|
ჭიქა ხელში ჰქონდა შერჩენილი ისე დაიკლო ძაბვამ და გაოგნებული კაცის წინ სანთელივით ჩაქრა ნათურა , ჯერ მათ ოთახში, მერე,ნახევარ სოფელში და მერე მეორე ნახევარში. უმთვარო ღამე იყო, გაუვალი, შავზე შავი კუნაპეტი ჩამოწვა ირგვლივ. ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი გადაიკარგა.... -აუუუუ, ისევ წავიდა,-აღმოხდა ყველას ერთდროულად. -არ ინერვიულოდ ,ჩემო კარგებო,..მაიკო,- გამომძახა მამაჩემმა თამადის ჩვეული ტონით,-სანთლები სუფრაზე! და ისევ სტუმრებს მიუბრუნდა და მრავალჟამიერი წამოიწყო... ისე მართლა როგორ უხდება სანთლები სუფრას... -სად ხარ მაიკო?-ჩამესმა მობილურში საშკას ხმა. -მცხეთაში, სტუმრები გვყავს,..რა იყო, მოხდა რამე?...რა ხმა გაქვს? -მეგონა თბილისში იყავი...კარგი, კარგი... -რა მოხდა აღარ იტყვი?! - დაჭრილია,.. ძალიან მძიმეა .., დღეს მერვე ოპერაციაა, დახოცილები ვართ. ვიცი გუშინდელი ნამორიგევები ხარ, მაგრამ მაინც დაგირეკე...მეგონა აქ იყავი და მოგვეხმარებოდი... -რა პრობლემაა?! ათ წუთში მანდ ვარ, დაიწყეთ და მეც მოვალ. -მაი... საშკას აღარ ვაცადე სიტყვის დამთავრება.დედაჩემი მოვძებნე სამზარეულოში,-მივდივარ მეთქი ,მივახალე და პიჯაკს დავუწყე ძებნა. -ამ უშუქობამ ხომ წაიღო ტვინი.. -სად მიდიხარ, რა მოხდა?-დამედევნა დედა. -ბიჭებს უჭირთ,-გავძახე და მანქანა დავქოქე. -ბიჭად უნდა გამჩენოდი,ბიჭად!შენ რომ იცი, ისე გიჟივით არ იარო,გთხოვ,-მომაძახა და სახლში შებრუნდა. გაზაფხულის ღამე იყო. თავბრუსდამხვევი სურნელი იდგა გარშემო.ფანჯარა ჩამოვწიე.გრილი ნიავი მესიამოვნა და უფრო მოვფხიზლდი.სიგარეტს მოვუკიდე. ვიგრძენი,როგორ ამივსო კვამლმა ფილტვები. -აბა, ჭკუა მაქვს ახლა მეე?! ამისთანა ჰაერია და მე რას ვაკვლევინებ თავს?!-ნეტა რა ხდება? გუშინაც უამრავი ოპერაცია იყო, საგიჟეთია პირდაპირ...ვერ მოინელა თბილისმა ომი...ნეტა როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ღმერთო, ამოვწყდებით ქართველები და ის იქნება.... -60/35-ზეა, წნევა ეცემა,-საოპერაციოს კარებში ჩამესმა ანესთეზიოლოგის ხმა. -მაი, გენაცვალე, ძმა ხარ...სისხლდენაა, ქსოვილები გაჟღენთილია სისხლით და ვერაფერს ვპოულობთ,-მომაძახა საშკამ და მარლის ახალი ტამპონი გამოსტაცა ექთანს. ხუთ წუთში უკვე ინსტრუმენტი მეჭირა და კისრის ქსოვილებს ვათავისუფლებდი. -რა მოხდა? ვინ არის იცით? -არ ვიცი, ახალგაზრდა კაცია.. -ლალი ,ზაჟიმი ,ჩქარა , მგონი ვიპოვნე,-ვიყვირე ისეთი ხმით საშკა შეხტა,-აზრზე ხარ ,ზუსტად საძილე არტერიის ბიფურკაციის ადგილზეა სისხლდენა, არ გინდა გაარტყა?!... - საშკა, მიჭირავს,მიდი კერე... -მაი, მაგარი ხარ.. -მიდი, მიდი, მაგარი კი არა ცოტა დასვენებული ვარ, თქვე საწყლებო, დახოცილები ხართ,ან კი საერთოდ იყურებით თვალებიდან? -ვკარგავთ,...45/20...