მეგობრებო! გთავაზობთ ერთ პატარა ფრაგმენტს ჩემი პირადი მიმოწერიდან ქალბატონ დორი აიდლერთან (დარეჯან ბასილაშვილთან), რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად (ქალბატონ დორის თქვენ იცნობთ ჩემი საიტიდან -
www.fereidani.ge - ქვეთავი 30, ”რთველი კახეთში, ბასილაშვილებთან”).
- შენ კახა ფერეიდნელი გაიცანი სკაიპში? დღეს იყო მოსული ჩემთან სამსახურში, თან ერთი ახალგაზრდა ახლდა - თემურ ტარტარაშვილი ჰერეთიდან, სუფრასთან ვიჯექით, მეტის თქმა ვერ მოასწრო, რადგან უნივერსიტეტში აგვიანდებოდათ, ის კი მითხრა, დორი გავიცანიო! როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
- შემოვიდა ჩემთან სკაიპში სასაუბროდ და სურათის მაგივრად ისპაჰანის ალავერდი-ხანის ხიდი ეყენა. რომ ვუთხარი ამის შესახებ, გადაირია. საიდან, ასეთი ინფორმაციაო? თან ხიდი ღამე იყო გადაღებული, განათებულ შენობას უფრო გავდა. მაგრამ, მე როგორც ერუდირებულმა ქალმა, მაშინვე აღვიქვი! მერე მითხრა, ფერეიდანიდან ვარო... რაღას გავუშვებდი ხელიდან და როცა სახელი მითხრა ვუთხარი, რომ დაუსწრებლად ვიცნობდი, ისიც ვუთხარი ახალ წელს შენთან ოჯახში რომ იყო. გადაირია! შენზეც ხომ ვილაპარაკეთ და შენს საიტზეც და აღმოჩნდა, რომ ზოგადად საერთო შეხებები გვქონდა, რასაც ფერეიდანი ჰქვია! ეს კი შენი დამსახურებაა! გაკვირვება გაუორმაგდა, როცა გაიგო რომ ამერიკაში ვცხოვრობდი. დიდხანს ვისაუბრეთ და დროებით დავემშვიდობეთ. ორივე გაოცებული ვსაუბრობდით დიდი ხნის ნაცნობობის შეგრძნებით, თუმცა არასოდეს შევხვედრივართ... გაოცებული იყო რა პატარაა სამყაროო... გკოცნი! დორი.
66-ე ქვეთავი, პუნქტი 7.