პოეტი ხვალინდელ დღეზე უნდა ფიქრობდეს
ამ ადამიანის პოეზია სავსეა ნათელი მომავლის რწმენით. საკვირველია ლექსების თემატური მრავალფეროვნება, მუსიკალურობა და ორიგინალობა. პოეტური შედარებების დახვეწილობა და ადამიანური განცდების გადმოცემის სიღრმე დამახასიათებელია დავით გაბუნიას შემოქმედებისთვის. ლექსების წერა მან ბავშვობაში დაიწყო და მას შემდეგ კალამი ხელიდან არ გაუშვია. ათი წიგნის ავტორი სავსეა ენერგიით და გამოსაცემად ამზადებს ოთხ კრებულს (რომლებშიც შევა ადრეულ ასაკში დაწერილი ლექსები), მემუარებს. ცალკე ტომი დაეთმობა სონეტებს. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი დავით გაბუნია პოეზიაზე და პოეტის დანიშნულებაზე ესაუბრა ლაზარე-ინფო-ს კორესპონდენტს ლონდა კვარაცხელიას..
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები; დავით გაბუნია დაიბადა ს. ბანძაში (მარტვილის რაიონი) 1931წ. 17 მაისს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1992 წ-მდე. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. სოხუმში გამოცემულია ისეთი კრებულები როგორებიცაა; ~იალქანი ქარში~, ~მთვარის ხეივანი~, ~ლურჯი მდინარე~ და სხვა. საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ პოეტს ცხოვრება მოუწია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, თბილისი). ამჟამად ბატონი დავიდ გაბუნია ცხოვრობს მოსკოვში. 2000-2001წწ. გამოცემული იყო ლექსების კრებულები; ~ზარები ნიჟარებში~ და ~ფოთოლცვენის ლანდები~.
- მოგვიყევით იმ ახალგაზრდულ მწერალთა წრეზე, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით...
- 1957წ. გავეცანი ახალგაზრდა პოეტებს; გენო კალანდიას, მურმან ხურცილავას, ბორის მეტრეველს, ოთარ მიქაძეს, ავთანდილ ხარეიშვილის, ჯანო ჯანელიძეს, ამირან მიქაუტაძეს. შევთანხმდით, რომ შეგვექმნა მწერალთა ახალგაზრდული წრე. შრულიად მოკლე ხანებში აღნიშნულმა წრემ, რომელშიაც გაერთაინებული ვიყავით ზემოდ აღნიშნული ამხანაგები, აქტიურად დაიწყო მუშაობა. წრის ხელმძღვანელად ამირჩიეს მე. თვეში ორჯერ ვიკრიბებოდით მწერალთა კავშირის კლუბში, მ შეხვედრებზე გვიხდებოდა, როგორც წრის წევრთა შემოქმედების, ასევე ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნრბული მოწინავე ქართველი პოეტების ლექსების კითხვა-განხილვა. მოგვიანებით სამუშაოდ გადავედით აფხაზეთის პროფკავშირების სასახლეში, ამ დაწესებულების ხელმძღვანელთა მოწვევით. ყურედღებით გვეპყრობოდნენ და ზედმიწევნით სათანადო პირობებს გვიქმნიდნენ შემოქმედებითი მუშაობისათვის. საჯაროდ ვაწყობდით გამოჩენილი ქართველი პოეტების შემოქმედებით საღამოებს. ჩავატარეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მომუშავე ახალგაზრდა მწერლების შეკრება. მოვაწყვეთ შეხვედრები ცნობილ ქართველ მწერლებთან: ი. ლისაშვილთან, მ. გვასალიასთან, გამოჩენილ პოეტ ი. ნონეშვილთან. საღამოები ტარდებოდა ძალზე საინტერესოდ, ამიტომ დასწრება ყოველთვის მრავალრიცხოვანი იყო. აღნიშნულმა წრემ უაღრესად ნაყოფიერად იმუშავა რვა წლის მანძილზე. მან დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდა შემოქმედთა პოეტური კულტურის ამაღლებისა და ახალგაზრდა თაობის ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში. აღნიშნული წრე დაიშალა. დაშლის მიზეზი გახდა ის არახელსაყრელი გარემო პირობები, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა ჩვენს გარშემო და ენერგიულად ბოჭავდა თავისუფალ შემოქმედებით აზროვნებას.