ვკარგავთ... -ძალიან ბევრი სისხლი აქვს დაკარგული... -იცით,რომელი ჯგუფი აქვს? -პირველი დადებითი, მაგრამ სისხლი არ არის,-ჩაიბურტყუნა საშკამ. -სისხლი გვჭირდება, დაუძახეთ პატრონებს, სასწრაფოდ იშოვნონ,-ვუთხარი სანიტარს, რომელიც ისტერიულად ისრესდა ხელებს. -მაია ექიმო, არავინ არ ახლავს ამ საცოდავს, თავის მანქანაში დაუჭრიათ და თვითონვე მოვიდა... -მანქანით?! -ჰო, ისეთი კარგი ბიჭია,არაფრით \"უტკა\"არ დამადგმევინა, მცხვენია,თქვენი ვერ მოვშარდავო, გაგონილა ასეთი ადამიანის მოკვლა?... -ქეთო, მორჩი წუწუნს-გამწარდა საშკა,-მეოთხეზე ჩადი, იქნებ ფირცხელამ იშოვნოს სისხლი... -ვკარგავთ...წნევას ვეღარ ვზომავ... -მე მაქვს პირველი დადებითი, ჰეპატიტი კი მაქვს გადატანილი, მაგრამ რა ვქნა, ახლა ამის სიცოცხლე ჰეპატიტზე მნიშვნელოვანია..გააქვს ყველაფერი სისხლი რომ ამიღო?-მივუბრუნდი ანესთეზიოლოგს, -მოიცადე, იქნებ ფირცხალამ იშოვოს სადმე.. -ამის დრო აღარ არის, მიდი ლიკა. -რამდენი აგიღო,0,5 ლიტრა? -თუ გინდა 700მლ მე არაფერი მომივა, გავუძლებ... ხელთათმანები და ხალათი გავიხადე და მაჯა გავითავისუფლე...შავი სისხლი ბლანტად ჩაუყვა სადინარს...კონტეინერი ივსებოდა, მე ვგრძნობდი,როგორ ვიცლებოდი, როგორ თავისუფლდებოდა ჩემი სისხლძარღვები, საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, რომელსაც სისუსტე მოჰყვა... -მაიკო, როგორ წნევას ატარებ?-მკითხა ლიკამ, რომელიც გაოცებული მისჩერებოდა ჩემს მეორე მკლავზე დამაგრებულ წნევის აპარატს. -90/60 -რაა? გიპოტონიკი ხარ? მე კიდევ 600მლ უკვე აგიღე, მოხსენი-მიუბრუნდა ექთანს. -არა, მოიცადე, შეიძლება ეს 100მლ ის 100 მლ-ია რომელმაც ეგ უნდა გადაარჩინოს, ამიღე კიდე... -საშკა, უთხარი, -მიუბრუნდა ლიკა საშკას, რომელიც გამწარებული კერავდა და თან გიოს რაღაცაზე ეჯუჯღუნებოდა.- -აუღე რამდენსაც გეუბნება, ხომ იცი გიჟია და მაინც აგაღებინებს,აუღე... ...ვეღარ ავდექი, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და აღარ მინდოდა ჩემი ცუდად გახდომით ისედაც დაძაბული სიტუაცია უფრო დამეძაბა. -კოფეინი გამიკეთე რა, ვითხარი ლიკას და თვალები დავხუჭე. -ხომ გეუბნებოდი, ახლა რომელ ერთს მოგიაროთ? -მიდი, მიდი, გამიკეთე... -ვაიმე შუქი-ერთდროულად აღმოხდა სუყველას.-ქეთო, მიდი ფანრები მოიტანე, დატენილი იქნება. -წარმოგიდგენია, ამ საწყალს არც ამაში აქვს ბედი.. წაიკვნესა ქეთომ. -გეყოფა, მიდი,-დაუყვირა საშკამ და მე მომიბრუნდა,-როგორ ხარ? -მაგრად, ახლავე მოვდივარ...