უკრაინაში ქართველებზე ნადირობა დაიწყო
უკრაინაში ქართველებზე ზეწოლა ძლიერდება და იქ მცხოვრებ ქართველებს ხშირად უმიზეზოდ აპატიმრებენ. ამის შესახებ “ფაქტს” ლვოვის ოლქში მცხოვრებმა, კომპანია “პოლიტერმის” და ქართველთა ორგანიზაცია “არაგვის” ხელმძღვანელმა ჯუმბერ ძიგუამ განუცხადა.
როგორც ძიგუა ამბობს, ერთ-ერთ მსხვილ უკრაინულ კომპანიას “პოლიტერმის” მიმართ 300 ათასი დოლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა.
-“ეს საკმაოდ მსხვილი კომპანიაა და ყველა ხერხით ცდილობს, თანხის გადახდას თავი აარიდოს. მილიციამ ჩვენი თანამშრომლების დაპატიმრებაც კი დაიწყო. ქართველებს სრულიად უმიზეზოდ ჩხრეკენ და აპატიმრებენ. ჩვენი კომპანიის 45 თანამშრომლიდან 25 ქართველია და ყველა მათგანი საშიშროების წინაშე დგას. უკვე დააპატიმრეს მამუკა ქობულია”, - აცხადებს ძიგუა.
მისი თქმით, ქართველის უმიზეზოდ დაპატიმრების ფაქტი იყო ქალაქ კრივოი როგშიც, სადაც იქ მცხოვრები ქართველი პასპორტის ხელახალი რეგისტაციისთვის ქალაქის საკრებულოს წევრმა დაიბარა.
-”იგი პირდაპირ დეპუტატის ოთახში დააპატიმრეს და განუცხადეს, რომ თუ 3000 დოლარს არ გადაიხდიდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. რადგან ამ ადამიანს ამდენი ფული არ ჰქონდა, იგი მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სასტიკად სცემს და 2500 დოლარი მაინც გადაახდევინეს. ამგვარი ფაქტების რაოდენობა და სიხშირე უკვე საგანგაშოა“, - განაცხადა ძიგუამ.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტების შესახებ უკრაინაში მცხოვრებმა ქართველებმა ადგილობრივ პროკურატურებსაც მიმართეს და საგანგებო პრესკონფერენციაც გამართეს, თუმცა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ძიგუა დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს.
