩემი აზრით ბრიტანეთმა დაკარგა უფლება სხვებისგან მოითხოვოს წესიერება და პოლიტიკაში პრინციპების შენარჩუნება. პირველ რიგში - მან ლონდონის ბირჟაზე დაუშვა რუსული კაპიტალი - იმ გზით მოპოვებული, რაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან კონფლიქტშია.
უფრო უარესად ჟღერს ის, რომ სამივე მთავარი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა სიხარულით დაუჭირეს მხარი რუს ოლიგარქებთან მეგობრულ კონტაქტებს. ზოგიერთი მათგანი იმგვარი რეპუტაციით სარგებლობს, რომ ამერიკის ხელისუფლება მათ ვიზებს არ აძლევს. ვიმედოვნებ, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიერ დაგებულ მახეში არ გაებმება და რომ ფე-ეს-ბე-ს ყოფილი აგენტის ლიტვინენკოს მკვლელობა ნამდვილად მაღვიძარას სიგნალია. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის სრულ გამოღვიძებამდე ჯერ ადრეა.
გადაწყვეტილება, ცხადია, ბრაუნმა მიიღო, რატომ მოიმოქმედა მან ეს?
- საერთაშორისო არენაზე ბრაუნი იმგვარი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს, რაც მომენტალურ ეფექტს მოიტანს, ხოლო მისი პრიორიტეტი - მონეტარული პოლიტიკაა. მას სურს, ის ისე მიიღონ, როგორც ადამიანი, რომელმა დიდი ბრიტანეთი რეცესიისგან იხსნა და ახალი მსოფლიო ფინანსური წესრიგის ფუნდამენტი დადო. ამიტომ ის მიდრეკილია საფრანგეთის პრეზიდენტის მხარდაჭერაზე და ცდილობს, მისცეს მას ყველაფერი, რაც დასჭირდება რუსეთის საკითხში თავისი ფინანსური წამოწყებების სანაცვლოდ.
დევიდ მილიბენდი, უბრალოდ, იძულებული გახდა, უკან დაეხია. რასაკვირველია, რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები ცალსახა ბოროტება არ არის. მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში შესაძლებელი იყო რუსეთის იძულება - მიეღო უფრო მეტად დემოკრატიული და საბაზრო პრინციპები. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთი ცალკეული ქვეყნების ინტერესებზე თამაშის გაგრძელებას აპირებს და მოლაპარაკებებიც სწორედ მისი პირობებით გაგრძელდება.
თქვენ გაგაკვირვათ იტალიისა და საფრანგეთის ქცევამ, რომლებმაც მკვეთრად გააკრიტიკეს ანტისარაკეტო სისტემების გეგმები და ამ საკითხის გამო რუსეთის მხარეს დე-ფაქტოდ დადგნენ.
- იტალიის ქცევა სრულებითაც არ მაკვირვებს, რამდენადაც სილვიო ბერლუსკონი ისწრაფვის ერქვას პუტინის საუკეთესო მეგობარი ევროპაში და ყველანაირ შემთხვევას იყენებს, რომ თავისი სიმპათია გამოხატოს მისდამი. მაგრამ ნამდვილად გამაოცა საფრანგეთის პრეზიდენტის საქციელმა, რადგან სარკოზი კერძო შემთხვევაში თვლის, რომ პუტინი და მედვედევი - ეს ის ხალხია, რომლებთანაც თანამშრომლობა ძნელია. თუმცა, სარკოზის სურს დაიმსახუროს ევროპელი ლიდერის რეპუტაცია და ამისათვის მზადაა სასწორზე შემოდოს შედარებით მცირე ქვეყნების ინტერესები, რომლებიც რეალურად უფრთხიან რუსეთს.
საბედნიეროდ, სარკოზიმ ძალიან სწრაფად წაიღო თავისი სიტყვები უკან ანტისარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით. ეს არ გაეკეთებინა, სრულიად დაკარგავდა სახეს. ევროპაში არის სახელმწიფოთა ჯგუფი, რომლებიც საკუთარი ინტერესების შეწირვის ხარჯზე მზად არიან სხვებს დაუმტკიცონ, რომ რუსეთზე დამოკიდებულება შესაძლოა სახიფათო იყოს. ესენი პირველ რიგში არიან ბალტიის ქვეყნები, ნორვეგია, შვედეთი, პოლონეთი და უფრო ნაკლებად - ფინეთი.