აუუუ, რა მწარეა, ეს კოფეინია თუ შხამი? -დამშვიდდი,იწექი, უშენოდაც დავამთავრებთ.და მერე კონიაკსაც ჩაგარტყმევინებთ, მაგარი კარგი კონიაკი მოგვიტანეს. -საკაცეზე წოლა რა კარგია საოპერაციოში არა?არ იცი საით გაგაქანებენ:საოპერაციო მაგიდისკენ,რეანიმაციისკენ, პალატისკენ თუ მორგისკენ.... -კიდე ხუმრობის ხასიათზე ხარ, ამდენი სისხლი გამოგწურეთ? წნევა როგორია, -იკითხა საშკამ. -ვისას კითხულობ, მაიასას თუ პაციენტისას, ისე დიდად არ განსხვავდება, მაიას65/40, პაციენტს65/40 მაგარია არა? -გადასარევად ვარ,მოვდივარ,-ვთქვი და საკაცედან ჩამოვხტი,- აი, ხომ ხედავთ...მინდოდა მეთქვა-რა მაგარი ვარ მეთქი, მაგრამ უცებ სული შემეხუთა,ყურები ჯერ დამიგუბდა, მერე წივილი დაიწყო, ცივმა ოფლმა დამასხა და...სადღაც გავქანდი...ენით გამოუთქმელი სიმსუბუქე ვიგრძენი,სხეულს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ვგრძნობდი რაღაცას....ეს არ ვიცი რა იყო.., ეს იყო სიამოვნება...ჰო, სიამოვნება და კიდევ რაღაც სხვა,რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა, ეს იყო რაღაც...ნეტარებაზე დიდი და ძლიერი...ალბათ სულის თავისუფლება..ალბათ ამ წუთში თუ წამში ჩემი სული სხეულს მოსცილდა და გალაღდა... საშინელი სიმძიმე ვიგრძენი, ყველაფერი მტკიოდა, ლოყა საშინლად მეწვოდა,თვალებს ვერ ვახელდი, რაღაც წებოვანი მიმძიმებდა ქუთუთოს.-მაიკო, მაი,-ჩამესმა საშკას ხმა. ცალი თვალი როგორც იქნა გავახილე... -ცოცხალი ხარ? -გამეღიმა. -რა მჭირს?-ამოვიბლუკუნე და ისევ დავხუჭე თვალი. -დაუჯერებელი და გიჟი რომ ხარ ის გჭირს,-დამიბღვირა საშკამ-დააწვინეთ საკაცეზე და ამას რომ მოვრჩები მაგას გავკერავ... -ვის გაკერავ?-ამოვილუღლუღე და თვალი გავახილე. -ვის და შენ, რომ დაეცი საკაცეს ჩამოარტყი საფეთქელი და გვეგონა აღარ იყავი,..მე თუ კიდევ გაგიჟება მინდოდა დღეს... -ბოდიში, საშ, არ მინდოდა-გულით შემეცოდა საშკა და ჩემი თავიც და ცრემლები წამომივიდა.. -რა გატირებს, სულელო?-საფენი დამადო გიომ და ჩამეხუტა,-ისე კი შეგვაშინე... -დიდი ხანია ასე ვარ? -15-20 წუთი,მომაძახა ლიკამ, რომელიც ჩემს და პაციენტს შორის გაქაფული დარბოდა. -ეგ როგორ არის? -მაგრად, გადავრჩით...10 წუთი დამრჩა აქ და შენც მოგხედავ.-სიყვარულით შემომხედა საშკამ და თვალი ჩამიკრა. ძილი მომერია..სადღაც ბუნდოვნად მესმოდა საშკას და გიოს ხმები. ისე გამკერეს არაფერი გამიგია,ტკივილის შეგრძნება დავკარგე. -დამაძინეთ, რა,-ვთხოვე და მოვიკუნტე. -დოქტორ, ვას კუდა ოტვესწი? ვ რეანიმაციუ, ვ პალატუ ილი...აღარ დაამთავრა საშკამ. -კუდა ხოტიტე, ტოლკო ნე ვ მორგ.....
-
|