მაშინ ამ შეთანხმებას 18-19 თებერვალს ჟენევაში გამართულ გაეროს გენმდივნის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა, საბოლოოდ შეთანხმება უშედეგო აღმოჩნდა, არც ერთი შეხვედრა არ შემდგარა. უკვე მოგვიანებით კი, მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ (სოხუმისთვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა, რკინიგზის აღდგენა და ბოლოს უკვე აგვისტოს მოვლენები) ასეთი შეხვედრების განახლება უკვე არარეალური გახადა. ჭუბურხინჯის ფორმატის შეხვედრების აღდგენის საკითხი სოხუმმა აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჟენევაში გამართულ შეხვედრაზეც დააყენა, თუმცა, როგორც შამბა აცხადებს, ამ საკითხით ქართული მხარე არც დაინტერესებულა. შეხვედრის აღდგენაზე ისაუბრა დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ სოხუმში ჩასულ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან იოჰანვერბეკესთან. - “ყველამ კარგად იცის, რომ ჭუბურხინჯის ოთხმხრივი მოლაპარაკებების პროცესი ჩვენს გამო არ ჩაშლილა. ჩვენ ხშირად მოვითხოვდით, რომ ეს პროცესი აღდგენილიყო, მაგრამ, ქართული მხარე ამაზე არ თანხმდებოდა. შემდეგ კი ყველა სახის ფორმატი ჩაიშალა. ჩვენ ეს თემა ნოემბერში ჟენევაში გამართულ შეხვედრაზეც გავახმაურეთ, მაგრამ თბილისის მხრიდან ამაზე რეაგირება არც მაშინ მომხდარა. ერთი ვიცით, რომ ინიციატივა მოწონებულია,მაგრამ რა იქნება მომავალში, ეს უკვე შემდეგ შეხვედრებზე გაირკვევა”, - განაცხადა “რეზონანსთან” საუბარში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. მიუხედავად სოხუმის სურვილებისა, ოფიციალური თბილისი მოლაპარაკებების პროცესის ჭუბურხინჯის მსგავს ფორმატში აღდგენას კატეგორიულად გამორიცხავს. - “სოხუმმა ეს საკითხი დააყენა, მაგრამ ბატონმა შამბამ უნდა იცოდეს, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია და სამშვიდობო ძალები აღარ არსებობენ. ჭუბურხინჯში შეხვედრები კი ტარდებოდა რუსეთის სამშვიდობო ძალების ფორმატში ტარდებოდა. დღეს რუსეთის სამშვიდობოები აღარ არსებობენ. მესმის შამბას ნოსტალგიები,მაგრამ მათ კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი რუსეთის მიერ დაპყრობილები არიან. - “რაც შეეხება სხვა ფორმატს, საუბარი მიდის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ შევქმნათ რაიმე მექანიზმები, რათა რამენაირად ვუზრუნველყოთ ადმინისტრაციულ საზღვარსა და გალში ქართული მოსახლეობის უსაფრთხოება, ასევე გადაადგილების თავისუფლებას. ასე რომ, ვეტყვი შამბას, ძველ ფორმატში მოლაპარაკებების აღდგენა არარეალისტურია”, - განაცხადა იაკობაშვილმა. ჭუბურხინჯის ანალოგიური ფორმატის შეხვედრების აღდგენას გამორცხავს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც და ამის არგუმნეტად ოფიციალური თბილისის დუმილს ასახელებს. - “უცნაურია, თუ რატომ არ რეაგირებს ოფიციალური თბილისი ამ ინიციატივაზე. ალბათ, ქართულ მხარეს ეუხერხულება აფხაზებთან მაგიდასთან დაჯდომა, შეიძლება აფხაზებმა შემდეგ ეს ტრიბუნად გამოიყენონ და მერე გააფორმონ ვითომ აღიარებად. - ”თუმცა,აუცილებელია, რომ ქართული მხარე კულუარულად გავიდეს აფხაზებთან კონტაქტზე და შეთანხმდეს შეხვედრის ფორმატზე, რათა ეს შემდგომ არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ერთი ან მეორე მხარეს მიერ. იმის გამო, რომ ეს შეხვედრები არ ტარდება, კრიმინალებმა ძალიან აიწყვიტეს, განუკითხაობაა გალში და ამაზე ვერც გალი და ვერც ზუდგიდის რაიონი ვერ რეაგირებს. თუმცა, ქართული მხარის დუმილი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი არ არიან მზად აღადგინონ ამ მოლაპარაკებების პროცესი, რაც მეტად დამაფიქრებელია”, - დასძინა ზაქარეიშვილმა. |