არუხლო - დიდი აღმოჩენა საქართველოში
2014 წელს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, არუხლოს ნამოსახლარზე, ქართველმა და გერმანელმა არქეოლოგებმა ძვ.წ. VI ათასწლეულის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გამოავლინეს. აღმოჩენები მოწმობს, რომ აქ უკვე მაშინ განვითარებული იყო მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ხელოსნობა.
ძვ.წ. მე-60 საუკუნეში საქართველოში უკვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა. საქართველოს ეროვნული მუზეუმის და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების გაერთიანებულმა საერთაშორისო ექსპედიციამ 2014 წელს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, არუხლოს ნამოსახლარზე ძვ.წ. მე-6 ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები გამოავლინა. ნამოსახლარის შესწავლა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. შემდგომ შეჩერდა და 21-ე საუკუნეში კვლავ განახლდა მახლობელ აღმოსავლეთში აღმოჩენილი ძალიან საინტერესო უძველესი კულტურის არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენის შემდგომ, კვლევა კი 2014 წელს არუხლოს 8000 წლის წინანდელი დასახლების აღმოჩენით დაგვირგვინდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია უცნაური ფორმის არხები ნასახლარზე, რომელთა დანიშნულებაც მათი მდებარეობის გამო, სპეციალისტებისთვის ამ ეტაპზე უცნობი რჩება, თუმცა ვარაუდობენ, რომ 4 მეტრის სიღრმის არხს შესაძლოა სარიტუალო დანიშნულება ჰქონოდა. ეს არხი საკმაოდ გრძელია და ვიწროვდება ბოლოში. საინტერესოა ის, რომ სწორედ მაგ ვიწრობიდან არის დაახლოებით რქის 60 იარაღი აღმოჩენილი. ექსპედიციამ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ნასახლარზე მიაკვლია ქვის, ძვლის და რქის სამეურნეო და სამუშაო იარაღებს, რაც ადასტურებს, რომ ამ პერიოდში აქ უკვე განვითარებული იყო მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა.
არუხლოს მსგავსი დასახლებების უმრავლესობა გორებზე იგებოდა. ასეთ სოფლებში საშუალოდ 500 კაცამდე ცხოვრობდა. როდესაც მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად იმატებდა, მაშინ ზოგიერთი ახალი ოჯახი სხვაგან სახლდებოდა და ეს უწყობდა ხელს ახალი სოფლების გაჩენას. სახლები ამ დასახლებებში იგებოდა გამოუწვავი ალიზისგან, ხოლო თავად სახლების ზომები არც ისე დიდი იყო.
"საქართველო არის ძალიან მდიდარი არქეოლოგიური აღმოჩენებით და არუხლო კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ეპოქის ნაშთები." აცხადებს დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.
"სამუშაოების შედეგად სულ სხვანაირი სურათი მივიღეთ, სამიწათმოქმედო კულტურაზე გადასხვა პირველად აღმოსავლეთ ანატოლიაში მოხდა (დღევანდელი ლაზეთი, ტაო-კლარჯეთი, ქურთისტანი), არუხლოს ნამოსახლარი კი სწორედ ამ პროცესის დასრულებას წარმოადგენდა". განაცხადა სვენდ ჰასდენმა. გერმანიის არქეოლოგიის მუზეუმის ევრაზიის განყოფილების დირექტორი. არქეოლოგთა მიზანი კავკასიის ნეოლითური ისტორიის ქრონოლოგიური განვითარების რაც შეიძლება ზუსტი ისტორიის გაცოცხლებაა.
ფოტოგალერეა
კრებული „საქართველო“ · კატეგორია რედაქციული დაჯგუფებაა.






