|
დედას ჩემთვის რა იყო ეს საღამო... არავინ იცის, მე მივდიოდი, შორს რჩებოდა ყრმობის ბუნება, დედავ, გრიგალში გადაკარგულს წუხილით მიცდით და ჩემს სიცოცხლეს ლოცულობთ და ჩემს დაბრუნებას. როდესაც ვწევარ ცივ სანგარში და ბრძოლა დამღლის, მოდის თქვენი ხმა, როგორც კვნესა საკუთარ ძვლების და თქვენ რომ არა, თქვენი ლოცვა, მე, ჩვილი ბალღი, ამ სასტიკ გრიგალს ვერ გავუძლებდი. გახსოვთ თენება? მე გტოვებდით თქვენა და თბილისს, თქვენ არ სტიროდით; წვიმა სცრიდა, სციოდა ქუჩებს, ერთი თენება გულს ააგდებს, დაფარავს თრთოლვით და სხვა ათასი ვერც გაალხობს, ვერც დააყუჩებს, მთაწმინდის თავზე ინგრეოდა ნისლის ნინევი, ინგრევდა წუხილს, განშორებას, დარჩენის წადილს, შორს მიქანავდა ორთქმავალი, როგორც ირემი და მეც - ესოდენ ახლობელი მთაწმინდისათვის. თქვენ მაპატიეთ, თუ დავკარგე ბავშვის სიცილი, თუ ჩემს თვალებში საშინელი სხივი კიაფობს. ჰკითხეთ ქარს, ეგებ მან გიამბოთ ჩემი სიკვდილი და უცნაური დაბადება ჩემი გიამბოთ. მე გამარჯვება დამაბრუნებს თქვენთან, სწორებთან, მე გამარჯვება გადამიყვანს მთებზე, ქედებზე, ყოველი წვიმა თქვენს მდუმარე ცრემლს მაგონებდა, და ის ცრემლები გამარჯვების გზებს მიქეზებდნენ. მირზა გელოვანი
|