ახლა ღამეა,.. და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...მე ჩემთვის ვზივარ მარტო, მოწყენით , და ჩემს წინ გადაშლილ წერილებს ვუმზერ..
ჩემი მოხუცი, ჩემი ტკბილი და თბილი მოხუცი როგორ მომნატრებია, როგორ მომნატრებია ჩემი სოფლის ოდა სახლი, ბაბუაჩემის ღიმილიანი მზერა მინდორში მოთამაშე ბადიშებს რომ გვიმზერდა:-“ნელა ბაბუ, არ წეიქცე”, “თქვენი ჭირიმე ჩემო მერცხლებო” და მისი საბოლოო სიტყვები,-“ბაბუ, შენი ჭირიმე, არ ჩააქრო ბაბუ ეს კერია”-ო.
ამ წერილის კითხვისას თვალწინ წარმომიდგა ბებიაჩემი, დაობლებული მაგრამ ამაყი, ამაყი იმიტომ რომ ისევ შესწევს უნარი დიასახლისობის, იმის უნარი რომ ისევ მოიმკას მოსავალი, ისევ გაგვიმასპინძლდეს სოფელში ჩასულებს ფაციფუცით ათასნაირი ჩირით, ისევ იყივლოს ეზოში მამალმა და ისევ დაბრუნდეს მერცხლები თბილი ქვეყნებიდან ძველ ბუდეში…
“როგორ ხარ ბები, შემოგევლოს შენ ბებია, ხომ ჩამოხვალ ახალწელს?! Oორი თვე დარჩა როდის ჩაგეხუტებით. ღვინო როგორც მითხარი ისე გავაკეთე ბები, იმდენი მოისხა წელს შენმა დარგულმა კარალიოკმა, მეზობლებსაც მივუკითხე და ჭურშიც ჩავყარე, კაი ოდკა უნდა გავოვიდეს წესით. მე კარგად ვარ არ ინერვილოთ….”
ამ სიტყვებს მატყუებს ვიცი, წნევა აწუხებს და მიმალავს, არ უნდა შეგვაშინოს, რომ კითხო ჯანზეა.
როგორი მშობლიურია ეს ყველაფერი, სოფელი, ვაზი, ხეხილის ბაღები, ყველა მეზობლის ხილის გემო რომ იცი და ყველას დაწურული ღვინისაც, თითქოს ერთი ოჯახიდანაა ყველა და ერთი ჭერი ახურავთ თავზე.
აქ კი, ქალაქში თავბრუდამსხმელი, საათებზე აწყობილი ცხოვრება, მეზობლების მიხატული ღიმილი სახეზე, ერთ სადარბაზოში ქორწილიც და პანაშვიდიც, ერთმანეთის ჯიბრი ჯოგჯერ არაადამიანურობისკენ რომ გადაწონის კაცს ისეთი, ცხოვრების უსწრაფესი ტემპი და…
ვერ ჩავედი სოფელში…
“რა ქენი ბებია??? ვერ მოიცალე ხომ??? მოგიკვდით თქვენ. ბები, იქნება აღდგომისთვის ჩამოხვიდეთ, მე კარგად ვარ არ ინერვიულოთ…”…

ეს ნაწარმოები მომეწონა ყველაზე მეტად.