კახეთის რეგიონი
სიმღერა
სიმღერა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღემდე შემორჩენილი წარმართული ხანის სიმღერები ნათლად გვიჩვენებენ, რომ ქართველი ხალხი უძველესი დროიდანვე ქმნიდა სამუსიკო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს.
ხალხური სიმღერა ქართველი ხალხის უმდიდრესი საგანძურია, გამოირჩევა მრავალფეროვნებით, როგორც ჟანრული თვალსაზრისით, ასევე მუსიკალური წყობით.
საქართველოს ყველა კუთხე თავისთვის დამახასიათებელი ორიგინალური სიმღერით ხასიათდება. ქართული ხალხური სიმღერა სამხმიანია. გამოიკვეთილია სამხმიანობის 3 ტიპი: ბურდონული, კომპლექსური და პოლიფონიური. აღსანიშნავია გურულ და აჭარულ ფოლკლორში არსებული ოთხხმიანი სიმღერების ნიმუშები.
ბურდონული მრავალხმიანობა გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში და წარმოდგენილია ქართლ-კახური ფოლკლორში.
განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში კახეთში შეიქმნა და ჩამოყალიბდა უამრავი შესანიშნავი ხალხური სიმღერა, რომელთა მაღალმხატვრული მუსიკალური დონე დღესაც აოცებს მსმენელს. მათში აისახა კახელი კაცის მთელი ცხოვრება - შრომა, ლხინი, მწუხარება, სიყვარული, დარდი, სიმღერებში გადმოცემულია საქართველოს ისტორიული მოვლენები, ლაშქრობები; განსაკუთრებით აღსანიშნავია საეკლესიო გალობანი.
კახეთში ვხვდებით, როგორც ერთხმიან, ისე ორხმიან და სამხმიან სიმღერებს.
ერთხმიანი სიმღერები, იგივე ოროველები სრულდებოდა ერთი მომღერლის მიერ. ასეთებია "გუნდური", "კალოური", "ურმული". მათ ახასიათებდათ დინჯი, მინორული კილო, თავისუფალი მეტრი და რითმი, შესრულების იმპროვიზაციული მანერა, მელიზმები. ლირიკული ერთხმიანი სიმღერები ფანდურის თანხლებით სრულდება.
ორხმიანი სიმღერები დაკავშირებულია ძირითადად შრომის პრიოცესთან. ახასიათებს აქტიური ენერგიული რითმი, სრულდება ორგუნდოვნად - ეს არის შეჯიბრი შრომასა და სიმრერაში.
კახური სამხმიანი სიმღერა ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია, როგორც ჟანრულად, ასევე შესრულების მანერით. ეს არის ბურდონული პოლიფონიის უმაღლესი ნიმუში. აღსანიშნავია ლირიკული "გაფრინდი შავო მერცხალო", ისტორიული "გუშინ შვიდნი გურჯანელნი", შრომის "გლესავ და გლესავ ნამგალო", საფერხულო და სალაშქრო "შავლეგო", "მუმლი მუხასა".
კახური ხალხური სიმღერის მწვერვალს წარმოადგენს სუფრულები. რომლებიც მასშტაბურობით, ზეაწეული ხმოვანებით და საზეიმო ჟღერადობით გამოირჩევა.
სუფრული სიმღერებია -
*
"ჩაკრულო",
*
"გრძელი კახური მრავალჟამიერი",
*
"სუფრული",
*
"ზამთარი"
"ჩაკრულო" სუფრული სიმღერის ბრწყინვალე ნიმუშია. არსებობს "ჩაკრულოს" რამდენიმე (7) ვარიანტი, სადაც ტექსტი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. ტექსტუალური თვალსაზრისით "ჩაკრულო" ისტორიულ-საგმირო სიმღერებს განეკუთვნება. სწორედ ეს სიმღერა შეირჩა მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორიდან და დედამიწის სხვა მიღწევებთან ერთად გაფრინდა კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში.
ასეთივე უნიკალურია "გრძელი კახური მრავალჟამიერი", სადაც ტექსტიც და მუსიკაც შემოქმედების უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს:
"წუთისოფელი ასეა
დღეს ღამე უთენებია
რაც მტრობას დაუნგრევია
სიყვარულს უშენებია...
"კახური ალილო" ასრულებს ანსამბლი რუსთავი
http://www.youtube.com/watch?v=qefK3SUQ6Yo