შეცვალა თუ არა ნატომ დამოკიდებულება რუსეთთან? წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ რუსეთი მეგობარია, ან უკიდურეს შემთხვევაში, სრულიად უსაფრთხო სახელმწიფო?
- გარდამტეხ მომენტად ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირებაზე დადებული ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლა იქცა. ამან ნატოს ბიუროკრატია ლეთარგიული ძილისგან გამოაღვიძა. ბოლოსდაბოლოს რუსეთში პოტენციური სამხედრო საშიშროება დაინახეს. ხოლო საქართველოში კონფლიქტის შედგომ, ეს პროცესი დაჩქარდა. ნატოს გენერლებმა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტებს მოუხშირეს.
რამდენიმე კვირის წინ გამიზნულად ამ ქვეყნებში BBC-ის სერიოზული სწავლებები ჩატარდა, სადაც ნატოს სხვადასხვა ქვეყნების, F15 და F16 ტიპის რამდენიმე ათეულმა თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა. ამგვარად, დასახული გეგმები უფრო კონკრეტულ სახეს მიიღებს და ქაღალდზეც გადავა, შეძენილი იქნება ახალი ტექნიკა.
ალიანსი უფრო მეტ სიგნალს იძლევა იმისა, რომ მენტალური და სამხედრო კუთხით ის მზადაა წევრი ქვეყნების თავდაცვისათვის. ჩანს, რომ ნატოში ბიუროკრატიას პლიუს აშშ-ს ზეწოლა - შედეგი მოაქვს, ხოლო ევროკავშირის ბიუროკრატიას, პლიუს რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც რუსეთის გაბრაზების ეშინია, პარალიჩამდე მივყავართ.
როგორ ფიქრობთ, ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუსეთის მზარდ ძლიერებას გაუმკლავდება?
- საბედნიეროდ, მას ძალიან კარგი მრჩევლები ჰყავს - საკმარისია ზბიგნევ ბჟეზინსკის დასახელებაც. თუმცა, ეჭვიც არ არსებობს, რომ აშშ-ს ახალი ლიდერის პრიორიტეტები ესაა - ეკონომიკა, ეკონომიკა და კიდევ ერთხელ ეკონომიკა. მხოლოდ ამის შემდგ - ერაყი, ავღანეთი და ირანი.
და რამდენადაც ამ საკითხებშიც მას რუსეთის დახმარება დასჭირდება, ბუნებრივი ტენდენცია იქნება - არ მოხდეს ზედმეტი დაძაბულობის პროვოცირება რუსეთთან. ამიტომ ნატოს შემდგომი გაფართოვება შესაძლოა შეჩერდეს. გაგრძელდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც გულისხმობს, ვთქვათ, საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას. მაგრამ ეს კრემლში განსაკუთრებულ ემოციებს არ იწვევს.
ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი სრულიად დარჩება ევროპის ხელთ, მაგრამ რუსეთის გავლენის შემდგომი გაფართოების დაუშვებლობაზე ევროპას თავად მოუწევს ზრუნვა და მუშაობა. მას არ უნდა ჰქონდეს შეერთებული შტატების იმედი. გარდა ამისა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველოზე თავდასხმის შემდგომ რუსეთი კიდევ გადაწყვეტს მორიგი გაუაზრებელი ნაბიჯის გადადგმას.
საიდან ასეთი საფრთხე?
- საქართველოს ომმა აჩვენა, რომ რუსული საზოგადოებრივი აზრი სამხედრო ძალის დემონსტრირებას რაღაც ღირსეულ საქმედ თვლის. ეს ძალიან საგანგაშოა, რადგან ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ რუსები სულ სხვაგვარად უყურებდნენ სამხედრო მოქმედებებს ჩეჩნეთსა თუ ავღანეთში. ხოლო ეს ომი ძალიან პოპულარული იყო.
მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ძნელია არ აღნიშნო, რომ რუსეთი დიდი ხანია ემზადებოდა ომისათვის და მან მისი პროვოცირება მოახდინა. რაციონალურ სამყაროში ფინანსურმა პრობლემებმა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ კრემლი იქამდე უნდა მიიყვანოს, რომ თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან და ყველაფერი გააკეთოს უცხოელი ინვესტორების ნდობის აღსადგენად. მაგრამ ის ასე არ იქცევა. ის კონტროლს ამყარებს ყველა ახალ ფირმაზე ნებისმიერი მიზეზით. და რაკი მას შეუძლია ასე მოიქცეს ეკონომიკაში, რატომ არ შეუძლია იგივე გააკეთოს საერთაშორისო არენაზე?