- წრის დაშლას ალბათ მწვავედ განიცდიდით...
- რა თქმა უნდა გვწყინდა დიდი რუდუნებით შექმნილი ჩვენი ~პოეტური ოჯახის~ დაშლა. მაგრამ უთუოდ გვამხნევებდა ის ფაქტი, რომ ამ მუშაობას უკვალოდ, უნაყოფოდ არ ჩაუვლია. უმოკლეს დროში აღნიშნული წრის წევრების უმეტესობა მიიღეს საქართველოს მწერალთა კავშირის რიგებში. ხოლო ჩემი მიღება კავშირის წევრად გაჭიანურდა, რაც გამოწვეული იყო მწერალთა ორგანიზაციის ზოგიერთი ხელმძღვანელი მუშაკის ჩემდამი არაჯანსაღი დამოკიდებულებით. 2002 წ. საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ქართულმა ორგანიზაციამ თბილისში (თავმჯ. გ. კალანდია), მოაწყო ჩემი შემოქმედებითი საღამო, მოსკოვში ლექსების ორტომეულის გამოცემასთან დაკავშირებით. ვრცელი შესავალი სიტყვით გამოვიდა გ. კალანდია, ხოლო მოხსენება გააკეთა აფხაზეთის განათლების მინისტრმა, პოეტმა ჯ. ჯანელიძემ. საღამო ორგანიზებულად, მაღალ დონეზე ჩატარდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია დევნილობის პერიოდში ჩემი ყოფნა ქუთაისსა და ბათუმში. 1992 წ. გაზეთ ~ქუთაისში~ გამოქვეყნდა ჩემი რამდენიმე ლექსი. 1993 წ. გადასვლა მომიხდა ქ. ბათუმში. აჭარის მწერალთა ორგანიზაციამ (თავჯ. შ. ზოიძე, ჯ. ჯაყელი), ძალზე გულთბილი მიღება მოგვიწყო აფხაზეთიდან დევნილ პოეტებს: ა. ჯინჯოლიას, ვ. ბულისკერიას და მე. ხშირად იბეჭდებოდა ჩემი ლექსები აქაურ პრესაში. მიმიწვიეს რადიო-რედაქციაში. ჩაიწერეს ლექსები რომელიც რამდენჯერმე გადაიცა ეთერში. გავეცანი პოეტებს: ა. ხაბაზს, ჟ. ხაჯიშვილს, ზ. ფირცხალაიშვილს. დ. გიგინეიშვილს, რ. ჩხარტიშვილს და სხვა. სისტემატურად გვიწვევდნენ მწერალთა ორგანიზაციის სხდომებზე. ტარდებოდა დიდად საინტერესო ღონისძიებები. დაუვიწყარია ის პოეტური საღამოები რომელიც ჩაატარეს პოეტებმა: ქალბატონმა ჟ. ხაჯიშვილმა და ბატონმა ზ. ფირცხალაიშვილმა ოჯახში.
- თქვენ მდიდარი შემოქმედება გაქვთ. საქართველოში გამოცემულია 8 კრებული, მოსკოვში - 2. როდის დაიწყეთ წერა?
- ჩემი ძმა - გიორგი გაბუნია ქართული კლასიკური მწერლობის კარგი მცოდნე იყო, თვითონაც წერდა საინტერესო ლექსებს. ის ხშირად მიკითხავდა შედევრებს ქართული პოეზიიდან. რამაც გააღვიძა ჩემში პოეზიისადმი დიდი სიყვარული. ლექსების წერა დავიწყე 10-12 წლის ასაკში. ჩემი სოფლის (ს. ბანძა, მარტვილის რაიონი) ბიჭებმა დღესაც ზეპირად იციან ის სალაღობო ლექსები, რომელსაც ვწერდი მეგობრების გასაქილიკებად.
