|
დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანობა - ბურჯანაძე 16:50 | 23/ 11/ 2007
Print version
თბილისი, 23 ნოემბერი /"ახალი ამბები - საქართველო", მელსიდა აკოფიანი/. დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანობა, განაცხადა 23 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მმართველი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას.
"დღეს ჩვენი ქვეყანა უზარმაზარი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას. ჩვენ გზაგასაყარზე ვდგავართ - ქვეყანა ან საბოლოოდ დადგება ფეხზე და თავის მნიშვნელოვან პრობლემებს გადაწყვეტს, ისეთებს, როგორებიცაა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საზოგადოების, ხალხის კონსოლიდაცია, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ან ნამდვილად დადგება ურთულესი გამოცდის წინაშე. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ერთიანობა და კონსოლიდაცია სჭირდება. საქართველო ყოველთვის იყო ძლიერი, როცა ქვეყანა ერთიანი იყო. მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ტაქტიკისა - არის მთავარი ამოცანა, რომელსაც სტაბილურობა, ქვეყნის ერთიანობა ეწოდება. და არც ერთ ჩვენთაგანს ამ დარბაზში, მის ფარგლებს გარეთ, პოლიტიკური კუთვნილების ან სიმპათიისგან დამოუკიდებლად, უფლება არა აქვს, ამ პასუხიმგებლობას გაექცეს", - განაცხადა ქართული პარლამენტის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის "გიორგობა" ჩვეულებრივი დღე ან მორიგი დღესასწაული არ არის, მან რწმენა გამოთქვა, რომ ყოველი მომდევნო გიორგობა უფრო წარმატებული, უფრო მშვიდი და ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო იქნება.
"ყოველი ჩვენთაგანი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა გაერთიანდეს, ყოველი ჩვენთაგანი პასუხისმგებელია იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ განვითარების იმ გზას დაადგეს, როცა ჩვენ საბოლოოდ ვიტყვით უარს რევოლუციაზე. ჩვენ ოთხი წლის წინ, სწორედ ამ დღეს გავიმარჯვეთ რევოლუციაში, რომელსაც "ვარდების რევოლუცია" ეწოდა. ჩვენ მაშინაც არ გვინდოდა რევოლუცია", - განაცხადა მან.
სპიკერის თქმით, ქვეყანას არც მაშინ სჭირდებოდა რევოლუცია, მაგრამ "მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ასეთი შესაძლებლობა არ მოგვცა, წაგვართვა რა დემოკრატიული არჩევნის ელემენტარული უფლება".
"ქართველ ხალხს წაართვეს უფლება ამოერჩია ის, ვისი ხილვაც მას ხელმძღვანელობაში სურდა. ეს საქართველოში აღარასდროს გამეორდება, იმიტომ, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნების, ევოლუციის და დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია და არა რევოლუციის, და მან ბოლომდე უნდა მისდიოს ამ არჩევანს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქართველი ხალხი არჩევანს ადრე გააკეთებს, ვიდრე ეს კანონითაა გათვალისწინებული. ეს სწორი არჩევანი იყო და მინდა ყოველი ადამიანი დავარწმუნო, ვინც დღეს ამ გამოსვლას უსმენს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის არჩევანს პატივისცემით მოექცნენ, რომ თითოეულმა ადამიანმა და მთელმა საქართველომ თვითონ გადაწყვიტოს, რომელი გზა სჭირდება მას, რომელი მიმართულებაა სწორი და ვის დაუჭიროს მხარი", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ის რეფორმები, რომლებიც ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩატარდა, ის სიძნელეები, პრობლემები და, რა თქმა უნდა, შეცდომები, რომლის გარეშეც არანაირი განვითარება არ არსებობს, ვერ შეძლებს იმის დაჩრდილვას, რაც ოთხი წლის წინ მოხდა.
"იმიტომ, რომ სწორედ ოთხი წლის წინ გაკეთებულმა არჩევანმა მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, განვითარების სწორი გზა აგვერჩია, აგვერჩია რეფორმების მტკივნეული, მაგრამ სწორი გზა, აგვერჩია დემოკრატიული ფასეულობების გზა, რომელიც არ არის მარტივი და უმტკივნეულო. ქვეყანა მტკივნეული რეფორმების გარეშე ფეხზე ვერ დადგება. ეს ყველას უნდა ესმოდეს. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რეფორმები ყოველი ადამიანისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს, და რომ თითოეულ ოჯახამდე მივიდეს ის წარმატებები, რომელიც ქვეყანას აქვს, და უახლოეს მომავალში, ეჭვგარეშეა, კიდევ მეტი იქნება. მთავარია, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ ჩვენ თითოეული მათგანისთვის ვმუშაობთ, რომ ჩვენი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობაა, იმისდა მიუხედავად, მოვწონვართ ამ ადამინებს, თუ არა. არის უფრო მაღალი ფასეულობა - ეს მთლიანი, გაერთიანებული, ძლიერი და დემოკრატიული საქართველოა", - განაცხადა პარლამენტის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, დგება მომენტი, როდესაც პოლიტიკოსმა, საკუთარი ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტმა თავისთვის მტკივნეული, მაგრამ ქვეყნისთვის სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.
"ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ასეთ არჩევანს და მე ყველას მოვუწოდებ, მთელ საქართველოს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, კრიტიკის მიუხედავად - ხანდახან სუბიექტური, ხანდახან კი ობიექტური - დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს დემოკრატიული, განვითარებული და გაერთიანებული. და მე მწამს, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ აფხაზეთიც, სამაჩაბლოც,და შევძლებთ, რომ ეს ქვეყანა ღირსეულ ქვეყნად გადავაქციოთ", - განაცხადა ბურჯანაძემ
|