|
იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია
ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის, -
ადექი, ლუკა, მწვანე გვეწვია,
მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი!
არაგვმა უკვე ლახტი აიღო,
თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო,
და დაგიბარეს: - კაცო, რა იყო
ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო.
გაბრიელ ჯაბუშანური ***
თვითგვემა
ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ, რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! - თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს, მკლავი ძირში რომ გახმება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
დავას როგორ დაგიწყებენ, მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, - დედაენის დამვიწყებელს, ხვალ-ზეგ დედა გეტირება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
ვიცი, კვლავაც გააჩუქებ - სავენახეს, სამზეოს და სართველოს... არის კიდევ სხვა საუნჯე, ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
იქნებ გული აღარ გერჩის, ნაოხარო, ნატანჯო და ნათმენო, - რატომ გიკვირს, ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს, თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო, - ერთი დედის შვილები ვართ, ვაი, ხომ არ გავიწყდება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო, - ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
მორის ფოცხიშვილი
|