- თქვენ პირადად თუ გაქვთ ეს ლექსები შენახული?
- Bბავშობაში დაწერილი ლექსების უმეტესობა დამეკარგა. ხოლო მცირე ნაწილი, რომლის გამოქვეყნება საჭიროდ მივიჩნიე, შევიტანე ჩემი ლექსების ოთხტომეულში, რომელიც უკვე გამზადებული მაქვს გამოსაცემად.
- რომელ წელს იქნა გამოცემული თქვენი პირველი კრებული?
- ჩემი პირველი კრებული ~იალქანი ქარში~ გამოიცა 1969წ. მანამდე ჩემი ლექსები იბეჭდებოდა ადგილობრივ ჯურნალ-გაზეთებში, მაგრამ ძალზედ ძუნწად. ღამდენიმეჯერ ჩამიგდეს გამოსაცემი წიგნი ~უჩინმაჩინის ქუდიანმა~ რეცენზენტებმა. Bბრალად მდებდნენ იმას, რომ თითქოსდა მე სუსტად ვიცნობდი თანამედროვე - სოციალისტური ცხოვრების წესებს და ამიტომ თემად ვერ გავიხადე ის.
- ე.ი. შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ არცერთი სტრიქონი შეკვეთით არ დაგიწერიათ
- მე, რაც მაწუხებდა და რასაც მძაფრად განვიცდიდ, მხოლოდ იმაზე ვწერდი. დაკვეთით, ვინმეს საამებლად არცერთი სტრიქონი არ დამიწერია, რითაც კიდევაც ვამაყობ დღემდე, როგორც პოეტი.
- თქვენი პოზია სავსეა სითბოთი და მომავლის რწმენით. ოპტიმისტი ბრძანდებით?
- თუ პოეტი თავისი ერის მომავალს ვერ ხედავს, თუ მას რწმენა დაკარგული აქვს ხვალინდელ დღეზე, მაშინ სჯობს კალამს მოეშვას. შემოქმედი ვალდებულია საკუთარი ხალხის ცხოვრებით იცხოვროს. დიდი ქართველი პოეტი ნ. ბარათაშვილი წერს: ~არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს~. ქართველი ერის მამა და სულიერი მოძღვარი დიდი ილია ჭავჭავაძე ამბობს: ~ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს..., ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს~.
- თქვენზე, დამწყებ პოეტზე ვინ მოახდინა გავლენა?
- ჩემზე, როგორც დამწყებ პოეტზე, პირველ ხანებში გავლენა მოახდინა ბესარიონ გაბაშვილმა (ბესიკმა). მეც ხშირად მიხდებოდა შეყვარებულ ყმაწვილს ~სევდის ბაღში~ ხეტიალი~. მოგვიანებით გავლენა მოახდინეს: ნ. ბარათაშვილმა, გ. ტაბიძემ და ს. ჩიქოვანმა. მიმაჩნია, რომ გამუდმებულ;ი ძიების შედეგად, მიზანს მივაღწიე, ქართულ მწერლობაში ჩემი კუთხე მოვნახე. სხვისი სარკმლიდან არ ვუმზერ ქვეყნიერებასა და ცხოვრების მარადიულ დინებას.
- როგორ აისახა აფხაზეთის კონფლიქტი თქვენს შემოქმედებაში?
- ქართველების და აფხაზების ცხოვრებაში - ეს კონფლიქტი არის უდიდესი ისტორიული ტრაგედია. ამ ტრაგიკულ დღეებს მივუძღვენი ლექსების ციკლი. ამჟამად დიდი სულიერი ძალისხმევაა საჭირო წონასწორობის აღსადგენად.
- რამდენად რთულია პოეტისათვის სამშობლოსაგან შორს ცხოვრება?
