ნაგვიანები პასუხი რუსულ ”08.08.08”-ს [Video]
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გაჟღერებული ფაქტების სანდოობა თვიდანვე დიდ და საფუძვლიან ეჭვს იწვევდა, ფაქტი ის გახლდათ, რომ რუსეთი საინფორმაციო ომისათვის საქართველოზე უკეთ მომზადებული და პირველი პროპაგანდისტული ფილმი სწორედ მათ გადაიღეს.
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია ”ალანიამ” გადაიღო, უფრო სწორად კი - დაამონტაჟა, საკმაოდ საინტერესო დოკუმენტური ფილმი ”ქართული აგვისტოს ქრონიკები” რომელიც რუსული ”08.08.08”-ზე ერთგვარი საპასუხო ნაბიჯია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფილმის ფაქტობრივი მხარე რუსულ ფილმზე კარგად არის დაცული.
გარდა ამისა, ზუსტად არის გადმოცემული, ომის ქრონოლოგია. ფილმს მთავარ ლაიტმოტივად გასდევს ის საკითხი, რომ რუსეთი ამ ომისათვის კარგა ხნის წინ ემზადებოდა.
ფილმში დეტალურად არის აღწერილი კონკრეტულად როდის და სად განხორცილდა სამხედრო მოქმედებები. შეიძლება ითქვას, რომ ფილმის ავტორებმა გარკვეულწილად გააქარწყლეს რუსული პროპაგანდის მიერ მსოფლიოსათვის თავსმოხვეული ”დაბომბილი მძინარე ცხინვალის” ლეგენდა.
უცნაური და საწყენი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, საქართველო ამჯერადაც ძალიან ჩამორჩა მოვლენებს და ”ქართული აგვისტოს ქრონიკები” ომიდან მხოლოდ და მხოლოდ 5 თვის თავზე გადაიღეს.
ანუ, რუსული პროპაგანდისტული მანქანის ქართული პასუხი გადაიღეს მაშინ, როდესაც რუსეთს საინფორმაციო ომში უკვე მილიონები ჰქონდა დახარჯული და მსოფლიო საზოგადოების ერთი ნაწილი დაარწმუნა კიდეც, რომ ომის ინიციატორები ქართველები იყვნენ.
ფაქტია, რომ ეს ფილმი რუსეთისადმი საკმაოდ ნაგვიანები პასუხია და ეფექტიც შესაძლებელია ნაკლები ჰქონდეს. გარდა ამისა, აღასანიშნავია ისიც, რომ ფილმი მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ენაზეა გაკეთებული, მაშინ როდესაც, რუსებმა ამ ”ენობრივი ბარიერის” დასაძლევად ადრევე იზრუნეს და ”08.08.08” თავიდანვე რამდენიმე ენაზე გააკეთეს, მათ შორის ინგლისურადაც.
სასურველი იქნებოდა, თუკი ტელეკომპანია ”ალანია” და აღნიშნული ფილმის ავტორები შემდგომში მაინც გამოასწორებენ ამ არცთუ უმნიშვნელო ”დაუდევრობას” და ”ქართული აგვისტოს ქრონიკის” ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ვერსიებსაც მოამზადებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ძალიან გვიან მომზადდა და სავარაუდო ეფექტიც ალბათ მცირე ექნება, ჯერ კიდევ არის იმის საშუალება, რომ ლაფსუსები აღმოიფხვრას. ”ქართული აგვისტოს ქრონიკები” ინტერნეტში სულ ახლახანს გამოჩნდა და პრესა.გე, მომხმარებლებს ფილმის სრულ ვერსიას სთავაზობს.
