* * *
ეს მერე,როცა ფერს შეუცვლის ტუჩებს ღალატი
და დასასრული ფოთოლცვენას დაემგვანება,
ავეთქვიფები ჩამუქებულ ნისლებს ქალაქის
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება.
ეს მერე,როცა ვერ გაუძლებს გვემას სხეული,
როცა მზერასაც ლიბრისფერი გაეკარება,
მე გავიქცევი სიცოცხლისგან ასე ეული
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება.
ეს მერე,როცა გახუნდება ღილი კაბაზე
და მონატრება სულთან ერთად გამეპარება,
გადავინაცვლებ მარმარილოს მომცრო დაფაზე
და არასოდეს,აღარავინ არ მეყვარება...
* * *
ისევ წაწყმედა. ვერ მაოკებს თეთრი პერანგი
და ეხეთქება არემარეს მკერდის დინება.
ძარღვებს დაუვლის საბოლოოდ ვნება ვერაგი
და სხეულიდან ფეხაკრეფით განედინება.
აწვართულ მკლავებს მოედება კოცნა ზღვასავით,
გაითელება სიყვარულის ფეხქვეშ ბალახი,
ვირზე უკუღმა შემომსვამენ მარიტასავით
და ურცხვ სახეზე ამეკვრება ზიზღის ტალახი.
პირველ ქვის სროლას შემომაწევს თავად ცოდვილი,
სისხლიან ბაგეს წამოცდება შენი სახელი,
და როცა ზეცა დაიღლება ჩემი ლოდინით,
როცა სიკვდილი მიმითვისებს თვალებახელილს,
სულში დარჩება მონატრების ფერადი კვალი,
სველი სითეთრე შუაღამეს დაურბევს ფერებს,
წამოგიჩოქებ სარეცელთან ნაგვემი ქალი
და მაინც შენსკენ გამოვიწვდი დამსხვრეულ ხელებს.
მანანა ფრუიძე