- სამშობლოს გარეთ ცხოვრება, არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ჭეშმარიტი შემოქმედის უდიდესი ტრაგედიაა! ხშირად წამოვიძახებ ხოლმე: რა მინდა მე აქ?! მე ჩემს სამშობლოში ქვეყანაში უნდა ვიყო, რომ ბოლომდე გავიზიარო ჩემი ხალხის ჭირ-ვარამი!
- არის თუ არა მომენტი, როდესაც გიჭირთ აზრის ფურცელზე გადმოტანა?
- ბუნებაში განმარტოვება მიყვარს. ხშირად ხდება - შეხედავ რაღაცას და იბადება პოეტური სტრიქონები. მაშინათვე ვბრუნდები სახლში და ლექსზე ვიწყებ მუშაობას. მიგნებულ თემას, რაც უნდა რთული იყოს ის, გვერდს არ ვუვლი. ყოველმხრივ ვცდილობ ბოლომდე მის დაძლევას.
- მომავალში აპირებთ ლექსებისა და სონეტების 4 კრებულის გამოცემას, მუშაობთ მემუარებზე, ესპანურიდან თარგმნით გარსია ლორკას ლექსებს. წარსულს როცა გადახედავთ გსურთ თუ არა რამეს შეცვლა?
- მე ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე ფიზიკის განხრით. თავიდან ჩემი მოწოდება იყო ფილოსოფიური ფაკულტეტის დამთავრება, მაგრამ, როდესაც ამ ფაკილტეტზე მოვეწყვე საგანი ძალზე მომეწონა. ცხადია, ფიზიკა ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სრულებითაც არ ვნანობ ჩემს არჩევანს. ამ დარგზე სწავლისას როგორც სტუდენტს მქონდა გარკვეული წარმატება. მონაწილეობას ვღებულობდი საქართველოს მასშტაბით სტუდენთტა სამეცნიერო მუშაობაში. რამდენიმეჯერ მიმიწვიეს ფიზიკის კათედრაზე სამუშაოდ, მაგრამ ამაზე სხვადასხვა მიზეზების გამო შეგნეწბულად უარი ვთქვი. გამოსაცემად მომზადებული მაქვს ლექსებისა და პოემების ოთხტომეული. პარალელურად მეუღლესთან ერთად (დოდო ნარმანია) ვმუშაობ დიდი ესპანელი პოეტის - ფედერიკო გარსია ლორკას ლექსების თარგმანებზე. დღემდე თარგმნილი გვაქვს გარსია ლორკას ასამდე ლირიკული შედევრი. ამ თარგმანების ნაწილი გამოვაქვეყნეთ ალმანახ ~ემიგრანტსა~ და ჟურნალ ~რიწაში~. ვაპირებთ აღნიშნული თარგმანების ცალკე წიგნად გამოცემას. ამავე დროს ვმუშაობ მემუარებზე, რომელიც გამოიცემა შემდეგი სათაურით; ~ჩემი ცხოვრების ოთხი დრო~. შევეცდები სრულყოფილად ავსახო ის მოვლენები, რომელსაც ვაკვირდებოდი ყმაწვილკაცობიდან დღემდე. მე გავიარე ჩემი ცხოვრების სამი მონაკვეთი (სამი ხიდი). მეოთხეზე მივდივარ! დროის ამ პერიოდში ბევრი რამ ვნახე და განვიცადე. ვნახოთ, რამდენად შევძლებ ამ მეტად რთული საუკუნის მოუსყიდველი შემოქმედის გონებით განსჯას!
- რა არის თქვენთვის პოეზია?
- პოეზიის გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია. გავბედავდი და უცვლელად გავიმეორებდი დიდი გალაქტიონის სტრიქონებს; ~ერთი ნერვიც არ არის ჩემში არა პოეტის…~, და ~პოეზია - უპირველეს ყოვლისა~.
ესაუბრა ლონდა კვარაცხელია
