|
ვფიქრობ...ელვარება მიფითრდება, გარინდება მეახლება, უნდობლობა მეპარება, თვალში სევდა მისახლდება, ლამის სული მეხუთება...მაინც ვფიქრობ...
მეგობარს რომ დღეს მთელი დღე ღიმილი არ შორდებოდა, გულიანად იცინოდა, ბავშვობანას თამაშობდა, სულს კი ღელვა ასკდებოდა და საღამოს, ძილის წინ რომ ცრემლად გადაექცეოდა, მე იმ ცრემლზე ვფიქრობ...
მეგობარს რომ სევდიანი გამზერება ჩაეკირა, სული ძალზე დაეღალა, გული დარდით გაებზარა, სიყვარული მოენატრა, ქალად ყოფნა მოესურვა...მეგობარზე ვფიქრობ...
სიყვარულს რომ სურვილი სდევს, სურვილი კი არ ცხადდება, სიზმარი არ გამართლდება, სინანულიც მესტუმრება და ობლობა არ ამცდება...მე ჩემს თავზე ვფიქრობ...
კაცს რომ ცოდვა ეახლება, გონება კი ეურჩება, სული უცბად გააფრთდება, გული ისე აკვნესდება, ეშმა მაინც მომძლავრდება და სინათლეც დასუსტდება. ეს კაცი, რომ საბოლოოდ მაინც ცოდვას ემსხვერპლება...და ცოდვაზე ვფიქრობ...
შემოდგომით, ფოთოლი რომ გაყვითლდება, გაფრინდება, უცებ ისე აცივდება და ბუნება გაშიშვლდება...ისე უღვთოდ დაბერდება...დაზამთრდება...
ზაფხული რომ სულ ყოველთვის შემოდგომით დამთავრდება, ჩვენ ზამთარი არ აგვცდება, მერე სულაც დაბინდდება...
...და მეც ალბათ, დასასრულზე ვფიქრობ...
|