|
თავი მეოთხე რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ. რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანაინატრი/ მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა ;მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიხმარე და იცოცხლებო. შეიძინე სიბრძნე ,შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო. არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო. მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო. დააფასე იგი და აგამაღლებს:პატივს შეგმატებს,თუ გულში ჩაიკრავო. ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო. ისმინე შვილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები. სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის,სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ. გაივლი ნაბიჯი არ დაგიმოკლდება: გაიქცევი არ წაიფორხილებ. ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ;დამარხე იგი, რადგან ის არის შენი სიცოცხლე. ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე. რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი უფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე. რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოს სვამენ. მართალთა გზა დილის ნათელივითაა:უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე. ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ. შვილო , შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი. არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე. რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯამრთელობა. შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო. განიგდე ბაგიდან უკუღმართობა, ცბიერი სიტყვები მოიშორე. პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ. გამართე ნაბიჯები და მთკიცე იქნება შEნი სავალი. ნურც მარჯვნივ გადაუხვევ, ნურც მარცხნივ; ბოროტებას ფეხი მოარიდე
თავი მეხუთე
ჩემო შვილო , ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური, რათა შეინარჩუნო განსჯა და ცოდნა დაიმარხოს შენმა მაგეებმა. რადგან თაფლი სდის უცხო ქალის ბაგეებს და ზეთივით გასლექილია მისი სასა. ბოლოს კი აბზინდასავით გამწარდება,ორლესული მახვილივით გაფხავდება; მისი ფეხები სიკვდილისკენ ჩადის, შავეთში იდგმება მისი ნაბიჯები.. ვერ აგნებს სიცოცხლის გზას, არეული აქვს გზა-კვალი, არ იცის სად მიდის. ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს: შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს, რომ სხვებს არ მისცე შენი ღირსება და შენი წლები _ დაუნდობელს, რომ არ გაძღნენ უცხონი შენი დოვლათით და შენი ჭირნახული _ მტრის სახლში. ივიშვიშებ ბოლო ჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი. იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება! არ ვუსმენდი მოძღვრის ხმას და მასწავლებელს ყურს არ ვუგდებდიო. რა ბოროტება არ ჩამიდენიაო ხალხში და კრებულშიო! სვი წყალი შენი აუზიდან და ანკარა შენი ჭიდან, გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე _ წყლის ნაკადები. მხოლოდ შენი იყოს და უცხოები არ დაგეზიარონ, კურთხეულ იყოს შენი წყარო და იხარებდე შენი სიყმაწვილის ცოლთან. მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით; რატომ გაბრუებს, შვილო სხვა ქალი და გულში რატომ ეხუტები უცხო ქალს? რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები და მის ყოველ ნაბიჯს აკვირდება. საკუთარი ავკაცობა დაიჭერს ბოროტეულს და თავისი ცოდვის საკვრელებით შეიბოჭება ის მოკვდება შეუგნებელი და თავისი უზომო სიბრიყვით დაიკარგება.
|